სამხრეთკორეული დრამა, Netflix-ის ყველა დროის ყველაზე ხშირად ნანახი სერიალია, – განაცხადა სტრიმინგკომპანიამ CNN–თან საუბრისას. 17 სექტემბრიდან, Netflix–ზე დებიუტიდან დღემდე – „Squid Game“ 111 მილიონმა მაყურებელმა ნახა.
სერიალი მსოფლიოს 94 ქვეყანაში ნომერ პირველია Netflix–ის ტოპ-10–ის სიაში. ეს არის პლატფორმის პირველი კორეული სერია, რომელიც შეერთებულ შტატებშიც ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.
Squid Game–ი დისტოპიური სერიალია, სადაც კონკურსანტები ფულადი პრიზების მოსაპოვებლად სხვადასხვა საბავშვო თამაშს თამაშობენ. წლის დასაწყისში Netflix– მა გამოაცხადა, რომ „Bridgerton“-ს, საშობაო დებიუტიდან, პირველი 28 დღის განმავლობაში 82 მილიონი ოჯახი უყურებდა, ხოლო „Squid Game“–მა ამ მაჩვენებელს გაცილებით უფრო მოკლე დროში მიაღწია. მონაცემები „Squid Games“–ის პოპულარობის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს.
ეს მონაცემები Netflix–მა გაასაჯაროვა და არ შემოწმებულა გარე წყაროების მიერ. ამასთან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიალს ყველამ თავიდან ბოლომდე უყურა. იგი დაფუძნებულია Netflix–ის ანგარიშების მეტრიკაზე, რომელიც მაყურებლად მიიჩნევს ადამიანს, რომელმაც სერიალს, სულ მცირე, ორი წუთის განმავლობაში უყურა.
ცნობისთვის, Netflix–ს ამჟამად 209 მილიონი გამომწერი ჰყავს და კომპანია გლობალური მასშტაბის აუდიტორიის მოსაზიდად მუშაობას განაგრძობს.