დღეს, 6 ივნისს, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესი რაკეტა Starship-ი მეოთხე სატესტო ფრენის ფარგლებში დედამიწის ორბიტისკენ გაუშვეს.
აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან თბილისის დროით 16:50 საათზე აფრინდა. Starship-ს რაკეტის პირველი საფეხური, Super Heavy დაგეგმილის შესაბამისად გამოეყო და ხმელეთისკენ დაშვება დაიწყო. მეორე საფეხურმა კი აღნიშნული მანევრის შემდეგ ორბიტისკენ აიღო გეზი.
Super Heavy, გაშვებიდან დაახლოებით 7 წუთში, მექსიკის ყურეში შეუფერხებლად დაბრუნდა. რაც შეეხება Starship-ს, მან ორბიტაზე დაახლოებით ერთი საათი დაყო, შემდეგ კი ინდოეთის ოკეანეში დაეშვა.
ცნობისთვის, წინა, მესამე საცდელი ფრენისას, Super Heavy დედამიწაზე დაბრუნებისას აფეთქდა. ამავე მისიისას, Starship-მა ორბიტამდე მიაღწია, თუმცა ატმოსფეროში შემოსვლის მცდელობისას მასთან კავშირი შეწყდა და აპარატი დაიკარგა.
SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.