თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრია ახალი კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი უდიდესი მსხვერპლი აღმოჩნდა, მაგრამ ვაქცინაციის მზარდი მაჩვენებლისა და მომხმარებლების ნორმალურობისაკენ დაბრუნების სურვილის ფონზე, ამ ინდუსტრიაში არსებულმა კომპანიებმა ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ ფეხზე წამოდგომა დაიწყეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ სტუმარმასპინძლობისა და კვების ინდუსტრიაში შემავალი კომპანიებიდან, პანდემიური შეზღუდვები ყველაზე ნაკლებად სწრაფი კვების სექტორზე აისახა, რაც, უმეტესწილად, ამგვარ რესტორნებში „დრაივ-ლაინების“ არსებობამ განაპირობა. ამ ტენდენციის ორი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი McDonald’s-ი და Starbucks-ი არიან, რომლებიც მსოფლიოს ორი ათასი უდიდესი კომპანიის რეიტინგის პირველ ხუთასეულში შემავალი მხოლოდ ორი სარესტორნო კომპანიაა.
Forbes-ის წლევანდელი რეიტინგის თანახმად, McDonald’s Corporation-ი მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, კვებისა და გართობის ინდუსტრიიდან – ეს გამარჯვება, როგორც უკვე აღინიშნა, უმეტესწილად კომპანიის რესტორნებში დრაივ-ლაინების არსებობითაა განპირობებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ დრაივ-ლაინები McDonald’s-ის ამერიკული რესტორნების 95%-ში და სხვა ქვეყნებში არსებული რესტორნების 2/3-ში არის ხელმისაწვდომი. ამრიგად, 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $5.67 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5%-იანი ზრდაა. ამასთანავე, 60%-ით გაიზარდა McDonald’s-ის ციფრული არხებით დაფიქსირებული გაყიდვების მაჩვენებელი – ამ მიმართულებით კომპანია საკუთარი ბიზნესის გაორმაგებას გეგმავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ოქტომბერს McDonald’s-მა დრაივ-ლაინების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვის შესახებ განაცხადა – ამ მიმართულებით, სწრაფი კვების გიგანტი IBM-თან თანამშრომლობს.
McDonald’s-ის მსგავსად, დრაივ-ლაინების სწრაფი განვითარების სტრატეგიას იზიარებს რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფი Starbucks-ი – კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჰოვარდ შულცის თქმით, დრაივ-ლაინებით ახალი ლოკაციების 90% იქნება აღჭურვილი. საინტერესოა, რომ გასულ წელს Starbucks-ის მიერ აშშ-ში მიღებული შემოსავლის 70% სწორედ დრაივ-ლაინებსა და ონლაინგაყიდვებმა შეადგინა.
სარესტორნო ბიზნესში არსებულ კომპანიებს შორის Forbes-ის ზოგად რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი Darden Restaurants-მა დააფიქსირა, რომელიც წლიდან წლამდე 638 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგში 980-ე ადგილი დაიმსახურა. საინტერესოა, რომ Darden Restaurants-ში შემავალი რესტორნების უდიდესი ნაწილი დასაჯდომი ტიპისაა, კომპანიის მიერ შარშან დაფიქსირებული შემოსავლის 12% ციფრულმა ტრანზაქციებმა შეადგინა.
პანდემიის პირველ ხანებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ განსაკუთრებული დარტყმა მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, ინდუსტრია ფეხზე წამოდგომას ახერხებს. მარტში, აშშ-ში სასტუმროების მიერ თითო ნომერზე დაფიქსირებული საოპერაციო მოგების საშუალო მაჩვენებელმა (GOPPAR) საუკეთესო შედეგი აჩვენა 2019 წლის ნოემბრის შემდეგ. Baird/STR-ის სასტუმროების აქციათა ინდექსს რაც შეეხება, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ის 3.1%-ით გაიზრდა.
პანდემიის შემდეგ გამოკეთდა სათამაშო ბიზნესიც – American Gaming Association-ის თანახმად, 2021 წელს სათამაშო ბიზნესმა $53 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია და 2019 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს – $44 მილიარდს, 20%-ით აღემატება.
სტუმარმასპინძლობის, კვებისა და გართობის ინდუსტრიის მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგის პირველ თხუთმეტეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.
McDonald’s Corporation
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $23.2 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $185 მილიარდი
Starbucks Corporation
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $30.3 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $89.6 მილიარდი
Marriott International, Inc.
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $13.8 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $58.7 მილიარდი
MGM Resorts International
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $9.7 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $17.9 მილიარდი
Compass Group PLC
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
შემოსავალი: $24.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $39 მილიარდი
Restaurant Brands International Inc.
ქვეყანა: კანადა
შემოსავალი: $5.7 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $27.2 მილიარდი
YUM! Brands, Inc.
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $6.6 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $35.3 მილიარდი
You China Holdings, Inc.
ქვეყანა: ჩინეთი
შემოსავალი: $9.9 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $17.4 მილიარდი
Darden Restaurants, Inc.
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $9.3 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $16.7 მილიარდი
Caesars Entertainment
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $9.3 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $16.7 მილიარდი
Carnival Corporation
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $3.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $21.5 მილიარდი
Chipotle Mexican Grill, Inc.
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $7.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $41.5 მილიარდი
Flutter Entertainment Plc
ქვეყანა: ირლანდია
შემოსავალი: $8.3 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $18.7 მილიარდი
Royal Caribbean Group
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $1.5 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $20.8 მილიარდი
Hilton, Inc.
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი: $5.8 მილიარდი
საბაზრო ღირებულება: $42.8 მილიარდი