მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები განსაკუთრებულად კარგ შედეგს საბაზრო ტურბულენტობის დროს აფიქსირებენ და გამონაკლისი არც ეს წელი აღმოჩნდა – მაშინ, როცა S&P 500-ის ინდექსმა 16%-იანი დაღმავლობა განიცადა, ამ ინდექსში შემავალი სადაზღვევო კომპანიების ღირებულება მხოლოდ 2%-ით შემცირდა.

მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი საჯარო კომპანიის რეიტინგში, რომელსაც Forbes-ი კომპანიების შემოსავალზე, მოგებაზე, აქტივებსა და საბაზრო ღირებულებაზე დაყრდნობით ყოველწლიურად ადგენს, წელს 105 სადაზღვევო კომპანია მოხვდა – მეტიც, უდიდესი ასი კომპანიიდან თერთმეტი სწორედ სადაზღვევო კომპანიაა. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა მასში შემავალი კომპანიების წარმომავლობის მიხედვით – მხოლოდ პირველ ათეულში კომპანიები ჩინეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჰონგ-კონგიდან და შვეიცარიიდან გვხვდება.

წინა წლის მსგავსად, მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო კომპანიის ტიტულს წელსაც ჩინური Ping An Group-ი დაეუფლა, თუმცა გარკვეული დაღმავლობა კომპანიას მაინც ჰქონდა, რადგან უდიდესი კომპანიების ზოგად რეიტინგში მისი პოზიცია თერთმეტი საფეხურით შემცირდა. 2021 წელს Ping An Group-ის მოგება 29%-ით შემცირდა და $15.7 მილიარდი შეადგინა, რაც უმეტესწილად $6.4-მილიარდიანი ზარალითაა განპირობებული, რომელიც დადეფოლტებულმა დეველოპერულმა კომპანიამ, China Fortune Land Development-მა იწვნია. საერთო ჯამში, 2021 წელს Ping An-მა დეველოპერულ სექტორში $32 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, რამაც კომპანიის მთლიანი საინვესტიციო აქტივების 5.5% შეადგინა.

ცუდ მდგომარეობაში მყოფ დეველოპერულ ბაზართან ამგვარი სიახლოვე Ping An-ს ძვირად დაუჯდა – 2021 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციათა ღირებულება 50%-ითაა შემცირებული. თუმცაღა, ამის მიუხედავად, კომპანიას სტაბილური ფინანსური მაჩვენებლები აქვს – 2021 წელს Ping An-მა $181 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წლიდან წლამდე 7%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო კომპანიის მომხმარებელთა ბაზა 19 მილიონით გაიზარდა და 227 მილიონი ადამიანი შეადგინა. საინტერესოა, რომ სადაზღვევო ბიზნესის გარდა, კონგლომერატი საბანკო, აქტივების მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სექტორებშიც არის წარმოდგენილი – კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა $1.6 ტრილიონს უდრის.

საინტერესოა, რომ ჩინური სადაზღვევო სექტორისგან განსხვავებით, ამერიკული სადაზღვევო კომპანიებისთვის გასული წელი უარყოფითი ნამდვილად არ ყოფილა – პირიქით, მათ, როგორც წესი, შარშანდლის მსგავსი ან უკეთესი შედეგები დააფიქსირეს. ამერიკის უდიდესმა სადაზღვევო კომპანიამ, UnitedHealth Group-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 21-ე ადგილი დაიმსახურა – $298-მილიარდიანი შემოსავალი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს დააფიქსირა, რიგით მეშვიდე საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში არა მხოლოდ  სადაზღვევო, არამედ ყველა სხვა პროფილის კომპანიებს შორის. ამასთანავე, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კომპანიის აქციათა ღირებულება 25%-ითაა გაზრდილი.

მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს გერმანული Allianz-ი, ფრანგული AXA და ჩინური China Life Insurance Co. დაეპატრონენ. მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.

Ping An Insurance Company of China

ქვეყანა: ჩინეთი
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 17
საბაზრო ღირებულება: $121.69 მილიარდი

UnitedHealth Group Incorporated

ქვეყანა: აშშ
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 21
საბაზრო ღირებულება: $490.15 მილიარდი

Allianz

ქვეყანა: გერმანია
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 35
საბაზრო ღირებულება: $96.42 მილიარდი

AXA SA

ქვეყანა: საფრანგეთი
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 48
საბაზრო ღირებულება: $65.75 მილიარდი

China Life Insurance Co.

ქვეყანა: ჩინეთი
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 71
საბაზრო ღირებულება: $43.02 მილიარდი

AIA Group Limited

ქვეყანა: ჰონგ-კონგი
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 73
საბაზრო ღირებულება: $120.19 მილიარდი

MetLife, Inc.

ქვეყანა: აშშ
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 74
საბაზრო ღირებულება: $57.39 მილიარდი

Zurich Insurance Group

ქვეყანა: შვეიცარია
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 80
საბაზრო ღირებულება: $69.22 მილიარდი

Cigna Corporation

ქვეყანა: აშშ
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 84
საბაზრო ღირებულება: $81.21 მილიარდი

American International Group

ქვეყანა: აშშ
ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 90
საბაზრო ღირებულება: $48.73 მილიარდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.