Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

გასულ კვირას, ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე, Subaru-მ, რომელიც ელექტრომანქანების ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ახალი მოთამაშეა, რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანა წარმოადგინა. Subaru STI E-RA-ს, რომელიც ამ ეტაპზე კონცეპტუალურ მოდელად რჩება, Yamaha-ს წარმოების ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლითაც მანქანას 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. ამასთანავე, მანქანა საგრძნობ მიმჭერ ძალას ავითარებს, რაც სრულამძრავიან ტრანსმისიის ტიპთან და მგრეხი მომენტის უნიკალურ სისტემასთან ერთად, მანქანის გზასთან მოჭიდებას და სტაბილურ სვლას უზრუნველყოფს.

STI E-RA Concept | ფოტო: Subaru

აღსანიშნავია, რომ Subaru-ს სუპერქარი 60 კვ/სთ-ის მოცულობის ელექტრობატარეითაა აღჭურვილი, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2023 წელს ეს მანქანა ნიურბურგრინგის ერთ წრეს 6 წუთსა და 40 წამში დაფარავს. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი Volkswagen ID.R-ზე ნაკლებია (6 წუთი და 5 წამი), მაგრამ გაცილებით აღემატება Tesla Model S Plaid-ის მიერ დაფიქსირებულ დროს (7 წუთი და 35 წამი). აღსანიშნავია, რომ ნიურბურგრინგამდე, Subaru E-RA-ს იაპონურ ავტოდრომებზე გამოცდიან.

ახალი ელექტროსუპერქარის გარდა, Subaru-მ საკუთარი წარმოების კროსოვერის, Solterra STI-ს კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა, რომელსაც სახურავისა და გვერდითი გარსშემომდენის სპოილერების გარდა სხვა სიახლეებიც აქვს, რომლებიც მანქანის სიმძლავრეს უსვამენ ხაზს.

Solterra STI Concept | ფოტო: Subaru

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელექტროსუპერქარის წარმოდგენით, Subaru-მ, ერთი მხრივ, დაადასტურა, რომ ავტოსპორტში გარკვეული ამბიციები აქვს, ხოლო მეორე მხრივ  განაცხადი გააკეთა, რომ სხვადასხვა ტიპის ელექტრომანქანების წარმოება მასაც შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Subaru შედარებით გვიან გამოჩნდა, VW-თან, Mercedes-თან და GM-თან კონკურირებისთვის, იაპონურ გიგანტს მუშაობა აჩქარებული ტემპით მოუწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.