SWIFT-ი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ახალ პლატფორმას გაუშვებს

SWIFT-ი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ახალ პლატფორმას გაუშვებს

ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა SWIFT-ი, უახლოეს ორ წელიწადში, ციფრული ვალუტის ახალ პლატფორმას გაუშვებს. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით, SWIFT-ი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მზარდი რაოდენობისა და არსებული ფინანსური სისტემის დაკავშირებას გეგმავს.

გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ეკოსისტემისთვის (CBDC) და SWIFT-ს საკვანძო როლს მიანიჭებს გლობალურ საბანკო საქმეში. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პირველი მსხვილი ოპერაციების გაშვება დაიწყება. მსოფლიოს ცენტრალური ბანკების დაახლოებით 90% ამჟამად თავისი ვალუტების ციფრულ ვერსიებს იკვლევს, უმეტესობას კი არ სურს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ჩრდილქვეშ აღმოჩნდეს.

SWIFT-ის ინოვაციების ხელმძღვანელის ნიკ კერიგანის განცხადებით, ბოლო ტესტირებას 6 თვე დასჭირდა და მასში ცენტრალური ბანკების, კომერციული ბანკებისა და ანგარიშსწორების პლატფორმების 38 წევრი ჯგუფი მონაწილეობდა. ეს იყო უდიდესი გლობალური თანამშრომლობა CBDC-სა და „ტოკენიზებულ” აქტივებზე, რომელიც დღემდე გამართულა.

ახალი პლატფორმის დახმარებით, სხვადასხვა ქვეყნის CBDC-ების ერთად გამოყენება მოხდება მაშინაც კი, როდესაც ისინი განსხვავებული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების მიხედვით იქნება შედგენილი. შედეგად, შემცირდება სისტემის ფრაგმენტაციის რისკებიც. მათი გამოყენება სავალუტო ან უფრო მეტად კომპლექსური გადახდების დროსაც იქნება შესაძლებელი, ავტომატიზება კი მუშაობის დაჩქარებასა და პროცესების ხარჯის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია და იამაიკა, ფუნქციონირებადი CBDC-ები უკვე აქვთ. ევროპის ცენტრალურ ბანკს აქვს ციფრული ევრო, ხოლო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი მრავალჯერად ტრანსსასაზღვრო ოპერაციებსაც ასრულებს.

თუმცა SWIFT-ის მთავარი უპირატესობა მისი უკვე არსებული ქსელია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 11,500-ზე მეტ ბანკსა და ფონდს აკავშირებს. აღნიშნული ორგანიზაციები SWIFT-ს ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარის გადასაგზავნად იყენებენ.