პარიზის წამყვანმა ტაქსის კომპანია G7-მა Tesla-ს Model 3 მანქანების გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც შაბათ-კვირას Model 3-ის ერთ-ერთი მანქანის ავარია ფატალური შედეგით დასრულდა.
G7-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, იან რიკორდელის განცხადებით, საგზაო შემთხვევა შაბათს მოხდა, როდესაც ტაქსის მძღოლს ოჯახი რესტორანში მიჰყავდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ტაქსი ერთ ველოსიპედისტს და სამ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, შემდგომ კი – ფურგონს.
G7-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი თავის ავტოპარკში 37 ერთეული Tesla Model 3 მანქანის გამოყენებას პოლიციის გამოძიების დასრულებამდე შეაჩერებენ.
Tesla-ს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, მანქანის ტექნიკური დისფუნქცია გამოირიცხა. G7-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მძღოლმა დამუხრუჭება სცადა, მაგრამ მანქანა აჩქარდა. გაურკვეველია, იყო თუ მანქანა ავტოპილოტის რეჟიმზე.
„ჩვენ გამოძიების დასრულებამდე Tesla Model 3-ის ავტომობილებს აღარ გამოვიყენებთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო ჩვენი მძღოლების, მომხმარებლებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის“,- აღნიშნა რიკორდელმა.
Tesla მისი მანქანების სენსორებიდან და კამერებიდან დეტალურ მონაცემებს აგროვებს, რათა გააპროტესტოს პრეტენზიები, რომ უბედური შემთხვევები თითქოს ტექნოლოგიის გაუმართაობით უყო გამოწვეული.
G7 პარიზის ერთ-ერთი უდიდესი ტაქსის კომპანიაა, 9000 დაქირავებული მძღოლით, რომლებიც დამოუკიდებელი ოპერატორები არიან და საკუთარი მანქანებით მუშაობენ. G7-ის ფლოტის ნახევარი ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანებია და კომპანია მიზნად ისახავს 2027 წლისთვის 100%-ით მწვანე ფლოტის შექმნას.