TAX FREE - საავტომობილო სერვისების შესაძლებლობა საქართველოსთვის

TAX FREE - საავტომობილო სერვისების შესაძლებლობა საქართველოსთვის

საქართველოს ავტომაგისტრალებზე ყოველწლიურად 300,000-ზე მეტი სატრანზიტო ტრაილერი მოძრაობს. რეგიონის თითოეული ქვეყანა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საქართველოს გზებით სარგებლობს, იქნება ეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი თუ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტი. ქვეყანას ყოველდღიურად 900-ზე მეტი მძიმე სატვირთო კვეთს, რომელთაც დღეში 17,000 ტონამდე პროდუქტები გადააქვთ.

ამ სატრანსპორტო ნაკადს მოაქვს შემოსავალი როგორც ეკონომიკისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რადგანაც საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების გადატანისთვის სპეციალური მოსაკრებელია დაწესებული. 2010 წლიდან თითოეული ავტომობილი 200-ლარიან გზათსარგებლობის საფასურს იხდის, საიდანაც წელს ბიუჯეტში 54.4 მილიონი ლარი შევიდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2021 წლის 10 თვეში საქართველო 271,000-მა სატვირთო ტრაილერმა გადაკვეთა. ეს სატრანზიტო ნაკადი წინა წელთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.

საგადასახადო შემოსავალთან ერთად, ეს არის შემოსავლის წყარო რეგიონული კვების პუნქტებისთვის, ბენზინგასამართი სადგურებისა თუ ჰოსტელებისთვის. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ათობით მილიონი ლარის გენერირება შეუძლია, ესაა ე.წ. „უბაჟო სერვისების“ მიწოდება. ისევე როგორც საერთაშორისო აეროპორტების ტერმინალების Duty Free-სექციებში იყიდება ღვინო, სუნამო თუ თამბაქოს ნაწარმი, ასევე არის შესაძლებელი, რომ ქართულმა ბიზნესმა სახელმწიფოსთან კოორდინაციით შექმნას სივრცე, რომელშიც ათასობით სატრანზიტო ავტომობილს საგადასახადო შეღავათით სხვადასხვა სახის ავტოსერვისს მიაწვდის.

„თეგეტა მოტორსმა“, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ავტოდილერია, 2016 წელს სწორედ ეს სატრანსპორტო ნაკადი ბიზნესშესაძლებლობად აქცია და მომხმარებლებს დღგ-სგან თავისუფალი ავტოსერვისი შესთავაზა.

„თეგეტას“ ამ მომსახურებას Tax Free ეწოდება და მისთვის კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 8 სერვისცენტრი და 10 ავტომანქანა მობილური სერვისებისთვის აღჭურვა, სადაც საბურავების შეძენისა და დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელს დღგ-ის თანხა უკან უბრუნდება. ამისთვის, საბურავის მონტაჟისას, ხდება მისი უნიკალური ნომრის იდენტიფიცირება და შესაბამის დოკუმენტში გადატანა.

ამის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს ინვოისი საბაჟო გამშვებ პუნქტზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, ის დახარჯული თანხის ნაწილს უკან იბრუნებს.

სატრანზიტო სატვირთოებისათვის Tax Free-სერვისი ინოვაცია აღმოჩნდა და გამომდინარე ბენეფიტებიდან, რომლებსაც ისინი იღებენ, უმრავლესობა მათგანი საბურავების შესაძენად სწორედ საქართველოში სტუმრობს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ სერვისის ფარგლებში წამყვანი ბრენდების: Bridgestone-ის, Michelin-ის, Continental-ის საბურავების რეალიზაცია ხდება. გაყიდვების მხრივ, ყოველწლიურად ათასობით სატრანზიტო ავტომობილი სარგებლობს Tax Free-სერვისით.

თავად ქართულ უბაჟო ავტოსერვისს განვითარების ფართო შესაძლებლობა აქვს: მომხმარებელთა ნაკადზე მორგებული პირობების შემუშავებით და შემოსავლების სამსახურთან ერთად პროცედურების გამარტივებით, შესაძლებელია ისიც ისეთივე პოპულარულ მომსახურებად იქცეს, როგორიც ტრადიციული Duty Free სავაჭრო ცენტრებია.

საქართველოს გავლით სატრანზიტო სატვირთოების რაოდენობა 2015-2021 წლებში

წყარო: შემოსავლების სამსახური

სატრანზიტო სატვირთოების სტატისტიკა დანიშნულების ქვეყნების მიხედვით 2020 წლის მდგომარეობით

წყარო: შემოსავლების სამსახური