„ჭორები მართალია“: Gucci-მ და Balenciaga-მ ძალები გააერთიანეს

„ჭორები მართალია“: Gucci-მ და Balenciaga-მ ძალები გააერთიანეს

„ჭორები მართალია“:Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა და Gucci-მ ძალები გააერთიანეს. ხუთშაბათს Gucci-მ ბრენდის 100 წლის იუბილესთვის მიძღვნილი  მასშტაბური ღონისძიება გამართა. ჩვენებაზე მოდელები ორივე მოდის სახლის ერთობლივი ნამუშევრებით წარდგნენ,  რომლებზეც დატანილი იყო როგორც Gucci-ს, ასევე Balenciaga-ს ლოგოები. Gucciaga თუ Balucci – ასე უწოდებენ „გაერთიანებულ ბრენდებს“ მოდის ჟურნალისტები.

წელს, პირველი კოლექციის, Aria-ს წარდგენის შემდეგ, დემნა გვასალია და Gucci-ს კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე Instagram-ზე ერთმანეთს გაესაუბრნენ. გვასალიამ დაწერა, რომ მისი პირველი სუნამო მცირე ზომის Gucci Envy-ის ნიმუში იყო  – ერთადერთი სუნამო, რომლის ყიდვაც პოსტსაბჭოთა საქართველოში შეიძლებოდა. მისივე თქმით, მაშინ ნაყიდი Gucci-ს ნიმუში ახლაც სახლში აქვს. თავის მხრივ, ალესანდრომ დაუკომენტარა, რომ მას სურდა ტომ ფორდის ეპოქის შარვლის ყიდვა, თუმცა ამის ფული არ ჰქონდა.

„ძალიან მომწონს, დღეს როგორც არის ყველაფერი შერეული – 70-იანების, 90-იანების და 2000-იანების სტილი. ყველაფერი მართლა შესაძლებელია. მოდა წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიქსს ჰგავს. სწორედ ეს ქმნის მას განსაკუთრებულსა და მიმზიდველს“, – დაწერა დემნა გვასალიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთის კონკურენტი, ეს ორი სამოდელო სახლი ერთიან პროდუქტს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია “ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი 2015 წლიდანაა. გვასალიამ პირველი ჩვენება 2016 წლის გაზაფხულზე მოაწყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. დებიუტიდან 6 თვეში “ბალენსიაგა“ პოდიუმზე აქტიურად დაბრუნდა. ამერიკის მოდის საბჭომ, დემნა 2016 წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა.  გვასალიამ ბრენდის ისტორიაში პირველად წარადგინა მამაკაცის ტანსაცმელი. კრისტობალ ბალენსიაგას შემდეგ, ფაქტობრივად, გვასალიამ პირველად დააბრუნა “ბალენსიაგა“ მაღალ მოდაში. წარმატება კომპანიის შემოსავლებშიც აისახა, 2019 წელს ბრენდმა რეკორდული შემოსავალი გამოიმუშავა. არსებობს მოლოდინიც, რომ Gucci-ს შემდეგ Balenciaga ჰოლდინგ “კერინგის“ ბრენდებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გახდება.