ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანია ,,ვეზირი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანია ,,ვეზირი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე „ვეზირის“ გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ანთაძე გვიყვება.

დავით, გვიამბეთ კომპანიის შესახებ, რა არის თქვენი საქმიანობის სფერო?

კომპანია „ვეზირი“ უკვე 25 წელია, ბაზარზეა და ამ დროის მანძილზე ჩვენ შევძელით, ქვეყნის სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრატორი გავმხდარიყავით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ტელეკომუნიკაცია, IT, უსაფრთხოება, SCADA და ტელემეტრია. ჩვენი პროდუქტების არასრული ჩამონათვალი მოიცავს: ხანძრის ავტომატურ დეტექციას, ხმოვან ევაკუაციასა და ხანძრის ავტომატურ ქრობას, შეღწევის საწინააღმდეგო და შეზღუდულ დაშვების სისტემებს, ვიდეომეთვალყურეობას, პარკირების სისტემას, შენობების მართვის ინტეგრირებულ სისტემას, სასერვერო სივრცისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ციფრულ რადიოკავშირს, საკონტაქტო  ცენტრებს, ხმის ბიომეტრიას და სხვას.

რა გამოარჩევს „ვეზირს“ სხვებისგან? რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი უპირატესობა სისტემური ინტეგრირებული გადაწყვეტები, საერთაშორისო სტანდარტები, უკომპრომისოდ მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდია.

კომპანიის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს საიმედო და მრავალწლიანი პარტნიორობა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Milestone-ი, Salto,  Honeywell-ი, Genesys-ი, Alcatel-Lucent-ი, Verint-ი, Nokia და სხვები. ჩვენ 50-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს და ეს დიდწილად  განაპირობებს იმას, რომ „ვეზირი“ უცვლელად მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და დარგის მოწინავე პარტნიორებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მოსალოდნელ გამოწვევებს.

კომპანიის საქმიანობაში რა მნიშვნელოვან მოვლენას გამოარჩევდით ბოლო პერიოდიდან?

2021 წელს „ვეზირი“ გახდა Milestone-ის ბრენდის პირველი და ერთადერთი პლატინის პარტნიორი რეგიონში. პლატინის სტატუსმა საშუალება მოგვცა, მიგვეღო უმაღლესი დონის სწავლება და სერტიფიცირება, რათა ბრენდის მიერ შემუშავებული გადაწყვეტების დიზაინი, მონტაჟი და კონფიგურაცია განვახორციელოთ. კომპანიას მიენიჭა უფლება, გაყიდოს Milestone-ის როგორც გადაწყვეტების, ისე პროდუქტების სრული ასორტიმენტი.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ  ახალი პროდუქტებისა და მიმართულებების განვითარებას. წელს  კომპანიამ ბიზნესს შესთავაზა ახალი გადაწყვეტა, მრავალარხიანი ქოლ-ცენტრის პლატფორმა – Ameyo. ეს პლატფორმა კომპანიებს უმარტივებს მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებასა და მათ შეუფერხებელ მხარდაჭერას, რაც პანდემიურ რეალობაში ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა, გარდა ამისა, პლატფორმის დახმარებით ბევრად უფრო ეფექტიანადაა შესაძლებელი მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება და ანალიზი, დებიტორული დავალიანებების მენეჯმენტი, Helpdesk-ის, ტელეგაყიდვებისა და მარკეტინგული კამპანიების წარმოება. პლატფორმა აერთიანებს ისეთ საკომუნიკაციო საშუალებებს როგორიცაა Voice-ი, IVR, ACD, Dialers-ი, Email-ი, Web-Chat-ი, Instagram-ი, Twitter-ი, Facebook-ი, WhatsApp-ი და სხვა.

რა გავლენა იქონია თქვენი კომპანიის საქმიანობაზე კოვიდპანდემიით გამოწვეულმა რეალობამ?

მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიას არ შეუწყვეტია საქმიანობა და კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას არაერთ მსხვილ პროექტზე. გარდა ამისა, ვცდილობთ, სტრუქტურულად კიდევ უფრო დავხვეწოთ გაყიდვების მიმართულება. გაყიდვების დეპარტამენტი ცალკეულ მიმართულებებად დავყავით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ჩვენს საქმიანობას და ხელს უწყობს როგორც გაყიდვების ზრდას, ისე ცალკეული მიმართულებისა და პროდუქტის განვითარებას.

იქნებ გვესაუბროთ ბოლო დროს განხორციელებულ პროექტებზე?

ბოლო პერიოდის პროექტებიდან მინდა გამოვყო რამდენიმე:

„გალერია თბილისი“ – აქ ჩვენ მოვაწყვეთ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბისა და ფუნქციონალის მქონე პარკირების სისტემა, რომელიც აერთიანებს ორ ქვესისტემას: პარკირების მართვასა და გადახდის უზრუნველყოფას. „გალერიას“ ასევე შევთავაზეთ ინტეგრირებული საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები, შევასრულეთ ქსელის პასიური ინფრასტრუქტურის მოწყობა და უკაბელო Wi-Fi სისტემის მონტაჟი. ელექტრონული უსაფრთხოების თითოეული სისტემა ინტეგრირებულია Appvision-ის მართვისა და მონიტორინგის ერთიან პლატფორმაში (PSIM Platform), რაც შესაძლებელს ხდის შემთხვევის წინასწარ განსაზღვრას და პრევენციას. „ვეზირი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს ე.წ. PSIM (Physical security information management) პლატფორმის დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება და ჰყავს სერტიფიცირებული ინჟინრები.

კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. 2020 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში და შევასრულეთ ლოკალური ქსელის ინფრასტრუქტურის მიწოდებისა და თანამდევი მონტაჟის სამუშაოები. კომპანიამ მიიღო გამოწვევა, რომ პროექტირების პროცესში შეგვედგინა გადართვა /დაერთების ისეთი გეგმა, რომ ჩვენ მიერ დაპროექტებული სისტემების ინსტალაცია, ტესტირება და გაშვება მომხდარიყო ძველი ტერმინალის ოპერირების შეჩერების გარეშე, ფუნქციონირებად აეროპორტში, მხოლოდ მცირედი და არაარსებითი შეფერხებების დაშვებით.

ხელშეკრულების ფარგლებში, მოვაწყვეთ ლოკალური ქსელის პასიური ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობდა ქსელის საკაბელო ინფრასტრუქტურის სატერმინაციო და სასერტიფიკაციო სამუშაოებს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას, ტერმინაციას და სერტიფიკაციას, სასერვერო ოთახებში საკომუნიკაციო და სასერვერო კარადების მოწყობას და მათში პასიური და აქტიური საქსელო მოწყობილობების განთავსებას. ოფისებში მოეწყო ქსელის დაერთების წერტილები.

ბოლო დროის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სასტუმრო Le Meridien-ი და სამორინე Empire „ბათუმი თაუერში“, სადაც ჩვენ  წარმატებით დავნერგეთ IT, სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების გადაწყვეტები. სასტუმროსა და სამორინეში დაინერგა Aruba-ს (HPE) თანამედროვე Wifi სისტემა და შიდა საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო სამორინე Empire-ში დანერგილი Genetec-ის ბრენდის  ვიდეომეთვალყურეობის  მენეჯმენტის სისტემა.

მოდი, მოკლედ შევეხოთ სამომავლო გეგმებსაც. რას გეგმავს კომპანია უახლოეს მომავალში?

წელს საიუბილეო წელი გვაქვს და ვცდილობთ, გარკვეულწილად შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა,  და მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი თანამედროვე პროდუქტი,  სამომავლო გეგმები კი გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით დავსახოთ. უახლოეს პერიოდში ვფიქრობთ, კიდევ უფრო განვავითაროთ ბიზნესგადაწყვეტების  მიმართულება და ასევე ელექტრობის სისტემური გადაწყვეტები. გარდა ამისა, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, შევისწავლოთ, რა საჭიროების წინაშე დგას თანამედროვე ბიზნესი და საზოგადოება ჩვენს სფეროში, რა შეიძლება გახდეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხვალ და აქედან გამომდინარე მუდმივად ვმუშაობთ ახალ კრეატიულ და ინოვაციურ იდეებზე, რომ ყოველთვის შევძლოთ მომხმარებლისთვის   იდეალური გადაწყვეტის შეთავაზება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *