ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, 40,000-ზე მეტი Cybertruck-ი უკან გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი პოტენციური დეფექტია, რამაც შესაძლოა მოძრაობისას გარე პანელის ნაწილის ჩამოვარდნა გამოიწვიოს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის.
აშშ-ის ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული პრობლემის წინაშე შეიძლება 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2025 წლის 27 თებერვლამდე წარმოებული მოდელები აღმოჩნდეს. მომხმარებელმა ხარვეზთან დაკავშირებით პირველად Tesla-ს 7 იანვარს მიმართა, 13 იანვარს კი კომპანიამ შიდა მოკვლევა დაიწყო. 15 მარტის მდგომარეობით, ავტომწარმოებელმა 151 საგარანტიო პრეტენზია მიიღო, თუმცა, კომპანიის განცხადებით, მისთვის შეჯახების ან დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
Tesla აღნიშნული მოდელების მფლობელების 19 მაისამდე ინფორმირებას გეგმას. კომპანიის განცხადებით, დეფექტიანი ნაწილები სრულიად უფასოდ ჩანაცვლდება.
ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც კომპანია Cybertruck-ებს უკან იწვევს, რაც მიანიშნებს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც Tesla ელექტროპიკაპების წარმოებისას დგას. მაგალითად, 2024 წელს Tesla-მ აშშ-ში 5.1 მილიონი ავტომობილი გაიწვია – ყველაზე მეტი ავტომწარმოებლებს შორის.
გასულ წელს აშშ-ში უკან გამოხმობილი ავტომობილების 21% Tesla-ს მოდელებზე მოდიოდა, მაშინ როდესაც 2023 წელს კომპანიის წილი გაყიდვებში მხოლოდ 4.2% იყო.