ნიუ-იორკის სასამართლომ ინდოელ მილიარდერ გაუტამ ადანს ბრალი წარუდგინა. ამერიკის შეერთებული შტატები კონგლომერატ Adani Enterprises-ის დამფუძნებელს $250-მილიონიანი თაღლითური სქემის ორგანიზებას ედავება.
პროკურორების მტკიცებით, ადანი და მისი გუნდი, კომპანიებისთვის მოგებიანი ბიზნესგარიგებების მისაღებად, კორუფციულ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის იყო ინდოელი მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის შეთავაზება, რათა Adani Green Energy-ისთვის სასურველი კონტრაქტები მოეპოვებინათ. ამ გარიგებებით, ადანის განახლებადი ენერგიის ბიზნესს, 20 წლის განმავლობაში, $2 მილიარდზე მეტის მოგება უნდა მიეღო.
სასამართლო ბრალდების თანახმად, ადანის გუნდი არალეგალურ საქმიანობას აშშ-ისგან მალავდა და მოტყუებით, ინვესტორებისგან დაფინანსების მიღებას აგრძელებდა. მარეგულირებლის მტკიცებით, ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადებების მეშვეობით, მათ ამერიკელი ინვესტორებისგან $175 მილიონის შეგროვება მოახერხეს.
ხუთშაბათს, ინდოეთში სავაჭრო სესიის დაწყების შემდეგ, გაუტამ ადანის კონგლომერატის, Adani Enterprises-ის აქციების ღირებულება 21.55%-ით, $26.22-მდე დაეცა. ხოლო Adani Green Energy-ის აქციების ფასი, რომელიც პირდაპირ კავშირშია იუსტიციის დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნასთან, 17.57%-ით, $13.79-მდე დავარდა.
საბრალდებო დასკვნის შემდეგ, Adani Green Energy-მ დაგეგმილი $600 მილიონის ღირებულების ობლიგაციების გაყიდვის პროცესიც შეაჩერა. კომპანიის მიერ ბომბეის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი განცხადების თანახმად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, კონგლომერატის შვილობილმა კომპანიებმა აშშ დოლარში ობლიგაციების შეთავაზების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება Adani Enterprises-ში შემავალ სხვა კომპანიებს – აშშ-ის საბრალდებო დასკვნის გავლენით, თითქმის 11.5%-ითაა შემცირებული Adan Power-ის აქციების ღირებულება, Adani Ports-ის 17.5%-ით, Adani Energy Solutions-ის 19%-ით, ხოლო Adani Total Gas-ის 13%-ით.
კონგლომერატში შემავალი ფირმების აქციების ღირებულების ვარდნის შედეგად, გაუტამ ადანი $12.5 მილიარდით გაღარიბდა. ინდოეთის მეორე უმდიდრესი ადამიანი ამჟამად Forbes-ის სიაში, $57.7 მილიარდით, 25-ე ადგილს იკავებს.