ორგანიზაცია European Best Destinations-მა ახალი წლის ღამის გასატარებლად საუკეთესო ადგილების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისიც მოხვდა.
ცნობისთვის, სია ეფუძნება 112 ქვეყნიდან 11,963 მოგზაურის გამოკითხვას, რომელშიც, ძირითადად, მონაწილეობა მიიღეს მოგზაურებმა დიდი ბრიტანეთიდან (22.42%) და აშშ-დან (18.91%).
სიაში პირველ ადგილზე პორტუგალიური კუნძული მადეირაა, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის საუკეთესო ადგილი ახალ წელთან შესახვედრად. ეს განპირობებულია კომფორტული სუბტროპიკული კლიმატით, ბუნებით, მრავალფეროვანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით, მათ შორის, ისტორიული ბელმონდ-რეიდის სასახლით, სადაც ჯორჯ ბერნარდ შოუ ტანგოს სწავლობდა და უინსტონ ჩერჩილი თავის მემუარებს წერდა. მადეირა ასევე არის ცნობილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბადების ადგილი.
მეორე ადგილზე ესპანური მარბელაა, მესამეზე – ლონდონი, თბილისი კი ჩამონათვალში მეხუთე ადგილს იკავებს.
„თბილისი ალბათ ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც განპირობებულია საცხოვრებელი ფართის მიმზიდველი ფასებით (ხუთჯერ იაფი, ვიდრე ლონდონში ან პარიზში – ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა იგივე ჯდება, რაც ბერლინში – სამვარსკვლავიანში), უსაფრთხოებით (დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი) და ბრიტანელი თუ ამერიკელი მოგზაურებისთვის მარტივი მიმოსვლით (სპეციალური უვიზო რეჟიმი).
ის ასევე რჩეული ადგილია საკვებისა და ღვინის მოყვარულთათვის. საშობაო და საახალწლო ზეიმისთვის ლამაზად მორთული თბილისი საშობაო განწყობას იანვრის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნებს. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი საჯარო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზრობა კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია“, – წერს European Best Destinations-ი.
ახალი წლის ღამის გასატარებლად ევროპაში საუკეთესო ადგილების ათეული:
- მადეირა, პორტუგალია;
- მარბელა, ესპანეთი;
- ლონდონი, ინგლისი;
- ლისაბონი, პორტუგალია;
- თბილისი, საქართველო;
- პრაღა, ჩეხეთი;
- იბიცა, ესპანეთი;
- სან-მიგელი, პორტუგალია;
- ედინბურგი, შოტლანდია;
- პორტო, პორტუგალია.