თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაცია “Consumer Choice Center”-მა გამოაქვეყნა ინდექსი, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი მათი ღიაობის მიხედვით გაზიარებითი ეკონომიკისადმი.
ინდექსი თავის მხრივ პირველია და გამოყენებულ იქნება მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.
ინდექსის მიხედვით პირველ ათეულში შევიდნენ: ტალინი, ვილნიუსი, რიგა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ვარშავა, კიევი, სან-პაულუ, თბილისი და ჰელსინკი.
სიის ბოლოში მოექცნენ: პრაღა, დუბლინი, ამსტერდამი, ბრატისლავა, ლუბლიანა, სოფია, ტოკიო, ჰააგა, ლუქსემბურგი და ათენი. აღნიშნული ქალაქებისთვის დამახასიათებელია მთავრობათა მიერ გადაჭარბებული რეგულირება როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ.
“თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლების მხრივ მე-9 ადგილზეა, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის ტაქსების რეგულაცია რომ არ განხორციელებულიყო, რამაც დიდად დააზარალა მძღოლები, იგი პირველ ადგილს დაიკავებდა და გაუსწრებდა ევროპის ყველა ქალაქს’’ – განაცხადა თამარ ტარსაიძემ, კვლევის თანაავტორმა.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი ტაქსის აპლიკაციებზე, ელექტრონულ სკუტერებზე, ბინების გაქირავების პლატფორმებზე, მანქანების გაქირავებაზე როგორც კომპანიების, ასევე კერძო პირების მიერ და ბოლოს – სპორტული დარბაზების გაზიარების აპლიკაციებზე.
სრული კვლევა, რომელიც მოიცავს ქალაქების რეიტინგს და მათი თანმიმდევრობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: https://consumerchoicecenter.org/sharing-economy-index-2020/