თბილისის აეროპორტში Transavia France-მა დაიწყო ოპერირება

თბილისის აეროპორტში Transavia France-მა დაიწყო ოპერირება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგულმა ავიაკომპანია Transavia France-მა დაიწყო ოპერირება. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

Transavia France-მა ახალ მიმართულებაზე სადებიუტო რეისი გუშინ შეასრულა. მის ფლოტში შემავალმა ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პარიზიდან (Orly) თბილისში პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. როგორც ირკვევა, Transavia France-ი პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს.

Transavia France-ი 2006 წლის 14 ნოემბერს, Air France-ისა და მისი ნიდერლანდელი პარტნიორის, Transavia-ს ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2007 წლის მაისში დაიწყო და დღეს ის ასრულებს როგორც ჩარტერულ, ისე რეგულარულ რეისებს ძირითადად ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ თბილისის აეროპორტში ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მაც დაიწყო და ციურიხიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს და კვირას, A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.