„თეორია დაინინგი“ - განსხვავებული კონცეფციის ახალი რესტორანი თბილისში

„თეორია დაინინგი“ - განსხვავებული კონცეფციის ახალი რესტორანი თბილისში

ძველ თბილისში, პუშკინის 23-ში რამდენიმე დღეა, რაც გამორჩეული კონცეფციის მქონე, მაღალ სეგმენტზე გათვლილი რესტორანი „თეორია დაინინგი“ გაიხსნა.

სასტუმროს მმართველ კომპანიაში კომფორტული გარემოს შესაქმნელად ინტერიერის თითოეულ დეტალზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ფიქრობდნენ, შედეგად საქმიანი და მეგობრული შეხვედრის ახალი ადგილი სტუმრებს განსხვავებულ გარემოს და თანამედროვე საავტორო სამზარეულოს კერძებს სთავაზობს.

„რესტორანი კონცეპტუალურად აბსოლუტურად უცხო და ორიგინალურია. რესტორანი გაფორმებულია 2 მასშტაბური უნიკალური მხატვრული ნამუშევრით. ავეჯი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული, ან აღმოსავლური ქვეყნიდან არის ჩამოტანილი. თითოეული დეტალი დიდი ფიქრის და მუშაობის შედეგად არის გადაწყვეტილი. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს ღონისძიებების შექმნაზე, ჩვენი მთავარი იდეა თანამედროვე გასტრონომიული გამოცდილების, განსხვავებული სახით, თბილ და მშვიდ გარემოში სტუმრებისთვის გაზიარებაა.

ჩვენ აქცენტს კერძებზე ვაკეთებთ, შესაბამისად, მენიუ ისეთი პროდუქტებით არის შედგენილი, რაც სეზონური და განახლებადია საქართველოსთვის და ამავდროულად ვქმნით არაორდინალური კერძებს, რადგან უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ ელემენტს, მომზადების ტექნიკასა და სტუმრამდე იდეალურ ფორმაში მიტანას. ეს შესაძლებელი გახდა მიშლენის რესტორნებში ნამუშევარი შეფმზარეულის და საერთაშორის გამოცდილების გუნდის მუშაობის შედეგად.

„თეორია დაინინგი“ აბსოლუტურად ნოვატორული კერძებს ქმნის, როგორც გემოებით ასევე ინგრედიენტებით. მენიუში შემავალ 5 კერძში ერთი ქართული ხასიათის არის. ეს იქნება ხევსურული ხაჭაპური, რომელიც შეფმზარეულის ხელწერით იქმნება. გვაქვს ასევე ბარი, სადაც 25 დასახელების კოქტეილია წარმოდგენილი, რომელიც 2-3 თვის განმავლობაში იქმნებოდა, როგორც შიდა ჯგუფისგან, ასევე ექსპერტებთან ერთად. მთავარი აქცენტი აქაც ხარისხზე და კლასიკურ დახვეწილ გემოებზე არის გაკეთებული, ხშირად პატარა სიურპრიზით“, – ამბობს Forbes-თან საუბრისას რესტორნის მარკეტინგის მენეჯერი ნანა ხვედელიძე.

აღსანიშნია, რომ 1 დეკემბრიდან ამოქმედებული რესტორანი ყოველ დღე 12 საათიდან სტუმრის წასვლამდე მუშაობს და დღეისთვის სტუმრებს საახალწლო მენიუებსაც სთავაზობს, რაზეც ინტერესი ძალიან დიდია.

„ახალ წელს ტიპიური მენიუ არ გვექნება და ჩვენს სტუმრებს გარკვეულ მცირე სიურპრიზებსაც ვახვედრებთ. საახალწლო საღამო 31 იანვარს 21:00 – 22:00 საათიდან დაიწყება და რეგულაციების დაცვით წარიმართება“, – ამბობს ნანა ხვედელიძე.

აღსანიშნია, რომ რესტორნის გახსნამდე ძველ თბილისში 17-ნომრიანი სასტუმრო „თეორია“ დაახლოებით ერთი თვით ადრე გაიხსნა. ბიზნეს მოგზაურებზე გათვლილი სასტუმროს მიმართ ინტერესი დიდია და ერთი თვის განმავლობაში მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მეტწილად ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა. სასტუმროში განთავსების 1 დღის ღირებულება საუზმის გარეშე 200 ლარია. განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო და რესტორანში 50 ადამიანია დასაქმებული.

სტუმარმასპინძლობის პროექტების საინვესტიციო ღირებულებაზე საუბრისას კომპანიაში კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ დარგში ახალი, განსხვავებული პროექტების განხორციელებისთვის დიდი ინვესტიცია ჩაიდო, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსების მობილიზება მოხდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *