„თუ რომელსამე საგანზე შეიძლება ითქვას, რომ ეს საგანი ხალხის ცხოვრებისათვის „აუცილებელ საჭიროებას“ შეადგენსო, უეჭველია, ესევე უნდა ითქვას თევზზედაც. ეს ითქმის განსაკუთრებით ჩვენი ხალხისა და კიდევ უფრო ჩვენი ქალაქის შესახებ. ქალაქს უთევზოდ გაძლება არ შეუძლიან, იმას უყვარს თევზი, ქალაქის ქართველებისა და სომხებისათვის თევზი ისეთივე საკვები და საზრდოა, როგორც პური“.
თბილისში თევზს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ამბობდნენ, თბილელებმა „პირის გემო“ იციან და უყვართ, რომ სუფრაზე „ხორაგეული ნაირნაირობდესო“. ამ ხორაგეულიდან განსაკუთრებით ცოცხალ თევზს ეტანებოდნენ, რომელშიც ყველა „ჟიჟმატი“, ანუ წვრილი თევზი შედიოდა: „ფიჩხული, ლურჯა, მურწა, ჭიჭყინა, ნაფოტა, ღონა და სხვ…“.
„ცოცხალი თევზის“ გარდა, თბილისში გამოყვანილ, დამარილებულ თევზსაც გეახლებოდნენ. ძველი თბილისის შავ-თეთრ ფოტოებს თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ გამომშრალი თევზით მოვაჭრენი მუშტრის ნაკლებობას არ უჩიოდნენ. თუმცა ამ თევზის ვარგისობა, განსაკუთრებით კი ცხელ დღეებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა… თბილისის „სასანიტარო ექიმები“ ტრაქტირებისა თუ დუქნების პატრონებს უვარგის თევზს, ძირითადად, მტკვარში აყრევინებდნენ, მაგრამ სხვადასხვა დროს, გაფუჭებული პროდუქტი მანამდე წამლავდა მოსახლეობას, სანამ „სასანიტარო ექიმები“ მის ავკარგიანობაში გაერკვეოდნენ:
„რამდენთამე პირთა განაცხადეს ჩვენს რედაქციაში საჩივარი იმაზედ, რომ მოწამლულ გელაქნურს ჰყიდიან ქალაქშიო. ვისაც კი არ ეყიდნა, მართლა, იმ დღეს ჩვენს ბაზარში გელაქნური ყველას თავბრუ და გულის-რევა დამართნოდა და ავათ გამხდარიყო. ამ გელაქნურს, როგორც გვითხრეს, ცოტათი მწარე გემო ჰქონდაო. ძალიან კარგი იქნება, მთავრობამ ამ გარემოებას ყურადღება მიაქციოს და ექიმებს შეამოწმებინოს გელაქნური, რომელიც ამ კვირაში შემოვიდა ქალაქში“;
„მოხარშულს ხმელს თევზს ტფილისში თითქმის ყველა მოედნებზედ ჰყიდიან. ეს თევზი ხშირად ასუნებულია, აშმორებული, და ამიტომაც იაფად ისყიდება, გირვანქა ორ-სამ შაურად. იაფს, გაფუჭებულს თევზს დიდძალი ღარიბი ხალხი ეტანება, ამიტომ ადვილად შესაძლებელია რაიმე სნეულობა დაჰბადოს ამ ნაირად თევზის ყიდვამ. ჩვენის აზრით, ქალაქის მკურნალებმა, რომელთაც აბარიათ ბაზრების დათვალიერება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ გარემოებას“.
თევზის მიმართ ქალაქელთა უპირობო სიყვარულს მოწმობს თევზის სახეობათა „ნაირნაირობაც“ იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“, შესაბამისად, თბილისელთა მეტყველებაში:
„ალაბალუხი“ – თევზია წითელხალებიანი; „ბახტაკი“ – მსხვილი ცოცხალი თევზი; „გელაქნური“ – ანუ იშხანი, შავხალებიანი თევზია, მეტად გემრიელი, მოხარშულს ვარდისფერი დაჰკრავს. იცის გოგჩის ანუ სევანის ტბაში; „გველანა“ – ერთგვარი ჯიშის თევზია, რომელსაც არა სჭამენ; „გოჭა“ – თევზია ერთგვარი, კუტუმის მსგავსი, საზანი; „იანი“ – ტარაღანის თევზის ხმელი ზურგიელი. ხმელ თევზთაგანია. იანი ჰქვიან დიდი თევზის ერთ ადგილს, ერთ ამონაჭერს; „იშხანი“ – ხალიანი თევზია ერთგვარი; „ლოქოფაჩა/ღოქოფაჩა“ – პატარა ლოქო, ღლავი; „სათალი“ – ხმელ თევზთაგანია, ზურგიელის მსგავსია, რომელიც დანით სათლელია და ამიტომაც ჰქვიან „სათალი“; „სალამურა თევზი“ – ერთგვარი თევზია, რომელსაც უფრო შამფურზე სწვავენ და ისე გეახლებიან; „ტარაღანა“ – ზუთხის მსგავსი თევზის სახელია. გრძელცხვირა თევზი; „ქაშაპი“, „ქორჭილა“ – თევზის სახელებია; „შამაია“ – „შაჰის თევზი“. ეს თევზი გაკეთებულია, გამოსულია და გამობოლილი. სამეფო თევზია; „ცოცხალი თევზი“ – ერთგვარი წვრილი თევზია: ფიჩხულა, ლურჯა, ჭიჭყინა, მურწა, ნაფოტა და სხვ.; „ხრამული“ – ცივად მარილში მოხარშული წვრილი თევზი, ე.ი. ხრამის თევზი; „ჯუფთი“ – დოში, ორაგული; „ჭანარი“ – ერთგვარი თევზი, მოზრდილია, ორ-სამ კილოს იწონის. „ცოცხალ-ცოცხალი ჭანარი ხომ არ გნებავს?“
ქალაქის „გასტრონომიული გემოვნება“, სხვადასხვა ფორმითა და რეცეპტით მომზადებული ამ პროდუქტის მიმართ გულგრილი რომ არ იყო, ამას მოწმობს „კნეინა ბარბარე ჯორჯაძის მიერ შედგენილი „სამზარეულო წიგნიც“¹ , სადაც სხვადასხვა სახეობის მომზადების წესი და კერძების არაერთი რეცეპტი გვხვდება, მაგალითად:
„ორაგული შემწვარი და ჩახოხბილი“ – „ორაგული გრძლათა და წვრილად მოსჭერით, რომ შამფურზედ აეგოს, გარეცხეთ კარგად, მარილი მოაყარეთ და როგორც მწვადი ისე შეწვით ტრიალით; შემდეგ მოუმზადეთ ძმარი ამ რიგად: ერთს სტაქან ძმარში ჩასჭერით წმინდად ერთი თავი ხახვი და ცეცხლთან მათლაფით დადგით, რომ ის ხახვი ძმარში ჩაითუთქოს; მერე ეს შემწვარი ორაგული ხახვ-ძმარში ჩასჭერით და ისევ ცეცხლთან დადგით ცოტა ხანს“;
„ხიზილალის ქაბაბი“ – „ნახევარ გირვანქა ხიზილალას ჩააფშხვენით ერთი სტაქანი პურის გული, ერთი სტაქანი წყალი დაასხით, ამოჭყლიტეთ; თუ სქელია, წყალი კიდევ მიუმატეთ, ერთი თავი ხახვი ჩააჭერით; ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ, ამოჭყლეტილი ხიზილალა შიგ ჩაასხით და მოხრაკეთ ორივე მხარეს“.
რეცეპტებთან ერთად, ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნში“ აღწერილია „ყოველგვარი თევზის“ სწორად დამარილების მეთოდიც:
„სადაც ბევრ თევზს იჭერენ, უნდა დამზადებული ჰქონდეთ რამდენიმე პატარ-პატარა ბოჩკები. თევზს გაჰქერქავთ (ქერქს გააყრევინებთ), გამოჰშიგნავთ და სინესტეს ტილოებით გაუმშრალებთ, მაგრამ არ გაჰრეცხავთ; გააფეშხოვებთ შუაზე და ყველა მხრიდან წაუსვამთ მარილს, სანამ სულ არ დაწითლდება. ჩაალაგებთ ბანკებში, დააჭედავთ თავებს, გადაჰფისავთ და შეინახავთ ცივსა, მაგრამ მშრალს ადგილას. ბოჩკა უნდა გადაბრუნდეს ხოლმე ერთი თავიდან მეორე თავზე, რომ თევზის გაშვებულმა წვენმა თავიდან ბოლომდე გაუაროს. ასე შეინახება თევზი ნახევარ წლობით და თუ ერთხელ გაიხსნა ბოჩკა, თევზი ძალიან ჩქარა ფუჭდება, ამისათვის ბოჩკები ძალიან მომცროები უნდა იყოს. თუ თევზის შემჭმელი ცოტა ხანში არავინ იქმნება, უნდა მაშინ ერთი ნაწილი ამ თევზისა ჩრდილში სადმე ჩამოჰკიდოთ და მერმე ბოლში გამოიყვანოთ. ვურჩევთ ამასთანავე, რომ დასამარილებელ თევზებს თავები წაეჭრას ხოლმე, რადგან შემჩნეულია, რომ დამარილებული თავიანი თევზი უფრო ჩქარა ფუჭდება და არა სასიამოვნო გემოს ითვისებს. თუ თევზი ძლიერ მლაშე გამოვიდა, უნდა ჯერ თბილ წყალში დალბეს და მერე ცხელ რძეში“.
„ყოველგვარი თევზის დამარილების მეთოდების“ შესახებ ალბათ კარგად იცოდნენ სალიანში – XIX საუკუნის მეორე ნახევარში, „ქალაქი და თითქმის მთელი კავკასია იმ თევზით იკვებებოდა, რომელსაც სალიანში და საზოგადოთ, ბაქოსკენ იჭერდნენ“ და ურმებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ კი „ყოველ დღე, დილის მატარებლით, ახალ-ახალი თართი, ორაგული, ხიზილალა“ და სხვა სახეობის თევზები თბილისისკენ მოჰქონდათ – „გაზაფხულს გამოდიოდა თართი, ზუთხი და ამ გვარები; შემოდგომას ორაგული, შამაია და სხვ“.
ამ პერიოდში კასპიის ზღვის ნაპირები, სალიანის და სევანის (გოგჩა) ტბები, არაქსი და სხვა მდინარეები ხაზინის საკუთრებაში იყო და იქ თევზის ჭერის უფლება იჯარით გაიცემოდა.
თევზით ვაჭრობა რომ შემოსავლიანი საქმე იყო, ეს არათუ ქალაქში იცოდა ყველამ, ამ ამბავს ტფილისში ჩამოსული უცხოელი მოგზაურებიც მალევე უღებდნენ ალღოს:
„ზამთრისა და ზაფხულის ბაღები, ტერასები, შადრევნები, ლამაზი მცენარეები, ფანჩატურები, გალერეები, მისაღები, საკონცერტო და სხვა დარბაზები, ოთახები, კაბინეტები, აბანოები, მოჩუქურთმებული ხე, სარკის ფასეტებით დაფარული კედლები, ჭერი და ნიშები. შენობის ორმოცდაათამდე დიდი და პატარა ოთახი მორთული იყო სპარსეთის ხალიჩებით, შალებით და ქსოვილების ელვარე ფერებით“² , – ამ სახლის, რომელიც თბილისში სტუმრად მყოფი ხელოვნებათმცოდნის, ფლორიან ჟილის აზრით, სპარსეთის შაჰსაც კი შეშურდებოდა, აშენების საშუალება თბილისელ ვაჭარს, ვარდან არშაკუნს სწორედ სალიანის თევზით, კერძოდ კი შამაიათი – „თევზების მეფით“ ვაჭრობამ მისცა. [1869-1886 წლებში ამ სახლში „საარტისტო წრე“ – „კრუჟოკი“ იყო განთავსებული, 1922 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია].
ძველი ქართული პრესა წერდა, რომ ტფილისელი მდიდარი ვაჭრები როგორც ბუზი-თაფლს, ისე შენატროდნენ და ეშურებოდნენ თევზით ვაჭრობას, ამ მოგებიან საქმეს:
„ვისაც კი ეს თევზის დაჭერისა და გაყიდვის უფლება იჯარით აუღია, ყველა გამდიდრებულა, ყველა მილიონერებად შექმნილა. მირზოევები ამ იჯარამ წამოაყენა პირველად ფეხზე, არშაკუნიმ თევზის წყალობით ააშენა ის „კრუჟოკის“ სახლი, რომლის სიმშვენიერე და სიმდიდრე ჩვენ გვაკვირვებს, თამამშევი ამან გააკეთა და სხვ. ახლა ეს იჯარა ონანოვსა და ამხანაგებს აქვთ. ერთის სიტყვით, ჩვენი ვაჭრებისათვის სალიანის თევზი კალიფორნიად არის გადაქცეული…“
იქვე „დროება“ ერთ საგულისხმო გარემოებაზე, უფრო ზუსტად მოიჯარეთა გულისწადილზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლის თანახმადაც, ამ ბიზნესში ჩართული ვაჭრები კარგად იყენებდნენ იმ გარემოებას, რომ მოსახლეობას თევზი და ხიზილალა იმდენად უყვარდა, „უთევზოთ ვერ გასძლებსო“, ამიტომაც, უმატებდნენ და უმატებდნენ ფასს, „მაინც კიდევ იყიდიანო!“.
ფასის მატებას „ბოლო რომ აღარ ჰქონდა“, ქალაქიც „თევზის სიძვირის ფიქრში“ ვარდებოდა, მაგრამ რაკიღა „ქალაქის კაცი და უთევზობა ძნელი საფიქრებელი“ იყო, ბაზრებსა თუ დუქნებში ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ წყდებოდა.
თბილისელი მხატვრის, კარაპეტ გრიგორიანცის ცნობით, „ქალაქში ძველი დროიდანვე სანოვაგის უმთავრეს ბაზრად ითვლებოდა რიყე. 1880 წლიდან კი თევზის ბაზარი გადმოიტანეს პუშკინის ბაღის ადგილას, სადაც ურმებით იდგნენ და აუწონრათ, იაფათ თევზს ყიდდნენ. თევზს ურმებით შეუწყვეტლათ სალიანიდან მოეზიდებოდნენ.
თევზეულში მარტო ორაგული იყიდებოდა წონით, რადგანაც მეტად დიდია და ერთი ადამიანი ვერ იყიდის. ახალი თევზი, სუდაკა, საზანი, კუტუმი, ზუთხი, იშხანი, შამაია და სხვა ესენი სულ იყიდებოდა აუწონრათ.
ორაგულის თავი ღირდა ორი შაური, კარგი ადგილი გირვანქა სამი შაური, კუტუმი მთელი სამი შაური, საზანი ერთი აბაზი, იშხანი და გელაქნური წყვილი ერთი აბაზი, შამაია წყვილი სამი შაური, ზურგიელი და დოში გირვანქა ორი შაური, ხიზილალა ათი შაური“.³
აქვე, ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ისტორია, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ძველი თბილისის შესახებ დაწერილ არაერთ ნაშრომსა თუ მოგონებაში გვხვდება:
„ერთხელ ბაზარში ცნობილ ვაჭარ მირზოევს ეძნელებოდა ძვირ ფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს, ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავითო“.
ძველ ქართულ პრესას თუ დავუჯერებთ, პროდუქტზე ფასის მატებასთან ერთად, ვაჭრებს, ვისაც თევზის მოპოვება იჯარით ჰქონდათ აღებული, სიხარბე ზოგჯერ სხვა კუთხითაც სძლევდათ და ამის გამო, როგორც „დროება“ იუწყებოდა, 1880-იან წლებში „წყლები თითქმის დაიცალა თევზისაგან“:
„მიზეზი პირველი ის იყო, რომ დიდ წყლებში, მტკვარში, არეზში (არაქსში) და სხვებში მოიჯარეებმა შემოიღეს რკინის კონი (ზაბოიკა); მთელს წყლებს ჰკრავენ, თევზს ამწყვდევდნენ და არც ზემოთ უშვებდნენ და არც ქვემოთ; ჟლეტდნენ საშინლათ მრავალს უწყალოთა. ისე გაწყდა თევზი, რომ არამც თუ არაგვში, თფილისთანაც კი ორაგული ვეღარ ამოდიოდა. რადგანაც ორაგული ქვირითს არაგვში და მტკვრის სათავეში გრილ ადგილებში სდებს, ამოუსვლელობით, რასაკვირველია, გაწყდებოდა თევზი თითქმის მთელ კავკასიის წყლებში“.
ამ მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი აკრძალვები დაუწესებიათ, თუმცა აკრძალვებისთვის გვერდის ავლა აბა რა დიდი სირთულე უნდა ყოფილიყო?! იმავე გაზეთის სიტყვით, მთავარი იყო, მოსახლეობას გაეცნობიერებინა, თუ რატომ არ შეიძლებოდა „კონის გაკეთება“ და „წყლების შეკვრა“ თევზის დასაჭერად – „თევზი ფრთხება და არამც თუ იმ ახლო-მახლოს აღარა ჩნდება, მთელს იმ წყალსაც თავს ანებებს და სხვა წყლებში მიდის“.
ამასთან ერთად, აკრძალული იყო თევზჭერა ზაფხულის თვეებში, ქვირითის დადების დროს. ზოგადად, ამ ტიპის აკრძალვებს რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, 1886 წლის გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოყვანილი ცნობაც მოწმობს:
„მოგეხსენებათ შემოდგომაზე ჰყრის ორაგული ქვირითას. ამის გამო მუცელი სტკივა, შეწუხებულია, გამოდის ნაპირას და ეხახუნება ლამსა და იქა ჰყრის ქვირითას. ხალხი წარა-მარად ჰხოცავს თურმე ამ დროს ორაგულს და ამ ნაირად აწყობს ამ გემოთი განთქმულს თევზს არაგვისას, რადგან ხშირად მაშინა ჰხოცავენ ხმლითა და ხანჯლებით, როცა ქვირითა არც-კი დაუყრიაო. ყოვლად მავნებელია ასეთი ქცევა ხალხისაო. იმის გარდა, რომ თევზი წყდება წყალში, იმითია კიდევ ცუდი ეს ჩვეულება, რომ ქვირითის დაყრის დროს, ორაგული სრულიად არ არის გემრიელი და ჩალასავით ხორცი აქვსო. ამის გამო ამ გვარად დახოცილს თევზს არც ფასი აქვს, თითო უშველებელს ორაგულში ათს შაურზე მეტს არ იძლევიან მედუქნეები და ჩარჩებიო“.
სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის სტიქიური უბედურებების გამო, ზოგჯერ ქალაქს „შიშის ზარი დაეცემოდა“ ხმა „თევზის გამოუსვლელობაზე“ – „წრეულს უთევზოთა ვრჩებით, შენი მტერი იქნება, ჩვენი ყოფა იყოსო!“
თუმცა ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სტიქიურ უბედურებას, უბედურებასთან ერთად, სარგებელიც მოჰქონდა. 1887 წელს, სალიანში, წყალდიდობის გამო, თურმე „ხან-და-ხან ერთს დღე და ღამეში 60 000 ცალს დიდს თევზს იჭერდნენ“, სალიანის თევზეულით კი შემდეგ უკვე თბილისის ვაჭრები და მაღაზიის პატრონები, საგაზეთო რეკლამების მეშვეობით იწონებდნენ თავს:
„ძლივს! საკუთრივ თევზეულის მაღაზიაში, თამამშოვის ქარვასლაში, გენერალი ტერ ასატუროვის სახლების პირ-და-პირ, ახლად მივიღეთ ჩვენგნით იჯარით აღებულის სალიანის ვათაგებიდამ: შამაია, თართი, ზუთხი, ორაგული, ჟიდკა, ხიზილა ნაირ-ნაირი, დოში მოხარშული და ხმელი, ზურგიელი და სხვა“. – 1881 წ.
„სალიანის თევზეულობის დუქანი, რომელიც იყო პუშკინის ქუჩაზედ, თამამშოვის ქარვასლის ქვეშ, გადავიდა იმავე ქარვასლის ჩრდილოეთის მხრისკენ, სკვერის პირდაპირ, ქიმში, სადაც კანტორა იყო ალელოვისა. ყოველ დღე დილის მატარებლით მოგვდის ახალ-ახალი თართი, ორაგული და ხიზილალა პარკისა და ბოჩკისა. ყოველ დღე ვხარშავთ დოშს“, – 1888 წ.
სალიანის გარდა, ბუნებრივია, თევზს საქართველოშიც იჭერდნენ, თუმცა, ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ზოგჯერ უკანონო ხერხებსაც მიმართავდნენ, მაგალითად, დინამიტით თევზაობას:
„ამ დინამიტებს აგდებენ დიდ მორევებში, იქ აიფეთქებს საშინლად და რაც რამ არის ამ მორევში, სულ იხოცება. დინამიტები მოაქვსთ მედუქნეებს და დუქნებიდამ ჰყიდიან უბრალო მეთევზე ხალხზე. ამათ, რასაკვირველია, კარგად არ იციან მათი ხმარება და დიდ უბედურებას მოახდენენ როდესმე“.
ეს კონკრეტული ამბავი იმერეთის რეგიონში დინამიტით თევზაობას უკავშირდება, თუმცა ამგვარი შემთხვევები არც აღმოსავლეთ საქართველოსთვის იყო უცხო. როგორც გაზეთ „კავკაზს“ სწერდნენ 1898 წელს, გორსა და მცხეთას შორის ვინმე ვასილი ხმიადოვი დინამიტით ხოცავდა თევზს – „ხმიადოვი დინამიტს წყალში ააფეთქებს თურმე და ამ რიგად მრავალ თევზსა ჟლეტავს. ბევრ დახოცილ თევზს მდინარე ნაპირზედ გამორიყავს ხოლმე, მაგრამ უმეტესი ნაწილი წყალს მიაქვს და უსარგებლოდ იკარგება. დახოცილ თევზს ხშირად ადგილობრივი მცხოვრებელნი მოჰკრებავენ ხოლმე, მაგრამ უმეტეს ნაწილად ხმიადოვი და ამის ამხანაგები ართმევენ თურმე“.
თევზაობის საინტერესო მეთოდები აქვს აღწერილი ინგლისელ მეწარმე ჰერბერტ კოქსონს, რომელმაც აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში, XIX საუკუნის მიწურულს, კავკასიაშიც იმოგზაურა. აი რას წერს კოქსონი:
„ზუთხის დასაჭერად მდინარის ან არხის გასწვრივ ძუას გაჭიმავენ, სადაც იარდის დაშორებით კაუჭებია დამაგრებული, კაუჭის თავზე კი ნესვი ან გოგრა ტივტივებს თევზის მისატყუებლად. სულწასული თევზი ხილს მიეტანება და წასულია მისი საქმე. იგი კაუჭაზე ჩამოცმული რჩება მანამ, სანამ მეთევზე მოვა და ძუას გაათრევს სანაპიროზე, იქ კი სარზე ჩამოცმული თევზი ელოდება თავის კლიენტს. ნაცრისფერი კალმახის დასაჭერად ჭილოფს იყენებენ, რომლის ერთი მხარე აწეულია ისე, რომ ჩრდილი წარმოქმნას. ჩრდილის დანახვაზე თევზი ინსტიქტურად ზევით ხტება, რათა მას თავი აარიდოს, სინამდვილეში კი ბადეში ამოყოფს თავს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში მეთევზეები მარტივ ბადეს იყენებენ სათევზაოდ, რომლის შუაგული სარით არის ფსკერზე დამაგრებული. გარკვეული დროის შემდეგ ბადეს იღებენ წყლიდან იმ იმედით, რომ იქ თევზები იქნება მოყოლილი. ეს ერთობ პრიმიტიული ხერხია და, უნდა ითქვას, მაინცდამაინც წარმატებული არაა“.⁴
აქვე, კიდევ ერთი ისტორია ძველი ქართული პრესიდან, რომელიც „ოჩხით თევზაობას“ უკავშირდება:
„შემოდგომობით, როცა წყალი გაცივდება ხოლმე, მტკვრის აყოლება სოფლებს გორის მაზრაში ჩვეულებადა აქვთ ოჩხების კეთება მტკვრის ნაპირას. ოჩხებს ეძახიან წყლის ნაპირაზე ამოთხრილ ორმოს, რომელშიაც ჩაყრილია ქვა და ლოდი. ამ ქვასა და ლოდში, როცა აცივდება, წვრილი თევზი ბინასა სდებს და იქიდამ სულ აღარ გამოდის ზამთრის სიცივეში. ამ თევზს ოჩხის თევზს ეძახიან.
სოფელი არ არის მტკვრის ახლოვო, გვწერს კორესპონდენტი, რომელსაც ოცი და ორმოცი ოჩხი მაინც არა ჰქონდეს გაკეთებული და მოსაჩხრეკი ამ ქრისტიშობის დამდეგაო. დილა ადრიან, როცა ჯერ ისევ ჰყინავს და მზეს არ მოუვლია ცაზედ, შეიკრიბებიან გლეხნი, დასთვრებიან არაყითა და შეუდგებიან ხოლმე ოჩხის ჩხრეკასა. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ოჩხის ჩხრეკის დროს მთვრალ ოჩხის მჩხრეკელთ საშინელი ჩხუბი და აყალ-მაყალი მოსდით და ერთმანერთს თავ-პირს ამტვრევენო.
არა იშვიათია ხოლმე ისიცა, რომ ერთი სოფელი მეორე სოფელს მოუჩხრეკს ხოლმე ქურდულად ოჩხს და ახლა ამაზედ შედგება ხოლმე დავიდარაბა და აყალ-მაყალიო. საზოგადოდ-კი ოჩხები მცირე სარგებლობას არ აძლევს გლეხ- -კაცობას. ხან-და-ხან, როცა ამინდი ხელს მისცემს ხოლმე, ერთის ოჩხიდამ ორი და ხან სამი ფუთი წვრილი თევზი ამოდისო და ძალიან კარგს ფასადაც იყიდებაო“.
იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ ოჩხის მეორე განმარტებაც გვხვდება – „ოჩხი – დაწნული კალათა, რომელშიაც ქვებს ჩააწყობენ და წყალში ჩაუშვებენ ზამთრობით თევზების დასაჭერად“.
საერთოდაც, „ქალაქური ლექსიკონი“ სავსეა თევზაობასთან დაკავშირებული სიტყვებით თუ გამოთქმებით, თუნდაც მხოლოდ ეს ფრაზა რად ღირს – „ამბობენ, ბადე გადავაგდე მტკვარში, პეტრეს მორევთან და ზმ! ზმ! ოხრად გამოჰყვა თევზიო“.
ასევე: „მეჩანგლე“ – მეთევზე“; „ბადე“ – თევზის დასაჭერი დიდი ნაქსოვი“; „ხოლიხი“ – წვრილი თევზის საჭერი ბადე“; „მოსმა“ – „ერთგვარი ბადეა თევზების დასაჭერად, გრძელი. ერთი ჩადგება წყალში, დააბამს ამ მოსასმელს, შემდეგ ჯოხით უჩუჩხუნებს თევზებს, თევზი ფრთხება, სარგებლობენ ამით და იჭერენ თევზს“; „იონღარი“ – „ლარი. ზონარი. ამ იონღარს ხმარობენ ჩანგალზე თევზის საჭერადაც“; „კოკოზა“ – „ერთგვარი გოდორია ძაბრივით, თევზების დასაჭერად. მოწნული გიდელი, წოწოლა“; „კონი“ – „ზამთრობით თევზის საჭერი კოკოზები (გოდრები) დაწყობილი პირაღმა მდინარე წყალზე, საცა უფრო ჩქარია, რომ თევზი მოემწყვდიოს, შიგადაშიგ მის დასამაგრებლად ქვით სავსე გოდრებია წაწყობილი“; „ფაცერი“ – „თევზების დასაჭერი ბრტყელი კალათი, რომელსაც მეთევზეები აგდებენ მდორე წყალში და ზევიდან ფირჩხით ჰფარავენ. თევზები ეკვრიან ფაცერს და არ შორდებიან“.
თევზი, თევზაობა და მეთევზეები, დიდი ხნის განმავლობაში, თბილისთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები იყო. ქალაქში, სადაც უთევზოდ გაძლება არ შეეძლოთ, დედა მდინარეს „ისე ვინ გაუშვებდა“?!
„თბილელი ყარაჩოღელი მტკვარში ნადირობს! თბილელის კარაბადინში შიში არ არსებობს. იგი თამამად გადაისვრის ხოლმე ტყვიებით შემძიმებულ ბადეს წყალში, ხოლო თუ ამას საჭიროება მოითხოვს, თითონაც ზედ გადაჰყვება და უვნებლად ჩაიყურყუმალავებს შიგ“⁵.
ბუნებრივია, ამ საქმეს გამორჩეული პროფესიონალებიც ჰყავდა, გამორჩეული პერსონაჟები, ქალაქს თავისი კვალი რომ დაამჩნიეს.
მაგალითად, სახელგანთქმული ტფილისელი მოკრივე და არანაკლებ სახელგანთქმული მეთევზე – ლოპიანა (მიხუა), რომელსაც მეტსახელი „მუდმივად წყალში დგომის გამო დაერქვა“, „ქალაქური ლექსიკონის“ თანახმად, „ლოპიანი“ – „ნამიანს“ ნიშნავს.
„ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი“, ასეთი ძალისა იყო კაცი, ორთაჭალელი მეჩანგლე ლოპიანა, რომელსაც თურმე ყოველდღე მიჰქონდა გრიგოლ ორბელიანთან „ცოცხალი“, თავადვე გამოშიგნავდა, შეამზადებდა „ორთაჭალურად“ და „დიდ კაცთან ერთად“, შეექცეოდა სადილს საზანდრებით – „წელიწადი-თორმეტი თვე სულ ერთად იყვნენ“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისელ მეთევზე-მეჩანგლეებს, გაბედულებითა და ცურვის კარგად ცოდნით, არაერთი ადამიანი გადაურჩენიათ სიკვდილს, მაგალითად, „1892 წელს, 6 იანვარს, წყალკურთხევა დღეს, როცა სომხების იორდანეს ხიდი ჩატყდა და მდინარე მტკვარში 300-ზე მეტი კაცი ჩაცვივდა, ამ დროს თბილელი მეთევზე ყარაჩოღელები ვაჟკაცურად გადაეშველნენ დასაღუპად განწირულთ და მრავალი მათგანი გადაარჩინეს სიკვდილს. აგრეთვე, ამ შემთხვევაზე უფრო ადრე, 1861 წელს, როცა თბილისში დიდი წყალდიდობა იყო, მეჩანგლე ლოპიანა დადიოდა თავის ჰამსონებით და ნავტიკების საშუალებით იხსნიდა ხოლმე თბილისის მოქალაქეთა სარჩო-საბადებელს“⁶.
მაგრამ ხანდახან მათაც ადგებოდათ „რეპუტაციული ზიანი“… 1886 წლის „ივერიის“ ერთ-ერთი ნომერი ლოქოსთან „ორთაბრძოლაში“ თბილისელი მეთევზეების დამარცხების ამბავს იუწყებოდა – „ამ კვირის დასაწყისში კუკიის ხიდის ქვეშ როგორღაც ლოქო გამოერიყნა. ბევრსა ცდილან, მაგრამ მაინც ვერ დაეჭირათ. ლოქო, როგორც ეტყობოდა, ძალიან დიდი იყო, რადგან ექვსი-შვიდი კაცი ეწეოდა ბოლოდგან და მაინც ვერ დასძალესო“.
ამას გარდა, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ თევზის ნაცვლად, თბილისელი მეთევზეები უფრო დიდ და არასასურველ ნადავლს იჭერდნენ. ერთი ასეთი შემთხვევა 1897 წელს მომხდარა, როდესაც ტუსაღი, რომელიც სასამართლოდან ციხეში მიჰყავდათ, დარაჯებს დასხლტომია და „მნაცაკანოვის ხიდიდგან“ მტკვარში გადამხტარა. „წყლიდგან“ ტუსაღი მეთევზეებს ამოუყვანიათ და პოლიციისთვის გადაუციათ…
ამ ამბებიდან წლების შემდეგ, როდესაც „ტფილისმა იცვალა ფერი, იცვალა სახე, იცვალა არსება“, „ბეტონის ჯებირებში მოქცეული მტკვარი კი თავის თავს აღარ ჰგავდა“, ბევრი რამ შეიცვალა – ქალაქმა უთევზოდ გაძლება ისწავლა, მტკვარში დაჭერილი თევზი კი, გასაგები მიზეზების გამო, ცხვირის ასაბზუებელ საგნად იქცა…
გამოყენებული ლიტერატურა:
1 – „სრული სამზარეულო“, შედგენილი კნეინა ბარბარე ჯორჯაძის მიერ, გამოცემა „სორაპანისა“, 1914 წ.
2 – თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე – XX საუკუნის დასაწყისი), „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ.
3 – კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2011წ.
4 – „აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში“, ჰერბერტ კოქსონის მოგზაურობა XIX საუკუნის კავკასიაში, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, 2019 წ.
5 და 6 – იოსებ გრიშაშვილი, „საიათნოვა“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1963 წ.