თურქეთში პირველი ეროვნული ბრენდის ავტომობილების ქარხანა იხსნება

თურქეთში პირველი ეროვნული ბრენდის ავტომობილების ქარხანა იხსნება

მიმდინარე კვირაში თურქეთში პირველი ეროვნული საავტომობილო ბრენდის საწარმოო ქარხანა იხსნება. იქ დამზადებული ავტომობილები გზებზე, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება. Togg-ის ქარხნის გახსნით, თურქეთისა და პირადად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრავალწლიანი სურვილი და მოწოდება თურქი მეწარმეებისადმი, ქვეყანაში ეროვნული ბრენდის ავტომობილების წარმოების შესახებ ასრულდება.

ცერემონია, რომლითაც თურქეთის რესპუბლიკის 99 წლის იუბილეს აღნიშნავენ, 29 ოქტომბერს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინცია ბურსაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საწარმოო ქარხნის გახსნაზე Togg-ი, სავარაუდოდ, მის პირველ სრულად ელექტრო სპორტულ ყველგანმავალ ავტომობილს (SUV) წარადგენს. პირველი თურქული ბრენდის ავტომობილს ხუთი ადგილობრივი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი სახელწოდებით Automobile Initiative Group of Türkiye (Togg) „თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანებასთან“ (TOBB) თანამშრომლობით აწარმოებს.

Togg-ის საინჟინრო, საპროექტო და საწარმოო ობიექტების მშენებლობა 2020 წლის შუა რიცხვებში დაიწყო, ერდოღანის მიერ კონსორციუმის წარდგენიდან თითქმის ორი წლის შემდგომ, რომელსაც ტექგიგანტ Bosch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მეჰმეთ გურჯან ქარაქაში ხელმძღვანელობდა. ქარხანა 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრზე, პროვინცია ბურსას გემლიკის რაიონში აშენდა. ავტომობილების ელემენტების მიმართულებით Togg-ის ბიზნესპარტნიორი ლითიუმ-იონური ბატარეების წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Farasis-ია.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ერდოღანმა Togg-ის SUV-ი და სედანის საცდელი ნიმუშები წარადგინა, ორივე სრულად ელექტრო და C-სეგმენტის მოდელები.  SUV-ის ბაზარზე  წარდგენა 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. Togg-ი 2030 წლამდე ხუთი სხვადასხვა მოდელის, SUV-ის, სედანის, C-ჰეჩბეკის, B-SUV-ისა და B-MPV-ის წარმოებას გეგმავს. ბრენდის მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის ხუთ სხვადასხვა სეგმენტში 1 მილიონი ავტომობილის წარმოებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *