ქალ-ვაჟმა ერთმანეთი შეიყვარეს! გასაკვირველი ამაში არა არის რა. მაგრამ გასაკვირველი ის არის, რომ „რანდე-ვუსა“ და სიყვარულის გამოსაცხადებელ ალაგად იმათ ერთი დიდი ქვევრი ჰქონდათ თურმე და მუდამ აქ შეიყრებოდნენ! ამას წინათ, ჩვეულებისამებრ, იქ ენახათ ერთმანეთი… მაგრამ, როცა გაცხარებულ სიყვარულის აღვიარებაში და ალერსში იყვნენ, უეცრად ქვევრი დაინძრა თურმე, დაგორდა ძირს, მოხვდა ხეს და დაიმტვრა… ქალ-ვაჟი, თითქო ტყუპი წიწილები კვერცხიდამ, გამოცვივდნენ ამ ქვევრიდამ და ხალხი გაშტერებით უყურებდა, იმათ ვერ გაეგო ეს მოვლენა.
იმ დროისთვის და დღევანდელობისთვის თანაბრად უცნაური ეს ამბავი გაზეთ „დროების“ 1876 წლის ერთ-ერთ ნომერშია აღწერილი.
აბა, როგორი წარმოსადგენია, რომ ქვეყანაში, სადაც ღვინო ღვთიურ სასმელად მიიჩნევა, ქვევრის სიწმინდე კიდევ შეუბღალავ რამედ, ვინმე ამას გაბედავდა?
ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ამ დაუჯერებელი ამბიდან შვიდი წლის შემდეგ, გურიის მთავრის „ნამარნევში“ ერთი „უშველებელი“ ქვევრი აღმოუჩენიათ, რომელიც, ზეპირ გადმოცემათა მიხედვით, დაახლოებით 7000 ლიტრ ღვინოს იტევდა – „ამბობენ, როცა მამია გურიელი საღმრთოს იქმდა, ერთ-ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10,000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოს, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არა აკლდებოდა-რაო“.
ბოლოს და ბოლოს, ამ ამბებიდან ასზე მეტი წლის შემდეგ ხომ აღმოჩნდება, რომ საქართველო სულაც ღვინის სამშობლოა, ღვინის ქვევრში დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანენ, რითაც ამ მეთოდის უნიკალურობას, სოციალურ-კულტურულ ღირებულებასა და მსოფლიო მნიშვნელობას გაუსვამენ ხაზს?!
მომავალში საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორიაც დადასტურდება და ღვინის საკრალურობასთან დაკავშირებული არაერთი გარემოება იჩენს თავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქალურ მოვლენებამდე ძველი თბილისის ცხოვრებაში ღვინო ისედაც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა, ეს ხელს არ უშლიდა ღვინით მოვაჭრეებს, რომ ღვინოზე ხან „ქესატაობა“ [უქონლობა] ჩამოეგდოთ და ღირებულებაზე გაცილებით ძვირად გაეყიდათ, ხანაც სულაც, ღვინის ფალსიფიკაციისთვის მიეყოთ ხელი და ამგვარი ხრიკებით გაცილებით დიდი მოგება ენახათ.
მაგალითად, აი, როგორ აღწერს თბილისური ბაზრის ერთ-ერთ სცენას რაფიელ ერისთავი:
მყიდველი: ღვინოს როგორღა ჰყიდი ბოთლს?
ვაჭარი: ღვინოს?.. ოჰ რა ღვინოს მოგართმევ!.. სპირტია, სპირტი!.. ბოთლში გამოგართმევ რვა აბაზს.
მყიდველი: ბოთლში, თუ თუნგში?.. გაგიჟდი?.. ეგ რაღამ დააძვირა?
ვაჭარი: გოლვამ, კნიაზ… „ვოინობა“… [იგულისხმება რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878 წწ]
ღვინით ვაჭრობის მთავარი ასპარეზი ქალაქში – სირაჩხანა/სირაჯხანა იყო. სახელწოდება სპარსული წარმოშობისაა. „სირაჩ“/„სირაჯ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“/„ხანე“ კი – სახლს. „სირაჩხანა“ ღვინითა და არყით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა. ძველ თბილისში, მტკვრის მოპირდაპირე ნაპირებზე, ორი სირაჯხანა მდებარეობდა. როგორც ცნობილია, პატარა სირაჯხანა ყოფილი შუაბაზრის, რომელიც დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის რეკონსტრუქციისას გაქრა, დიდი კი დღევანდელი ღვინის აღმართზე მდებარეობდა – აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებით მარაგდებოდა.
ამ ღვინით – სირაჯები, „ბითუმათ ღვინოების გამყიდავები“ ვაჭრობდნენ. სირაჯებს – ფიშქარები, მსახური ბიჭებიც ჰყავდათ, რომელთაც „სპეციალური დავალებით აგზავნიდნენ სავაჭროს საყიდლად“. ერთი სიტყვით, სირაჯხანაში დიდი აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული და სასმელთან ერთად, „დიდი ფულიც ტრიალებდა“. ალბათ ამიტომაც ოცნებობდა თბილისელი კინტო საახალწლოდ სულ „უბრალო“ რამეზე:
„ღმერთმა ისეთი სიმდიდრე მომცეს, რომ ორთაჭალის ბაღი ჩემი იყოს, შიგ ერთი კარავი მედგეს და რაც სირაჩხანაში ღვინით სავსე რუმბებია, სულ ამ კარავში იდგეს. კუპრია მეზურნე ბიჭადა მყავდეს და როცა ეშხზედ მოვიდე, მაშინ ავაბზუილებინო ტკბილი დუდუკი“.
ამასთანავე, ქალაქურ ენაში არა მხოლოდ ღვინოსთან დაკავშირებული ტოპონიმები, არამედ მთელი რიგი სიტყვები გვხვდება:
„შემანი“ – წყალმაჭარა, დაბალი ღვინო, ჭაჭაზე რომ წყალს დაასხამენ, შემდეგ დაღვინდება; „წოვების ბერები“ – შავი ღვინოა, ტკბილი, საზედაშედ, კახური; „ხიხვი“ – პორტვეინის ტიპის ღვინოა, ბუნებრივი, კახური; „ჯანანური“ – პორტვეინის ტიპის ღვინოა, კახური; „ნუნუა“ – ღვინო [ბავშვურად] და ა.შ.
რაც შეეხება უშუალოდ ღვინოს და მის ხარისხს; პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც თბილისში ღვინის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ხის კასრების აქტიურად ხმარების შემოღებამდე, კარგა ხნის განმავლობაში, ქალაქში ღვინო რუმბებით – ხარის ტყავისგან დამზადებული, მოკუპრული, ტევადი ჭურჭლით ჩამოჰქონდათ. ამის გამო ღვინოს სპეციფიკური, არცთუ სასიამოვნო გემო დაჰკრავდა, რაზეც თბილისში ჩამოსული უცხოელები განსაკუთრებულად ამახვილებდნენ ყურადღებას:
„ნავთლუღის მიდამოებში, მტკვრის ნაპირზე არის ნავთობის წყარო, რომელშიც ნავთი ძალზე მცირე რაოდენობით გროვდება. ნავთს აქ იმისთვის იყენებენ, რისთვისაც რუსეთში ფისს ხმარობენ, უმეტესად კი ტიკების გასაპოხად. ტიკები კამეჩის, თხის და ცხვრის ტყავისგან კეთდება, რომლის ბეწვიანი მხარე შიგნითაა მოქცეული და ნავთითაა გაპოხილი; შემდეგ მას წყლით გამორეცხავენ და ჰაერზე გაჰკიდებენ, სანამ ნავთი მთლად არ დაიწურება. ამ ტიკებში შემდეგ ღვინო ინახება, რომელიც მისგან უსიამოვნო ნავთის გემოს იღებს, თუმცა ამას ეგუებიან. ძველ ტიკებში ღვინო ძალიან კარგად და დიდხანს ინახება“, – აღნიშნავდა ედუარდ აიხვალდი, გერმანელი მეცნიერი, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის 20-იან წლებში იმოგზაურა.
მისივე თქმით, საქართველოში ღვინის დამზადებას ისევე მუყაითად და ცოდნით რომ მოჰკიდებოდნენ, როგორც სხვა ქვეყნებში, ქართული ღვინო არაფრით ჩამოუვარდებოდა საუკეთესო ევროპულ ღვინოებს, თუმცა „ვენახების პატრონები ადრე და სწრაფად ჰყიდიან საშუალო ხარისხის ღვინოს, რადგან მათზე მოთხოვნილება უფრო დიდია“.
ამ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერ–მოგზაური – აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, რომელიც კავკასიაში 1843 წელს იმყოფებოდა. ამ მოგზაურობის საფუძველზე დაწერილ წიგნში „ამიერკავკასია“ ჰაქსტჰაუზენი აღნიშნავდა:
„კავკასიელები ღვინოს ამზადებენ ძალზე მიზანშეუწონლად და უხეშად. ყველა მტევანი – თეთრი, შავი, იისფერი, მრგვალი, მოგრძო, მწიფე, მკვახე – ერთად იყრება გარეთ მიწაში ჩაფლულ ოთხკუთხა, უმეტესად ამოშენებულ ღრმულში ან ჭურჭელში და ფეხით იჭყლიტება; სახმარად ღვინოს ასხამენ ტიკებში/რუმბებში. კასრებს და ბოთლებს აქ არ იცნობენ. საძაგელი სანახავი იყო ასეთი უზარმაზარი რუმბი ურემზე დადებული ჩვენ რომ შემოგვხვდა; ის ჰგავდა მკვდარ საქონელს! ღვინის შესანახ კასრებზე ყველგან გაჭირვებაა. გერმანელი კოლონისტები თავისთვის იმზადებენ კასრებს… გარდა ნახმარი შამპანურისა, აქ სხვა ბოთლები არ აქვთ, რომელთაც აგროვებენ, ანდა რუსეთიდან მოაქვთ. ბოთლები ბევრად ძვირია, ვიდრე თვით ღვინო“.
ასევე, გერმანელ მეცნიერს მიაჩნდა, რომ ქართველები ვაზის მოვლის კულტურის მხრივ მოიკოჭლებდნენ, რაც მიღებული მოსავლის რაოდენობაზეც აისახებოდა, თუმცა იქვე დასძენდა, რომ „კახეთის საუკეთესო ღვინოებს დიდი მსგავსება აქვთ ბურგუნდიულსა და ესპანურთან, ოღონდ ბუკეტი ჩამოუვარდება“.
რა თქმა უნდა, ამით უცხოელთა მიერ ქართული ღვინის შეფასება-დაფასების საკითხი არ ამოწურულა, თუმცა, წლების შემდეგაც კი, პრობლემები უცვლელი რჩებოდა. მაგალითად, 1875 წლის საგაზეთო ცნობაში მოყვანილი იყო ერთი ინგლისელი „მცოდნე კაცის“ აზრი ქართულ ღვინოზე, რომელსაც მიაჩნდა, რომ „თუმცა საქართველოს ღვინოები ბუნებით ძალიან კარგი თვისებისანი არიანო, მაგრამ კუპრისგან ფუჭდებაო; თუ ღვინის მწარმოებელნი ამ გარემოებას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევენ, საქართველოს ღვინოები ერთი საუკეთესო და უპირველესი ღვინოები შეიქნებაო“.
ამავე აზრისა ყოფილა „ღვინის ფრანცუზი ოსტატი – კინიოლი“, რომელსაც 1877 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნაკვეთების ყიდვა, ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება განუზრახავს – „თუ კაცმა ყური უგდო და საქმის ცოდნით მოჰკიდა კავკასიაში ღვინის კეთებას ხელი, უეჭველიაო, რომ აქაური ღვინოები, თუ არ ემჯობინება სამზღვარ გარეთის საუკეთესო ღვინოებს, თორემ უკან არ ჩამოუდგებაო“, – ფიქრობდა თურმე კინიოლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და ასევე, ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ქართული პრესა გაჯერებული იყო ამგვარი ცნობებით:
„ჩვენს ქვეყანაში მოსულა ერთის ბერლინის სავაჭრო სახლის წარმომადგენელი, რომელიც ბერლინში გასაგზავნად ჰყიდულობს სამას-ათას თუნგს ჩვენებურს ღვინოს, ჭაჭასა და ღვინის მარილსა“;
„ჩამოვიდნენ მარსელიდამ ტფილისში რამდენიმე წარმომადგენელი საფრანგეთის ვაჭრისა, რომელსაც აზრად აქვს საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქებში ჰყიდოს კახური ღვინოვო“;
„ამ დღეებში ტფილისზე გაიარა კახეთისაკენ რამდენმამე უცხოელმა კაცმა კახეთში ღვინის სასყიდლად, რომელსაც გერმანიასა და საფრანგეთს გაჰგზავნიან“;
„მთელ ქვეყანაზე განთქმულს დიდს ფულის პატრონს და ბანკირს როტშილდსა განზრახვა აქვს, შეისყიდოს მთელი კავკასიის ვენახები, აკეთოს ევროპიელების გემოვნებაზედ ჩვენებური ღვინოები და გაიტანოს სამზღვარ-გარეთ გასასყიდლად. ამავე როტშილდს აქვს შესყიდული თითქმის მთელის ისპანიის ვენახები, რომლის ღვინოებსაც თითქმის ყველგანა აქვს გასავალი“;
„ზოგიერთ საფრანგეთის ღვინის მკეთებლებს უყიდნიათ ბევრი ჩვენებური ქვევრები, ასე თითქმის 1000 ცალი და წაუღიათ საფრანგეთში. იქაურ ღვინის მკეთებელ მემამულეთ უნდა გამოსცადონ, როგორ ინახავს ჩვენი ქვევრი ღვინოს და საზოგადოდ, ივარგებს თუ არა ევროპიულის ღვინის კეთებისათვის ეს ჭურჭელიო“.
მეტიც, 1894 წელს, საფრანგეთის მევენახეებს საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი გამოუგზავნიათ, რომელსაც „ჩვენებური ვენახის ლერწების“ წაღება ჰქონია დავალებული. ამავე წლის ბოლოს კი უკვე ცნობილი ფრანგული ფირმის „ოტო ჩილზის“ წარმომადგენელი გამომგზავრებულა კავკასიაში საგანგებოდ იმ აზრით, რომ საფრანგეთის ღვინის ვაჭრების მინდობილობით, ვენახები შეეძინა.
ამ დროისთვის ქართული ღვინო უკვე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ოდესასა და ვარშავაში, სადაც 1880-იანი წლების ბოლოსკენ „კახურს“ დიდი პატივი და ყურადღება დაუმსახურებია – „მადლობელნი უნდა ვიყვნეთ თ.ი.კ ბაგრატიონ-მუხრანსკისა და თ.ზ. ჯორჯაძისა; ამათ ჩვენ ღვინოს ააცილეს ის სუნი, რომელსაც ევროპელთა ცხვირი ვერ იტანს“.
ამ და სხვა, ლოკალური თუ საერთაშორისო წარმატებებით ქართველი მეღვინეები ისე გათამამებულან, რომ 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე კავკასიური ღვინოების ჭაშნიკების გაგზავნა განუზრახავთ, მანამდე კი კახეთის ღვინის მწარმოებელთა ამხანაგობაც დაუფუძნებიათ. 1898 წელს, ამ ამხანაგობას „საჩივარი აუტეხია“ ღვინით მოვაჭრე თუშურიანცის წინააღმდეგ იმის გამო, რომ „ეტიკეტებზედ სიტყვა „კახეთი“-ს ჰხმარობდა და ამ ფირმით ვაჭრობდა. ამხანაგობა უჩიოდა თუშურიანცს, რომ ამის წყალობით იგი ჩვენს მუშტარს იბირებსო“. საბოლოო ჯამში, სასამართლოს დაუდგენია: „აუკრძალოს ალექსანდრე თუშურიანცს ვაჭრობისათვის ეტიკეტებზედ სიტყვა „კახეთის“ ხმარება და ამასთან ნება მიეცეს ამხანაგობას ზარალი ეძიოს აღმასრულებელის წესით და გაზეთებშიც გამოაცხადოს ეს გარდაწყვეტილება“.
ამ ყველაფრის ფონზე, თბილისში თითქოს არაფერი იცვლებოდა, რადგან ქალაქელი სირაჯები უფრო და უფრო ოსტატდებოდნენ კლიენტების მოტყუებასა და გაბითურებაში, მით უმეტეს, რომ ღვინო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, როგორი ხარისხისაც არ უნდა ყოფილიყო ის, მაინც კარგად საღდებოდა, აბა, ამგვარ სადღეგრძელოთა ავტორები რომელ ღვინოს აუბზუებდნენ ცხვირს?!
„ძმებოჯან, ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ლოთი, რომელიცა რომა კვირა დილით ეკლესიაში წავა, ღმერთს სანთელი აუნთოს. გზაზე შემოეყრება მშიერი ძმაბიჭი, ჩაიყვანს „პადვალში“, პურს აჭმევს, ღვინოს დაალევინებს, ფულს იქ დახარჯამს, ამბობს თუ, ღმერთი უჩვენოთაც იოლად წავაო“.
ზოგადად, ქალაქში ღვინის ფასი ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, ბუნებრივია, მოსავალზე. როგორც 1886 წლის „ივერიაში“ ვკითხულობთ, ამ წელს ჩვენი მემამულეების ნაწილს „ვერაფერი საქმე მოსვლიათ“, რადგან ახალი მოსავლის იმედად, წინა წლის ღვინო იაფად გაუყიდიათ. თუმცა, მტევნებით „დაყურწული“ ვენახები თრთვილსა და სიცივეს გაუფუჭებია, რის გამოც ღვინის ფასი ერთიორად გაზრდილა…
[ალბათ ამ და სხვა მსგავს მიზეზთა გამო იყო, რომ პერიოდულად ძველ ქართულ პრესაში ვენახების დაზღვევის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას – „სანატრელია, რომ იმისთანა მოთავე კაცები ამოჩნდებოდნენ ჩვენში, რომელნიც ითავებდნენ ზარალისგან მზღვეველი საზოგადოების შედგენას, ყოველ გვარის მოსავლის საზღვეველად თუ არა, ვენახისათვის მაინც“.]
ქალაქში ღვინით ვაჭრობას რომ დავუბრუნდეთ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად სირაჯები მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მისაღებად არაფერზე იხევდნენ უკან:
„ტფილისში ძლიან უჩივიან ერთმანერთს ღვინის გამყიდველნი და ღვინის მუშტარნი. ღვინის გამყიდველნი იძახიან, რომ ვაჭრობა აღარ არის ღვინისა, ქესატობა ჩამოვარდაო და ღვინის მუშტარნი-კი ამას ამბობენ, რომ წელს მოწამლულს ღვინოსა ჰყიდიან სარდაფებშიო. მართლაც და, აქაო და კახეთში წელს ცოტა მომჟავო და დაბალი ღვინო მოვიდა, ყველა სირაჯი და ღვინის გამყიდველი იმასა სცდილობს, რომ შეაზავოს როგორმე თავისი ღვინოები, წამლებით მისცეს ფერი და სიმაგრე. ზოგი სპირტს ურევს, ზოგი საღებავს წამალს, ზოგი რას და ზოგი რას. კარგია კიდევ ვინც იცის ღვინის კეთება და შეზავება. უბედურებაც ეგ არის, რომ მომეტებულმა ნაწილმა არ იცის, როგორ დაატკბოს მომჟავო ღვინო, როგორ მისცეს ძალა მდარე ღვინოს, რამდენი გაურიოს ან ერთი ან მეორე წამალი და ამიტომ უფრო ისეთს ღვინოებსა ჰყიდიან, რომ კაცს პირში არ ჩაეშვება“, – აღნიშნულია გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ერთ-ერთ ნომერში.
ამავე წელს, გაზეთი „Тифлисский листок“ წერდა:
„ტფილისის მეღვინეებსა და სირაჯებს ერთი ხერხი კიდევ მოუგონიათ, თუ როგორ უნდა მოატყუონ თავიანთი მუშტარი. ისეთი პატარა ბოთლები შემოიღესო, ამბობს გაზეთი, რომ თუნგში ასეთი ბოთლი ჩავა ხუთის მაგიერ ექვსი და შვიდიო. ამ სახით, ვინც ბოთლობითა ჰყიდულობს, მანათიან ღვინოში შვიდი აბაზი უნდა გადაიხადოს, ანუ ერთს თუნგში სირაჯმა უნდა ორი ბოთლი მოჰპაროს მსყიდველს. ეს სწორედ დიდი ოსტატობაა!“
სირაჯების კიდევ ერთი საუცხოო მიგნება ღვინის პირდაპირ ურმებიდან გაყიდვა იყო. ვინც არ იცოდა, ფიქრობდა, რომ ამ ურმებით თავად ვენახის პატრონ გლეხს ჩამოჰქონდა ქალაქში ღვინო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს თბილისელი ჩარჩ-ვაჭრების მორიგი მახე იყო:
„რაკი ჩარჩებმა მოჰკრეს ყური, რომ ქალაქის გამგეობა არ უშლის სოფლის ხალხს პირდაპირ მხმარებელთან დაიჭიროს საქმე თავის ნაწარმოების გაყიდვაში, მაშინათვე გაემგზავრნენ სოფლებისაკენ, იყიდეს ღვინოები, მოიპოვეს გლეხ-კაცის მოწმობა და ჩამოიტანეს რუმბები ტფილისში. იშოვნეს შიგ ტფილისში აგრეთვე ძველი დამტვრეული ურმები, რომელიც დააყენეს მეიდნებზე და დაიწყეს ღვინის გაყიდვა. მსურველი ადვილად დარწმუნდება, რომ იმ ურმების გადაგორებაც-კი შეუძლებელია, არა თუ სოფლიდამ მათზე ღვინის ჩამოტანა. ღვინოს, რასაკვირველია, ისე აფუჭებენ, როგორც-კი შეიძლება და როგორადაც თავის დღეში გლეხი-კაცი ვერ გააფუჭებს, „არ დაიდებს ცოდვასა“. მუშტარს კი ჰგონია, პირდაპირ სოფლის ღვინოს ვყიდულობო“.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ე.წ. გამყალბებლები ერთობ უცნაურ და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ ხერხებსაც მიმართავდნენ. მაგალითად, 1897 წელს, ქალაქის ბაღოსნობის გამოფენაზე ერთ ქალაქელ ვაჭარს ბოთლის ღვინო წარუდგენია. ექსპერტებს პროდუქტი მოსწონებიათ და მისთვის შესაბამისი შეფასებაც მიუციათ, თუმცა, როგორც შემდგომში გარკვეულა, ვაჭარს საკუთარი კი არა, თავად ჭავჭავაძის ღვინო ჩამოუსხამს ბოთლებში და გამოფენაზეც ის წარუდგენია…
ფასთან ერთად ქალაქელები ღვინის ხარისხსაც უჩიოდნენ. ხშირად თბილისში შეღებილი და წყალნარევი ღვინო იყიდებოდა. მაგალითად, 1898 წელს, პოლიციას ქალაქის საქიმიო ლაბორატორიაში გაუგზავნია ერთ-ერთი ვაჭრისგან ნაყიდი წითელი ღვინის ნიმუში. როგორც აღმოჩნდა, ღვინისთვის წითელი ფერის მისაცემად ვაჭარს ანილინის საღებავი გამოუყენებია, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია – „ამგვარი შემთხვევა არა ერთი და ორი ყოფილა, მაგრამ საწუხაროდ დღემდის არ იქმნენ დასჯილნი ასეთი სიყალბისათვის თავგასული სირაჯები და ისინიც არ ანებებენ თავს ღვინის შეღებვას მავნებელ საღებავებით“.
სამწუხაროდ, ეს პრობლემები ლამის მუდმივად ინარჩუნებდა აქტუალობას. ამ ამბებიდან ათი წლის შემდეგაც, „ექიმ ქალს – ფომინა-ოსიპოვას იარმუკისა და მახლობელ ქუჩების სარდაფებიდან თვრამეტნაირი ღვინო გაეგზავნა ქალაქის ლაბორატორიაში შესამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ სირაჯებს ღვინის შესაზავებლად მავნებელი წამლები უხმარათ… ყველა სხვა-და-სხვა საღებავით იყო შეღებილი. ამიტომ გადაწყვიტეს, ხშირად გასინჯონ ხოლმე ღვინოები და პასუხის გებაში მისცენ, ვისაც შეღებილი და საერთოდ გაფუჭებული ღვინოები აღმოაჩნდება“.
მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ღვინით მოვაჭრენი არაფერს იშურებდნენ, რომ როგორმე კლიენტები სწორედ მათი პროდუქციის მაღალ ხარისხში დაერწმუნებინათ და ამისთვის საგაზეთო რეკლამებსაც იყენებდნენ, მაგალითად:
„საამო განცხადება. ვისაც სურს ნამდვილი კახური ბუნებითი, არომატული ღვინოებით დაატკბოს თვისი გემოვნება, ინებოს და მიირთვას ღვინოები „ალაზნის“ სარდაფისა, სოლოლაკის ქუჩაზე“;
„ღვინის სარდაფი „იყალთო“ თ. გიორგი და ლუარსაბ მაყაშვილებისა ამით აუწყებს საზოგადოებას, რომ ჩვენ გავხსენით საკუთარი მოსავლის ღვინის სარდაფი, ბოთლი 20 კაპიკიდან ვიდრე 1 მანათამდე, ვედროთი ფასი დაკლებულია“;
„მთავარი კანტორა დ. ზ. სარაჯიშვილისა ტფილისში 1902 წლის 4 აპრილიდგან იწყებს ვაჭრობას მხოლოდ კახეთის ღვინოებით. ფასები – ბოთლი 1 მანეთიდგან, ვედრო 4 მანეთიდგან. ნაღდ და მუდმივ მყიდველებს ღვინო დაკლებულ ფასად დაეთმობათ. ვინც 10 ბოთლზედ არა ნაკლებს დაიკვეთავს, იმას კანტორა სახლში გაუგზავნის ღვინოს. ღვინო გაიყიდება საკუთარის [კახეთი, სოფელი ბაკურციხე] და კახელ მემამულეთა საუკეთესო ვენახებისა: ღვინოებზედ თვალ–ყური ეჭირება და საზოგადოდ ამ საქმეს გაუძღვება სპეციალისტი, გამოცდილი მეღვინე“.
სამწუხაროდ, ვერც სარაჯიშვილის მსგავსი პატიოსანი მოთამაშეები ცვლიდნენ ბაზარზე არსებულ არასახარბიელო სურათს, რაც ქალაქში ღვინით ვაჭრობას უკავშირდებოდა, რადგან მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო…
საბოლოოდ, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ღვინით ვაჭრობასა და ზოგადად, ამ სფეროს ეკონომიკურ მხარეზე, მკითხველთა დიდი ნაწილისთვის ძველი თბილისი ბოჰემასთან, ყარაჩოღელთა თავგადასავლებთან, ლეგენდარული თამადებისა და ტოლუმბაშების სიტყვაკაზმულობასთან, აშუღებთან, ერთი სიტყვით, მთელ რიგ რიტუალებთანაა დაკავშირებული. ამ სტატიაში აღნიშნულ საკითხებს შეგნებულად არ შევეხეთ, თუმცა დასასრულ, მაინც ვახსენოთ ერთი-ორი „ოინბაზური“ ამბავი:
„14 მაისს, ღამით, აზნაურ ალექსანდრე დეკანოზიშვილის ღვინის სარდაფიდგან ვიღაცამ მოიპარა ექვსი ვედრო ღვინო. პოლიცია ქურდს დაეძებს“;
„ერთი ოინბაზი მისულა სირაჯთან, მოჰრიგებია ექვსის თუმნისა და რვა მანათის ღვინოს, ჩემს ბატონს ქორწილი აქვს ამ დღეებშიო და წამოსულა. მერე ისევ ჩაბრუნებულა, მომეცი ბარემ 14 მანათი და ბიჭიც გამატანე, ათს თუმნიანს გამოგიგზავნიო. მიიღო თურმე ფული და წაიყვანა ბიჭიც. ბიჭი გზაში მისთესა სადღაც და თავად 14 მანათი ჯიბეს იკრა“.
ამ მოვლენებიდან დიდმა დრომ განვლო მანამ, სანამ უტყუარი მტკიცებულებით დადასტურდებოდა ჩვენი უძველესი კავშირი ღვინოსთან, თუმცა ვიდრე ქართული, მით უმეტეს – ქვევრში დაყენებული ღვინის განსაკუთრებულობას ხელახლა ვირწმუნებდით და ღვინის დამზადებას ისევე მუყაითად და ცოდნით მოვეკიდებოდით, როგორც ჯერ არს, ღვინის „დანომრვიდან“ და „კეთებიდან“ დაწყებული, ჩვენ და ჩვენი წინაპრები არაერთი, არცთუ სასურველი ექსპერიმენტის მომსწრენი გავხდით და ეს პროცესი აქტიურად საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო – „იქ, სადაც იყო სახელგანთქმული სირაჯხანა, სადაც კიდევ კენტად დარჩენილ ყარაჩოღელებს გულამოსკვნით უმღერდნენ იეთიმ-გურჯი და მოხუცი ბეჩარა – დღეს აქ ქუჩა გაშლილა განიერი… მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი სამუშაოების, რაც სრულიად განხორციელდება ამ მოკლე ხანში: მტკვრის მორევებზე გადმოეკიდება ახალი ხიდი. იქიდან მხარბეჭიანი ქუჩა წამოვა სახეშეცვლილ სირაჯხანის აღმართით და შეუერთდება კახეთის მოედანს…“.