“ლარს გაამყარებს ტურიზმის 2019 წლის დონის თუნდაც სანახევროდ აღდგენა” - ეკონომისტის მოსაზრება

“ლარს გაამყარებს ტურიზმის 2019 წლის დონის თუნდაც სანახევროდ აღდგენა” - ეკონომისტის მოსაზრება

საქართველოში ტურიზმის აღდგენის ნიშნები არის, თუმცა – ჯერ მხოლოდ მცირე. მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება, რის შემდეგაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ელოდებიან. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოლოდინია, რომ საზღვრების გახსნა მყისიერად აისახება ეკონომიკაზე და მათ შორის ლარის კურსზეც.

ეკონომისტებიც ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ ტურიზმის სექტორის აღდგენას მიიჩნევენ. მაგალითად, Forbes Georgia-ს მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე წერს, რომ ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზ­­­­­­მის 2019 წლის დონის თუნდაც სანახევ­­­­­­როდ აღდგენა. მისივე თქმით, უცხოური ვალუტის სხვა ახალი მნიშვნელოვანი ნაკადების მიღე­­­ბის წყარო საქართველოს არა აქვს.

თუმცა ეკონომისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სწრაფი ტემპები და ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების სრულად გახსნა. „ყველა სხვა გამოსა­­­ვალს აქვს მძიმე ფასი, რომელიც ლარის გაუფასურებისგან მიღებულ ზარალზე არანაკლები ტვირთი იქნება მოსახლეო­­­ბისთვის“, – წერს ეკონომისტი.

გარდა ამისა, როგორც ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, იმისათვის, რომ ლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდეს და ინფლაცია და ქვეყნის ვალი არ გაიზარდოს, ვირუსის ნებისმიერი მასშტა­­­ბით გავრცელების პირობებში მთავრობამ გასული წლის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ უნდა დააწესოს.

ის ასევე წერს, რომ მთავრობამ თავი უნდა დაა­­­ნებოს სუბსიდირების ისეთ პროგრამებს, რომლებიც გარკვეულ დარგებში მოთხოვ­­­­­­ნას ხელოვნურად ზრდის, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას აზი­­ანებს და საბოლოო ჯამში ლარის გაუფასურებას და ინფლაციის მატებას უწყობს ხელს. „ეკონომიკის სტიმულირება საბაზ­­­­­­რო საპროცენტო განაკვეთების შემცირე­­­ბით უნდა მოხდეს და არა სუბსიდირების პროგრამებით“, – აღნიშნავს ეკონომისტი.

ცნობისთვის, 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ღირებულება 3.3 ლარს ჩამოსცდა. ამჟამად ერთი დოლარი 3.2993 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 4.0420 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, შვიდი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *