თურქეთი ხმაურისა და დაბინძურების შესამცირებლად ფეიერვერკების მოწყობის აკრძალვას გეგმავს. გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და კლიმატური ცვლილების სამინისტროს ინიციირებული რეგულაცია ქვეყნის მასშტაბით ღია ცის ქვეშ ყველა სახის ფეიერვერკის გაშვებას აკრძალავს.
ფეიერვერკების აკრძალვა ხმაურისა და ვიზუალური დაბინძურების წინააღმდეგ არსებული რეგულაციის პროექტის ნაწილია. რეგულაცია ეროვნული გამოცდების ჩატარების ადგილებში რამდენიმე დღით ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს შეწყვეტასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამინისტრო ღამის კლუბებისა და დისკოთეკებისთვის მუსიკის დაკვრის ლიცენზიის მინიჭებამდე „ხმაურის რუკებს“ შეიმუშავებს და ასევე დააწესებს დროით ლიმიტს ხმამაღალი აქტივობებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ფეიერვერკების მოწყობა უკვე აკრძალულია, ახალი ინიციატივა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. სამინისტრომ ქალაქებისთვის „ხმაურით დაბინძურების რუკის“ შემუშავება 2012 წლიდან დაიწყო. სატრანსპორტო გადაადგილება, მათ შორის პატარა ქალაქებისთვის, ხმაურის მთავარ წყაროდ რჩება. ხმაურის გამომწვევ მიზეზებს შორის არის საცხოვრებელ უბნებთან ახლოს არსებული რკინიგზები, გასართობი ადგილები და ინდუსტრიული უბნები.
ახალი რეგულაციით, სამშენებლო სამუშაოებისთვის დილის 7-დან 10 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას დილის 10-დან საღამოს 10-მდე პერიოდი განისაზღვრა. ასევე კონცერტები, აქციები და სხვა მსგავსი ღონისძიებები საცხოვრებელ ადგილებში მხოლოდ დილის 10-დან საღამოს 10-მდე იქნება დაშვებული.