თურქეთიდან ექსპორტის მოცულობა იანვარ-მაისში 20%-ით შემცირდა

თურქეთიდან ექსპორტის მოცულობა იანვარ-მაისში 20%-ით შემცირდა

თურქეთში იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტის მოცულობამ $61.6 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, კლებაა იმპორტის მიმართულებითაც, რამაც 5.2% შეადგინა გასულ წელთან შედარებით, თანხაში კი ეს მაჩვენებელი $82.6 მილიარდია. შედეგად სავაჭრო სხვაობა ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელს შორის გაორმაგდა და წლის პირველ 5 თვეში $21 მილიარდი შეადგინა.

თურქეთის ექსპორტის მაჩვენებელი მაისში დაახლოებით $10 მილიარდი იყო, რაც 2019 წლის მაისთან შედარებით 41%-ით ნაკლებია. იმპორტმა კი მაისში 28%-იანი კლება აჩვენა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $13.4 მილიარდი შეადგინა.

TurkStat-ის მონაცემებით, ექსპორტის 93.8% წარმოების სექტორზე მოდის, ხოლო სოფლის მეურნეობის, თევზრეწვისა და მეტყევეობის სექტორზე მხოლოდ 3.7%, სამთომოპოვებით სექტორზე კი 1.9%.

ამასთან, თურქეთის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წილი საწარმოო ინდუსტრიის 3.8% იყო. ნახევარფაბრიკატებს კი მთლიან ექსპორტში ლომის წილი უკავია (76.7%).

რაც შეეხება თურქეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს: გერმანია თურქული პროდუქციის მთავარი იმპორტიორია. მაისში თურქეთიდან გერმანიაში $919 მილიონის ღირებულების პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. მას მოჰყვება აშშ $882 მილიონით, ერაყი $603 მილიონით, დიდი ბრიტანეთი $560 მილიონით და საფრანგეთი $416 მილიონი.

შეგახსენებთ, თურქეთის ეკონომიკა პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და მაისის თვეში დოლართან მიმართებით 7.49 შეადგინა. თურქეთში პრობლემად რჩება მიმდინარე მაღალი ინფლაცია და ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს დაახლოებით 3.5%-ით შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.