თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი პოლიტიკას ცვლის

თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი პოლიტიკას ცვლის

თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი პირობას დებს, რომ ქვეყანაში გამოლეულ უცხოური ვალუტის რეზერვებს ხელახლა შექმნის. ნაჯი აგბალი ცენტრალური ბანკის მმართველად გასულ თვეს დაინიშნა, პირველივე პრესკონფერენციაზე მან დამაჯერებელი განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც FT-ის ცნობით, თურქული ლირა დოლართან მიმართებით 0.7%-ით გამყარდა. ახალი მმართველის პოლიტიკა და სტრატეგია საკმაოდ მკაცრია. ის აცხადებს, რომ ბანკი აღარ გაყიდის დოლარს ლირის გასამყარებლად, რაც მანამდე აქტიურად გამოიყენებოდა. ბოლო ორ წელიწადში Goldman Sachs-ის მონაცემებით, თურქეთს უცხოური რეზერვების გაყიდვების მოცულობამ ლირის გასამყარებლად $150 მილიარდს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, აგბალი ყოფილი ბიუროკრატი და მმართველი პარტიის წევრია, ის ცენტრალურ ბანკს სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძემ, ბერათ ალბაირაკმა აღნიშნული პოზიცია დატოვა. მისი წასვლის შემდეგ, ეკონომისტები აცხადებდნენ, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები, დასუსტებული ეროვნული ვალუტა და უცხოური კაპიტალის კლება ქვეყნის $750-მილიარდიან ეკონომიკას კრიზისის წინაშე დააყენებდა.

ახალი მმართველი კი ამბობს, რომ ის უცხოური ვალუტის რეზერვებს ეტაპობრივად გაზრდის და გააძლიერებს, რაც დაეხმარება ქვეყანას კრიზისისგან თავის დაღწევაში.

მისივე თქმით, საჭიროა მუდმივი მუშაობა ინფლაციაზე, რომელმაც ნოემბერში ოფიციალური მონაცემებით, 14%-ს მიაღწია. ამისთვის კი ცენტრალური ბანკის მმართველი ამბობს, რომ მას სურს კიდევ უფრო გაზარდოს მთავარი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გასულ თვეს 15%-მდე იყო შემცირებული.

აგბალი ასევე პირობას დებს, რომ რამდენიმე საპროცენტო განაკვეთის კომპლექსურ სისტემას გაამარტივებს, რასაც ინვესტორები და ანალიტიკოსები მიესალმებიან. რამდენად მიეცემა გეგმების აღსრულების შესაძლებლობა ახალ მმართველს, ჯერ კითხვითი ნიშნის ქვეშაა, ვინაიდან აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოწინააღმდეგეა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები „ეშმაკის დედა და მამაა“. თუმცა, ნაჯი აგბალი ჯერ აკონკრეტებს ჰქონდა თუ არა პრეზიდენტთან დისკუსიები ამ საკითხზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.