IMF-მა საქართველოსთვის $113.9 მილიონის გამოყოფა დაამტკიცა

IMF-მა საქართველოსთვის $113.9 მილიონის გამოყოფა დაამტკიცა

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას IMF-ი საქართველოსთვის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” ფარგლებში 4-წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. 

IMF-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება $113.9 მილიონი დოლარის (SDR 79 მილიონის) რესურსი. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რესურსი საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების დაფინანსებაში. ფონდის ინფორმაციით, ამ ფინანსური დახმარების გამოყოფის შედეგად, IMF-ის მიერ ქვეყნისთვის უკვე გამოყოფილი რესურსების მოცულობა $585 მილიონ დოლარს (SDR 406 მილიონს) მიაღწევს. 

ამასთანავე, IMF-ის დირექტორთა საბჭომ საქართველოს განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც დაამტკიცა. ახალი პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, რაც ოქტომბერში წარდგენილ პროგნოზთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ გაზრდილ ვალის ზომასაც ითვალისწინებს. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ით არის განსაზღვრული. 

IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ პანდემიის პირველი ტალღის კარგად შეკავების მიუხედავად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების მიღებას საჭიროებს, რასაც დამატებითი ფინანსური რესურსები ესაჭიროება. ამასთანავე, ჟენგი ამბობს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმა, რათა ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტზე მომავალი ნეგატიური რისკები შემცირდეს. 

“COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს. რისკები დიდია და, მეტწილად, ნეგატიური.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას. 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს. ხელისუფლების მიერ იმ ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარეობს, ხელს შეუწყობს ვალის მდგრადობას. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გეგმა საჯარო სექტორის ეფექტურობას გააუმჯობესებს.

სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და კოვიდ 19-ის შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად. ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესრულება დამაკმაყოფილებელია. ‘გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი’ ხელისუფლებას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარა, რამაც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეზღუდა,”- აცხადებს ტაო ჟანგი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *