თურქეთში ეკონომიკური რეფორმები იწყება

თურქეთში ეკონომიკური რეფორმები იწყება

თურქეთში ეკონომიკური რეფორმები იწყება. რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელების პირობაც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შარშან ნოემბერში დადო, გასულ კვირას წარადგინეს.

ეკონომიკური რეფორმების პაკეტის მიზანია, თურქეთის ეკონომიკა ინვესტიციების, წარმოების, სამუშაო ადგილებისა და ექსპორტის გაზრდის საფუძველზე განავითაროს.

„ჩვენი მიზანია, ადგილობრივი ეკონომიკა გავზარდოთ ნაკლები იმპორტით და უფრო მეტი წარმოებით“, – განაცხადა ერდოღანმა ეკონომიკური რეფორმების პაკეტის წარდგენისას.

საქართველოს დასავლელი მეზობლის ეკონომიკა 2009 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და 2013 წლის შემდგომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩა. 2020-ში კი პანდემიამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ერდოღანის თქმით, მთავრობა მაინც შეძლებს, მიაღწიოს მიზანს და თურქეთი მსოფლიოში ტოპ-10 ეკონომიკის მქონე ქვეყნის სიაში შეიყვანოს.

თურქეთის მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმები ინვესტიციების წახალისებას, შიდა ვაჭრობის გამარტივებას, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესებას, ბაზრის მონიტორინგს და კონტროლს მოიცავს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით კი ყურადღება მიექცევა ინფლაციას, ფინანსურ სექტორს, საბიუჯეტო დეფიციტს და დასაქმების მაჩვენებლებს.

თურქეთის უპირველეს მიზანს წარმოადგენს საჯარო ფინანსების უფრო ძლიერი სტრუქტურის შექმნა, რათა რისკების წინააღმდეგ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის საერთო ვალის წილში უცხოური ვალუტის შემცირება იქნება.

ასევე სახელმწიფო დაიწყებს თანხების დაზოგვას საჯარო ადმინისტრირების ნაწილში, მაგალითად, შეამცირებს ტრანსპორტის დაქირავების ან მასპინძლობის ხარჯებს.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესის მფლობელები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, მთავრობის ეკონომიკური რეფორმის პაკეტი მოიცავს ასევე დაბალშემოსავლიანი ბიზნესებისთვის გადასახადების შემსუბუქებას.

„ჩვენ გადასახადებს შევუმსუბუქებთ დაახლოებით 850 000 მეწარმეს, მათ შორის სილამაზის სალონების თანამშრომლებს, დურგლებს, ხარატებს, ჩაის მაღაზიების ოპერატორებს, მკერავებს, მანქანის ხელოსნებს. ისინი გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან“, – განაცხადა ერდოღანმა.

გარდა ამისა, შეიქმნება ციფრული გადასახადის სამსახური, რომელიც დღეში 24 საათი იმოქმედებს, რათა დაეხმაროს მომხმარებელს, ყველა ტრანზაქციის სწრაფად განხორციელება ციფრულ გარემოში, დისტანციურად შეძლოს.

მთავრობა ასევე პირობას დებს, რომ წაახალისებს კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტებს, ამ კუთხით შემუშავდება კანონმდებლობაც. ერდოღანის თქმით, ქვეყანა მუშაობს ეკონომიკური, ტექნოლოგიური და საკანონმდებლო ინფრასტრუქტურის შექმნაზე ციფრული ვალუტისთვისაც.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ ბანკებსა და მათ მომხმარებლებს შორის ურთიერთობის უფრო მეტ გამჭვირვალობას და ეს მონიტორინგის მექანიზმით მოხერხდება, რათა დავიცვათ მომხმარებლები“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეფორმათა პაკეტი შეეხება ჯანდაცვის ინდუსტრიასაც. ერდოღანის თქმით, იმისათვის, რომ ეს ინდუსტრია გაძლიერდეს და კიდევ უფრო ინოვაციური გახდეს, შეიქმნება ჯანდაცვის ინდუსტრიის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის კონკურენტულ განვითარებას, სტრატეგიული პროდუქციის წარმოებას, მათ შორის მედიკამენტებით დაწყებული, ვაქცინებით დასრულებული, ასევე სამედიცინო მოწყობილობებით დაწყებული და ბიოტექნოლოგიური პროდუქციით დასრულებული.

დაბოლოს,  რეფორმებში გათვალისწინებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიებიც, რაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს ეკონომიკაში, აქ იგულისხმება მონაცემთა დამუშავება და უფრო მეტად სასურველი ტექნოლოგიური გამოსავლების პოვნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *