უკრაინაში წარმოებული Mi-8 ვერტმფრენების გასაუმჯობესებლად ორმა უკრაინულმა კომპანიამ თურქეთის უმსხვილეს თავდაცვით კომპანიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. სამხედრო ელექტრონიკაში სპეციალიზებული კომპანია Aselsan-ი უკრაინულ Motor Sich-სა და Ukroboronprom-თან ითანამშრომლებს Mi-8-ებისათვის ელექტროოპტიკური და სარაკეტო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი სტამბოლში გამართულ თავდაცვით და საჰაერო ინდუსტრიის ღონისძიებაზე, Saha Expo-ზე, მოეწერა. Saha Istanbul-ი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესკლასტერი გახლავთ, რომელშიც თავდაცვითი და საჰაერო ინდუსტრიის 645 წევრი კომპანია ერთიანდება.
გეგმის მიხედვით, თურქული კომპანია Aselsan-ი უკრაინულ Mi-8-ებს საკუთარი საერთო დიაფრაგმის სამიზნე სისტემებით ან F-500C ელექტროოპტიკური სისტემით აღჭურვავს. ეს კი ვერტმფრენს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს ლაზერული დამიზნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თურქული კომპანია ვერტმფრენებს L-UMTAS ან Cirit-ის სარაკეტო სისტემებს დაუყენებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს უკრაინის საჰაერო ძალებმა ექსპლუატაციაში ორი განახლებული Mi-8 ვერტმფრენი დააბრუნა – Mi-8MTPB და Mi-8MTPI. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტიპის ვერტმფრენები დიდი რაოდენობით გადამცემი ანტენებითაა აღჭურვილი. ისინი ვერტმფრენის კორპუსის თითქმის ყველა ნაწილზე გვხვდება – სალონის გარედან ორივე მხარეს და კუდზე.
საინტერესოა ისიც, რომ Mi-8MTPI ტიპის განახლებულ ვერტმფრენს შეუძლია, აღმოაჩინოს და დაადგინოს მტრის რადარები, რაც მას აძლევს შეზღუდულ შესაძლებლობას, განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობა და შეაგროვოს ინფორმაცია მტრის თავდაცვით პოზიციებზე.
სამომავლოდ თურქული და უკრაინული კომპანიების პარტნიორობა შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს.