თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ

თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ

Vuity-ის სახელწოდებით ცნობილი თვალის ახალი წვეთების გამოყენების შემთხვევაში 65 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებს კითხვისას სათვალის გამოყენება აღარ დასჭირდებათ. პრეპარატი ამერიკის შეერთებული შტატების მედიკამენტებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

CBS News-ის ცნობით, Vuity-ი ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 128 მილიონი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვთ, კერძოდ კი ახლოს არსებულ საგნებს ბუნდოვნად ხედავენ. მედიკამენტი თითოეულ თვალში ჩაწვეთებიდან 15 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას. მწარმოებლის განცხადებით, ის ეფექტიანობას 6-დან 10-საათამდე დროის პერიოდში ინარჩუნებს.  წვეთები თვალის თანდაყოლილ უნარს ააქტიურებს, რაც გუგის ზომის შემცირებაში გამოიხატება. ეს ახლომხედველებს სხვადასხვა დიაპაზონზე ბუნებრივად ფოკუსირებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ წვეთების დამტკიცებამდე მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადასტურებლად კვლევა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც ზემოხსენებული პრობლემის მქონე 750 ადამიანმა მიიღო. მედიკამენტის გამოყენების შემდეგ ცდისპირებში მცირე თანამდევი მოვლენები აღინიშნა, მათ შორის, თავის ტკივილი და თვალების სიწითლე. მწარმოებელი მომხმარებლებს რეკომენდაციას აძლევს, წამალი ღამით ავტომობილის მართვის დროს ან დაბალი განათების პირობებში რაიმე აქტივობის შესრულებისას არ ჩაიწვეთონ.

როგორც CBS News-ი იუწყება, თვალის წვეთების გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 დეკემბრიდან დაიწყო. 30 დღის სამყოფი მედიკამენტის ფასი ჯამში 80 აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *