„Top Gun: Maverick“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $124 მილიონი შეადგინა

„Top Gun: Maverick“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $124 მილიონი შეადგინა

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას, გასული პარასკევიდან კვირის ჩათვლით, 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 260 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

2022 წელს გამოსული ფილმებიდან საშინაო დებიუტისას, შემოსავლების თვალსაზრისით, ამ დრომდე საუკეთესო შედეგი ფილმს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ეკუთვნის, რომელმაც პირველ უიკენდზე აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში 187 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. კინოსურათის საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მოცემული დროისთვის 873 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

მეორე ადგილს რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული „ბეტმენი“ იკავებს, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას ბილეთების გაყიდვებით 134 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, ის, ბოლო მონაცემებით, 770 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზე კი $124-მილიონიანი შემოსავლით სწორედ „Top Gun: Maverick“-ია, რომლის გადაღებაც 170 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმის მთავარი გმირი პიტ მიტჩელია – საზღვაო ძალების ერთ-ერთი წამყვანი მფრინავი. კინოსურათი, რომლის რეჟისორიც ჯოზეფ კოსინსკია, სწორედ მის თავგადასავალზე მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ „Top Gun“-ის პირველი ნაწილი 1986 წელს გამოვიდა. ტონი სკოტის რეჟისორობით გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარია, შემოსავალმა კი საერთო ჯამში $357.3 მილიონს მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *