უკრაინულმა ჯგუფმა ევროვიზიის ჯილდო გაყიდა და თანხით ომისთვის დრონებს შეიძენს

უკრაინულმა ჯგუფმა ევროვიზიის ჯილდო გაყიდა და თანხით ომისთვის დრონებს შეიძენს

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ კონკურსის ჯილდო, ბროლის მიკროფონი ონლაინ-აუქციონზე 900,000 აშშ დოლარად გაყიდა. როგორც ცნობილია, თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის PD-2-ის სახელწოდებით ცნობილი დრონების შეძენას მოხმარდება, რომლებსაც ისინი რუსეთის შეტევებისგან თავის დასაცავად გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Kalush Orchestra-ს ბროლის მიკროფონი კრიპტოვალუტის ბირჟა Whitebit-მა შეიძინა, რომელსაც ესტონეთიდან და უკრაინიდან, ვლადიმირ ნოსოვი და ოლეგ კაინი ფლობენ.

უკრაინული ჯგუფი 2022 წლის ევროვიზიის ფინალში, რომელიც 14 მაისს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა, მსმენელის წინაშე სიმღერით „Stefania“ წარდგა, 631 ქულა დაიმსახურა და საკუთარ ქვეყანას ევროვიზიის ისტორიაში მესამედ გაამარჯვებინა.

მალევე, Kalush Orchestra-ს კონკურსში გამარჯვებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთ დღეს ევროვიზიის სტუმრებსა და კონკურსანტებს მარიუპოლში უმასპინძლოს. შეგახსენებთ, ტრადიციის შესაბამისად, ევროვიზიის მომდევო ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული სახელმწიფო მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *