ტოტო ვოლფის ქონება მიმდინარე წელს 60%-ით გაიზარდა

ტოტო ვოლფის ქონება მიმდინარე წელს 60%-ით გაიზარდა

მიმდინარე წელს, „ფორმულა 1“-ის გუნდ Mercedes-AMG Petronas-ის დირექტორისა და თანამფლობლის, ტოტო ვოლფის ქონება 60%-ით გაიზარდა. შედეგად, ვოლფი ამჟამად $1.6 მილიარდს ფლობს, მაშინ როდესაც მარტში, Forbes-ის ბოლო აღრიცხვისას, მისი ქონება $1 მილიარდს უტოლდებოდა.

ავსტრიელი ბიზნესმენის ქონების ზრდა ძირითადად სწორედ „ფორმულა 1“-ის მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდს, $3.8 მილიარდად შეფასებულ Mercedes-AMG Petronas-ს უკავშირდება. გუნდში ვოლფი, INEOS-ი და Mercedes-ის მფლობელი კომპანია თანაბარ, 33%-იან წილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მონაცემებით, 2017 წელს Mercedes-AMG Petronas-ის ღირებულება მხოლოდ $1 მილიარდს უტოლდებოდა. ამერიკული გამოცემის პროგნოზით, 2023 წელს გუნდის შემოსავლები – $700 მილიონს, მოგება კი $192 მილიონს მიაღწევს.

2017 წლის შემდეგ, „ფორმულა 1“-ის ჩემპიონატი Liberty Media-ს მმართველობის ქვეშაა. 2019 წელთან შედარებით, F1-ის ათი ყველაზე ძვირად ღირებული გუნდის საშუალო ღირებულება 276%-ითაა გაზრდილი და $1.88 მილიარდს უტოლდება. მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ ადგილს Ferrari იკავებს, რომელიც $3.9 მილიარდადაა შეფასებული.

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, „ფორმულა 1“-ის პოპულარობა განსაკუთრებით 2019 წელს, Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, Drive To Survive-ის გამოსვლის შემდეგ გაიზარდა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში, სამი რბოლა სწორედ აშშ-ში, კერძოდ მაიამიში, ოსტინსა და ლას-ვეგასშია დანიშნული. ცნობისთვის, Drive To Survive-ის მთავარი ვარსკვლავი სწორედ ტოტო ვოლფია, რაც წლების განმავლობაში მისი შემოსავლების მკვეთრ მატებაზეც აისახა.