ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ბრენდების რეიტინგი

ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ბრენდების რეიტინგი

1872 წელს, როდესაც პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი, FA Cup-ი ჩატარდა, ფეხბურთელებს ხელფასები არ ჰქონდათ, კლუბებიც მხოლოდ ადგილობრივი ასოციაციები გახლდათ და საფეხბურთო ბრენდის კონცეფცია საერთოდ არ არსებობდა. დღეს, ფეხბურთის დაბადებიდან 150 წლის შემდეგ, სპორტის ეს სახეობა, შეიძლება ითქვას, მრავალმილიარდიან ინდუსტრიად გადაიქცა, რისი მიზეზიც მისი მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაა.

დღეს საფეხბურთო გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ მოედანზე ეპაექრებიან, არამედ საფეხბურთო ბრენდების სახითაც უპირისპირდებიან. სტატიაში ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების ბრენდების რეიტინგს წარმოგიდგენთ.

განვმარტავთ, რომ საფეხბურთო კლუბების ბრენდის ღირებულება საკუთრივ საფეხბურთო კლუბის ღირებულებას არ წარმოადგენს. მაგალითისათვის, Manchester United-ს დიდი საფეხბურთო წარმატებისათვის 2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, კლუბმა 2021 წელს საფეხბურთო მაისურების გაყიდვების მეოთხე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რაც კლუბს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს. იგივე შეიძლება ითქვას საუდის არაბეთის Al-Nassr-ზე, რომლის საფეხბურთო ფორმების გაყიდვებიც კრიშტიანუ რონალდუს კლუბში გადასვლის შემდეგ 300%-ით გაიზარდა.

$1.56-მილიარდიანი ღირებულებით 2023 წელს ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბის ბრენდი Manchester City FC გახლავთ. ბრენდის ფასი გასული წლის შემდეგ 13.5%-ით გაიზარდა, რაც კლუბის ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების შედეგია. 2011 წლიდან მოყოლებული კლუბმა ინგლისის პირველი ლიგა 7-ჯერ მოიგო, 2023 წელს კი ე.წ „ტრებლის“ განხორციელებაც შეძლო, ანუ მოიგო პირველი ლიგა, დაეუფლა თასს და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მეორე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის ბრენდი ესპანური Real Madrid CF გახლავთ, რომლის ფასიც $1.5 მილიარდს აღემატება. თუმცა კლუბის ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. მადრიდის რეალმა წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწია, რაც აღნიშნული კლების მიზეზი გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ბრენდების სამეულს კიდევ ერთი ესპანური კლუბი, FC Barcelona ხურავს, რომლის ღირებულებაც $1.4 მილიარდს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიის „ბარსელონა“ მადრიდის „რეალთან“ ერთად ადგილობრივ პირველ ლიგაში (LaLiga) დომინირებს. 94 წლის განმავლობაში 62-ჯერ აღნიშნული ლიგის გამარჯვებული სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი გახდა. ორი ესპანური გუნდის ფინანსურ წარმატებაზე გავლენა უკანასკნელი ათწლეულების ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმაც იქონია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული კლუბები ორივე ვარსკვლავმა დატოვა, მათი კვალი კლუბების ფინანსურ მდგომარეობას დღემდე ეტყობა.

ხუთეულში კიდევ ორი ინგლისური კლუბი, Manchester United FC და Liverpool FC გვხვდება. აღნიშნული კლუბების ბრენდების ღირებულებაც ამჟამად დაახლოებით $1.4 მილიარდს შეადგენს.

ათეულში ერთადერთი ფრანგული კლუბი, Paris Saint-Germain ბრენდის $1.17-მილიარდიანი ღირებულებით მე-6 პოზიციას იკავებს. ათეულში ერთადერთი გერმანული კლუბი, FC Bayern Munchen-ი კი მე-7 პოზიციაზეა წარმოდგენილი და მისი ბრენდის ღირებულება $1.1 მილიარდს შეადგენს.

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ბოლო სამი პოზიცია კვლავ ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს უკავიათ. მე-8, მე-9 და მე-10 ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ბრენდები Arsenal FC, Tottenham Hotspur FC და Chelsea FC არიან.

რეიტინგიბრენდიქვეყანაბრენდის ღირებულება (მილიონი დოლარი)
1Manchester City FCინგლისი$1,562
2Real Madrid CFესპანეთი$1,513
3FC Barcelonaესპანეთი$1,425
4Manchester United FCინგლისი$1,412
5Liverpool FCინგლისი$1,411
6Paris Saint-Germainსაფრანგეთი$1,174
7FC Bayern Munichგერმანია$1,140
8Arsenal FCინგლისი$940
9Tottenham Hotspur FCინგლისი$931
10Chelsea FCინგლისი$893