გასულ კვირას იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota Motor Co-მ, ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, კომპანიის გაყიდვები 2021 წელს 10%-ით გაიზარდა. შედეგად, მას უკვე ზედიზედ მეორე წელია, ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მეტი გაყიდვები აქვს. Toyota-მ კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი უპირატესობა გერმანულ კონკურენტთან, Volkswagen-თან.
Toyota-ს განცხადებით, Daihatsu Motors-ისა და Hino Motors-ის ავტომობილების ჩათვლით, კომპანიის გაყიდვებმა 2021 წელს 10.5 მილიონი ერთეული ავტომობილი შეადგინა. გერმანულმა Volkswagen-მა კი 2021 წელს 8.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ავტომწარმოებლებს გასულ წელს საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების მნიშვნელოვანად შემცირება მოუხდათ. ამის მიზეზი უმთავრესად მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები და ნახევარგამტარების დეფიციტი გახლდათ. ბუნებრივია, რომ ამ ორ გარემოებაზე გავლენა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მოახდინა.
თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიისაგან ყველაზე ნაკლებად სწორედ Toyota დაზარალდა. ამის მიზეზი მისი ადგილობრივი ბაზარი, იაპონია და აზიური სახელმწიფოები გახლავთ, რომლებიც ევროპასთან შედარებით, პანდემიისაგან უფრო მსუბუქად დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, რომ Toyota მესამე კვარტალის მონაცემებს 9 თებერვალს გამოაქვეყნებს და კომპანიის 9-მილიონიანი გეგმის შესახებ უფრო მეტი დეტალი სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა. ცნობისათვის, კომპანიის ბიზნესწელი 31 მარტს მთავრდება.