ტფილისური Arts and Crafts

ტფილისური Arts and Crafts

იმ საქმიანობათა კვალდაკვალ, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას ან რუტინულ შრომას გულისხმობდა, მოიძებნებოდა სფეროები, რომელთა წარმომადგენლებს იდეალური შედეგის მისაღებად პროფესიონალიზმთან ერთად კიდევ სხვა, უფრო ირაციონალური რამ სჭირდებოდათ. მათ შემთხვევაში არ კმაროდა თუნდაც საქმის ზედმიწევნით ცოდნა და მუყაითობა, რადგან ამ სფეროებში დასაქმებულთა ხელობა თავის თავში ხელოვნებასაც გულისხმობდა.

ამ სტატიაში საქმიანობის ამგვარ სფეროთა მხოლოდ ნაწილს შევეხებით, თუმცა, როგორი მოკლეც არ უნდა იყოს ეს სია, წარმოუდგენელია, საუბარი იმ პროფესიით არ დავიწყოთ, რომლის თბილისელ წარმომადგენლებს ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით. სწორედ თბილისელი ფოტოგრაფებისა და მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ შავ-თეთრ ფოტოებზე გარკვევით იკითხება ძველი ქალაქის ისტორია და მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა წერილობით თუ სხვა ტიპის წყაროებთან ერთად, ძველი თბილისის შესწავლის კარგი საშუალებაა.

თბილისელი ფოტოგრაფების შემოქმედებაში ნახავთ როგორც ქალაქის ხედებს, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს თუ განსაკუთრებულ პორტრეტებს, ასევე ისტორიული მომენტებისა და მოვლენების ამსახველ კადრებს, მაგალითად, ალექსანდრ პუშკინის ბიუსტის კურთხევის ცერემონიალს დღევანდელი თავისუფლების მოედანზე; განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენების პროცესიის ამსახველ კადრს; სპარსეთის შაჰის ვიზიტს თბილისში; 1893 წლის 13 მაისის ცნობილ წყალდიდობას – „ფოტოგრაფმა ერმაკოვმა წყალდიდობას გადაიღო სურათები იმ ადგილებისა, რომლებიც 13 მაისს მტკვარმა წალეკა. ეს სურათები გამოფენილია ზოგიერთს მაღაზიებში სასახლის ქუჩაზედ“ და ა.შ.

ალექსანდრე როინაშვილის პორტრეტი / ვასილ როინაშვილის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

გარკვეული თვალსაზრისით, ფოტოგრაფიული საქმე – არა მხოლოდ სერვისით, არამედ უშუალოდ ფოტოებით ვაჭრობაც საკმაოდ შემოსავლიანიც უნდა ყოფილიყო. 1890 წლისთვის  ტფილისში მოქმედებდა „ფოტოგრაფია – 11 და საფოტოგრაფიო სურათების გასასყიდი ადგილიც ამდენივე“.

ცნობადობის გასაზრდელად და პოტენციური კლიენტების მოსაზიდად, XIX საუკუნის ბოლოსკენ, თბილისელი ფოტოგრაფები აქტიურად მიმართავდნენ საგაზეთო რეკლამასაც, მაგალითად:

„პუშკინის ფოტოგრაფია ა. ს. ნორდშტეინისა, რომელიც 1892 დან 1899 წლამდე როინოვის ფოტოგრაფიას განაგებდა, აკეთებს ყოველ-გვარ ფოტოგრაფიულ საქმეს. სურათების გადაღება შეიძლება ყოველ დროს, მიუხედავად ამინდისა. სამხედრო წოდების კაცთ და მოსწავლეებს ნაკლები სასყიდელი გამოერთმევათ“;

ასევე, „ფოტოგრაფია ა. ს. როინაშვილისა [საკუთრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისა] დასაჩუქრებული უმაღლესის ჯილდოებით. ფოტოგრაფიას მოეპოვება მრავალგვარი კოლექცია კავკასიურ ტიპებისა და ბუნების სურათებისა, აგრეთვე ახლად გადაღებული სურათები საქართველოს არქეოლოგიურ ნაშთებისა. ფოტოგრაფია ჰკისრულობს ყოველგვარს სამუშაოს იაფ ფასად: სურათების გადაღებას და უკვე გადაღებულის სურათების გადიდებას. ფოტოგრაფიაში იყიდება ახალი სურათი შოთა რუსთაველისა, გადმოღებული მხატვრის ბუროვის სურათიდან, და აგრეთვე სურათები ჩვენის მწერლებისა და არტისტებისა“.

ცალკე ამბავი იყო ფოტოგრაფიის სწავლება. მაგალითად, 1898 წელს, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებით, ელის[ზ]ბარ ჯაჯანაშვილი იუწყებოდა, რომ მსურველებს ფოტოგრაფიული ხელობის კურსს 15 მანეთად შეასწავლიდა, „საწყალ მოწაფეთ“ კი – უფასოდ! „აგრეთვე ვიღებ სურათებს დაკლებულ ფასად; ვადიდებ პატარა სურათს დიდ სურათად, ვბეჭდავ გახსნილ წერილებზე სურათებს და სხვა ფოტოგრაფიულ ხელობას ვასრულებ სუფთად და მალე“.

ძველ თბილისს არაერთი ფოტოგრაფი ახსოვს, მათ შორის კი ჩვენთვის, მადლიერი შთამომავლობისთვის განსაკუთრებით ძვირფასი პროფესიონალები. მათი ბიოგრაფიის მოყოლას აქ არ დავიწყებთ, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია მოვიყვანოთ  რამდენიმე პატარა ამონარიდი ძველი ქართული პრესიდან, რომელიც პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალებას მიეძღვნა:

„განახლდა სასურათხატო და კარის ბჭეზედ წარწერა: „ა. როინაშვილი“. მოაწყდა კაცი და ქალი და ყოველი, რომელსაც ჰსურდა ეხილვა მხატვრობა თვისის სახისა, მხატვრობა კოხტად, ლამაზად და ღირსეულის ხელოვნებით გადაღებული“;

„შენი გული სიყვარულით იყო აღსავსე და საგანი ამ სიყვარულისა იყო შენი მშობელი ქვეყანა. გიყვარდა მისი წარსული, სიყვარულითა ჰშრომობდი მისის აწყმოსა და მომავლისათვის. ჩვენის წარსულის ნაშთების მოხილვით და ფოტოგრაფიულად გადაღებით საპატიო ღვაწლი დასდე ჩვენის წარსულის შესწავლას“.

გიორგი [გიგო] გაბაშვილი / გრიგოლ კვიტონის ფოტო / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია
ასე დაემშვიდობა ქალაქი როინაშვილს, რომლის დაკრძალვაზეც „დაუპატიჟებლად მივიდნენ მგლოვიარენი და მეინახენი: ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი, მღვდელნი, დიაკონნი, ერნი და ბერნი. ეს უამრავი დასი, ძაძით შემოსილი, პატივს სცემს მხოლოდ პირადს ნიჭსა და ღვაწლს განსვენებულისას…“.

აქვე, ძველ თბილისთან და ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო ამბავი. 1897 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ტფილისის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ბოქაულის თანაშემწემ, ვინმე  ბაბალოვმა ხელმძღვანელობას ერთგვარი ნოვატორული შუამდგომლობით მიმართა – გადაედოთ 100 მანეთი ფოტოგრაფიული აპარატისა და სხვა საჭირო მასალის შესაძენად, რათა: „ტფილისის ყველა ჯიბგირებისა, ქურდებისა და სხვა ბოროტ-მომქმედთა სახეები გადაიღოს. ბაბალოვს ამ რიგად აზრადა აქვს მთელი ალბომი იქონიოს სხვა-და-სხვა ბოროტმომქმედთა და პოლიციის ყველა განყოფილებას დაურიგოს, რომ საჭიროების დროს ადვილად აღმოაჩინონ და შეიპყრან ხოლმე დამნაშავე“.

ბაბალოვის ამ იდეასთან დაკავშირებით მკითხველს შესაძლოა ე. წ. MUG SHOT, დაკავებისას, ბრალდებულისთვის გადაღებული ფოტო გაახსენდეს. ზოგადად, კრიმინალებისთვის ფოტოების გადაღების პრაქტიკა 1840-იანი წლებიდან იღებს სათავეს, 1888 წელს კი ფრანგმა პოლიციის ოფიცერმა, ალფონს ბერტილონმა ამ ტიპის ფოტოების საბოლოო სტანდარტიზაცია შეძლო. რაც შეეხება უშუალოდ ბაბალოვს; უცნობია, რამდენად გაითვალისწინა ხელმძღვანელობამ მისი იდეა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეში მოიპოვება ოთხი ფოტო გრიგოლ/გრიგორი ბაბალოვის ავტორობით, რომელზეც პატიმრები არიან ასახულნი.

რადგან ვიზუალურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ვსაუბრობთ, ვახსენოთ გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის მიხედვითაც 1893 წლის ოქტომბრის დასაწყისში ტფილისში სამხატვრო გამოფენა ყოფილა დაგეგმილი, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ისე მთელი კავკასიის მხატვრები გეგმავდნენ მონაწილეობას.

„მათს ნაწარმოებებს ჩვენ დღეს ვერა ვხედავთ იმის გამო, რომ არ არსებობს შესაფერისი მაღაზიები, უკეთესნი მხატვარნი თავიანთს სურათებს ჰგზავნიან მოსკოვსა და პეტერბურგში, ან აქვე ჰყიდიან ნაცნობებში და ხალხი კი ვერა ჰხედავს მათს ნამუშევარს“, – სინანულით აღნიშნავდა ავტორი.

ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ, თბილისში უკვე კავკასიის მხატვართა რიგით მეხუთე გამოფენა გამართულა, რომელშიც 18 ადგილობრივი მხატვარი, 3 მოქანდაკე და 15 მხატვრობის მოყვარული მონაწილეობდა. ჯამში მათ 45 ნამუშევარი გაუყიდიათ.

როგორც ჩანს, საკუთარ ნამუშევრებს საკმაოდ სარფიანად ჰყიდდა პეტერბურგსა და მიუნხენში განათლებამიღებული ქართველი მხატვარი – გიგო გაბაშვილი, რომელსაც, როგორც ცნობილია, 1891 წელს, ჩიკაგოს გამოფენისთვის თორმეტი სურათი შეუკვეთეს.  საგაზეთო ცნობებიდან ირკვევა, რომ გაბაშვილისგან ნახატებს თბილისელებიც საკმაოდ ინტენსიურად ყიდულობდნენ.

მოგვიანებით, მიუნხენიდან დაბრუნების შემდეგ, გაბაშვილს სამხატვრო სკოლის დაარსება დაუსახავს მიზნად, მანამდე კი „სამხატვრო კლასები“ გაუხსნია. პირობების შეტყობა მსურველს „ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიაში, სათავად-აზნაურო ქარვასლაში“ შეეძლო.

ნიკო ფიროსმანი / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

მხატვრობაზე საუბრისას, გვერდს ვერ და არ ავუვლით ამ სფეროს მთავარ ქართველ გენიოსს, ჭიქა სასმლის საფასურად რომ ქმნიდა მომავალში მილიონებად ღირებულ შედევრებს, კაცს, რომელმაც, როგორც მისი მფარველი და მეგობარი ბეგო შენიშნავდა მოსწრებულად, „მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ჰხატავდა – სასმელი ვიშოვოო, სვამდა – კარგათ დავხატოო!“

ფიროსმანს, რომლის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 2018 წლის ბოლოს, სოტბისის აუქციონზე – 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, როგორც გერონტი ქიქოძე ამბობდა, „არავითარი სკოლა არ გაუვლია, არც აკადემიის, არც მუზეუმის, არც ატელიესი, არ შეუსწავლია არც სანიმუშო მხატვრული ტილოები, არც მხატვრული კედლები, მან ქვეყანას უშუალოდ შეხედა, ციდან ჩამოვარდნილი ბავშვის თვალებით…“.

მის ხასიათსა და პროფესიული საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე კარგად მეტყველებს გიორგი ლეონიძის ერთ-ერთი მოგონება:

„ჩვენს ქუჩაზე სცხოვრობს ქოსა დალაქი [„წვერცამეტა“] როსტევან გრიგორიჩი. ზედმეტი სიტყვების მოლაპარაკე, მამაშვილური დამრიგებელი, მუშტარგამშრალი ენთუზიასტი. კლიენტების გადმოსაბირებლად მან გადასწყვიტა სახელოსნოს გამშვენიერება. დეკორატიულ პლანში თავისი პორტრეტიც შეიტანა და მეთუნუქე სარქისას შუამავლობით ჩვენს უცნობ მხატვარს შეუკვეთა.

წვერცამეტამ მალე სურათი ჩაიბარა, მაგრამ მხატვარს შარი მოუდო, არა მგავსო და მისი ჰონორარი „შეიტყაპუნა“, რაზედაც სარქისამ საბრალოდ გალახა. შეწუხებული მხატვარი კი ორივეს აშველებდა. ეს უცნობი მხატვარი ჩვენი ეზოდან მალე გადიკარგა. ჭინკას [მეჩექმე] სიტყვით, თურმე ფიროსმანაშვილი ყოფილა!“

მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი თბილისის დუქნები თუ სავაჭროები მისი სურათებით იყო მოფენილი, ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, შეკვეთებიდან ნიკალას პრაქტიკულად არასდროს ჰქონდა „ხეირი“ – „ხდებოდა ხოლმე, რომ ნიკო ფიროსმანი იმავე დუქანში სტოვებდა იმ საფასურს, რასაც აიღებდა ხოლმე შეკვეთების ასრულებისას“. ხშირად აღნიშნავენ, რომ ფიროსმანს შედევრების დიდი ნაწილი „ერთ ჭიქა არაყზე აქვს დაწერილი!“

ლადო გუდიაშვილთან საუბარში თავად ნიკალას გამოუთქვამს წუხილი უკულტურო და ვირეშმაკა შემკვეთებთან დაკავშირებით – „სიღარიბეში ვსცხოვრობ აგრე. ხან მატყუებენ და ხან არ მაძლევენ ფულს“.

ეგ კი არადა, ცნობილია, რომ დამკვეთები ხშირად შენიშვნასაც აძლევდნენ და „ხელობას“ უსწორებდნენ. უმეტეს შემთხვევაში ნიკალას კომპრომისებზე უწევდა წასვლა, თუმცა თუკი ვინმე ზღვარს გადასცდებოდა, როგორც წესი, ამას გენიოსის გაცხარება მოჰყვებოდა ხოლმე – „შენ რა გემოვნება გაქვს, ვაჭარი ხარ, დახლში დაჯექიო!“ უთქვამს ფიროსმანს ნიკო სოზაშვილისთვის, რომლისთვისაც ბევრი მოუთმენია მხატვარს, მაგრამ ურემში შებმული ხარების ტანადობის დაწუნების შემდეგ კი ამღვრეულა.

დამკვეთთა მხრიდან ჩარევაზე წერს ილია ზდანევიჩიც, რომლის ცნობითაც, „მიკიტანმა სანდრომ დავა აუტეხა ნიკოს სახისა, ხისა და ირემის გამო. ამტკიცებდა, რომ სურათში საჭიროა მთვარის ჩამატება. ნიკომ განაცხადა, რომ მთვარე საჭირო არ არის… როგორც ეტყობა, ნიკო ვერ ახერხებს, რომელიმე სურათი თავისუფლად, სხვის ჩაურევლად დახატოს“.

მეტიც, გიორგი კაკაბაძის წიგნის – „ნიკო ფიროსმანი“ მიხედვით, „მიხუას დუქანში“ [მიხო ვარსიმაშვილის სამიკიტნო „ანაგა“] ნიკალას ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობიდან სცენის დახატვა განუზრახავს. „მიხოს მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო და მიქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავებით შევაფერადე შვლის მოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის. მას დროს ტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო, ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა… მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატა დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოღელებით“.

გრიგოლ ტატიშვილი / „სახალხო გაზეთი“, სურათებიანი დამატება, 1911 წ.

არადა, ყოფილა დრო, როდესაც ნიკოს სარძეო დუქანი ჰქონია ვერის დაღმართზე, მელიქ-აზარიანცის სახლის ადგილას. შემდეგ ეს დუქანი იარმუკაში გადაუტანია და თავიდან საქმეც კარგად წასვლია, თუმცა ეს უკვე სულ სხვა სტატიის თემაა.

ზოგადად, მხატვრობასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს ვიგებთ ძველი ქართული პრესიდან. ამ ცნობების მიხედვით, 1880-იან წლებში, თბილისელი მხატვრების ამქარი ერთობ რთულ მდგომარეობაში ყოფილა. ამ ამქრის ერთ-ერთი წევრი „უპატრონობაზე“ წუხდა და განმარტავდა გარემოებას, რომლის გამოც თბილისელი მხატვრების საქმე ცუდად მიდიოდა.

მისი თქმით, მხატვართა ამქრის უბრალო მუშები, რომლებიც „წამლებს [კრასკებს] ნაყვენ და ლესვენ“ დამკვეთებს საკმაოდ იაფად სთავაზობდნენ სერვისს და შეკვეთებსაც იღებდნენ, თუმცა, ვინაიდან პროფესიონალები არ იყვნენ, სამხატვრო საქმეს თავად ვერ ასრულებდნენ. მიუხედავად ამისა, ამ დროს მათ დასახმარებლად ჩნდებოდნენ მოცლილი ოსტატები, რომლებიც მუშების დაწყებულ საქმეს ასრულებდნენ. საბოლოო ჯამში კი, ამ ყველაფრით ერთი მხრივ „კრასკების გამხსნელებს“ უვარდებოდათ სახელი, მეორე მხრივ კი ხელობის ფასი ეცემოდა.

ამ წუხილს გაზეთ „დროებაში“ საპასუხო, საქმის არსში ჩახედული, კომპეტენტური პირის წერილი მოჰყვა, რომელშიც არაერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე იყო ყურადღება გამახვილებული:

„ქალაქში ორ-სამ კაცს გარდა ნამდვილი მხატვარი არ არის, სულ ყალბი მხატვრები არიან. არც ხელობა იციან სწორეთა და როცა საქმეს იღებენ არას დროს რიგიანათ არ ასრულებენ. შენი მტერი თუ ცოტა ფული ბეთ მისცა ვინმემ, იმას აღარა ნახავ. ერთი ოთახის დახატვას ორ კვირას აჭიანურებენ და იმასაც ცუდათა ხატვენ. სახელი ბევრმა ამქარმა გაიფუჭა ჩვენ ქალაქში; ხელობაც გაიფუჭეს და პირიცა. მხატვრები იმათში პირველები არიან. ახლა ჩვენი ამქრები ჩივიან, რომ გარედამ მოსული ხელოსნები საქმეს გვართმევენო. წაართმევენ მაშ რა იქნება? ქალაქის ხელოსანი თუ კი არც რიგიანათ საქმეს გამიკეთებს და პირიქით, მომატყუებს, გარედამ მოსული ხელოსანი უნდა მოვძებნო. წავიდეს ქალაქის ხელოსანი და თავის კაი კაცობას დააბრალოს, რომ მუშტარი ქალაქის ხელოსანს აღარა ხარბდება“.

მხატვრობასთან ერთად, ხელოვნებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პროფესია თუ ხელობა, რომელსაც თბილისში მისდევდნენ.

„ხელოვანი ამომჭრელი სურათებისა და ქართულის ასოებისა ხეზედ“ – ასე მოიხსენიებდა ქართული პრესა გრიგოლ ტატიშვილს, რომელიც პირველ ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფად მიიჩნევა.

სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის პარალელურად, პროფესიული ცოდნის გამოყენებით, ტატიშვილი კერძო წამოწყებებითაც ცდილობდა შემოსავლის მიღებას:

„ბატონს გრიგოლ ტატიშვილს, რომელიც ცნობილია, როგორც კარგი ამომჭრელი ხეზედ სურათებისა, სახიანის ასოებისა და სხვა ამისთანებისა, დაუმზადებია ძვირფას ფერადებით სახე შოთა რუსთაველისა, ესე ქართულ ორ აბაზიანის ოდენა და ჩაუსხავს ოქროსა და ვერცხლის ასახდელ ბუდეებში, რომელიც ოქრო-მჭედლისათვის გაუკეთებინებია. ასეთი სურათები ბრელოკებათ და ბროშკებად არის სახმარი. შოთა რუსთაველის სახის გარდა, გაუკეთებია აგრეთვე ბრელოკ-ბროშკებად და გულის ქინძისთავებისათვის სახე თამარ-მეფისაცა. ყოველ ამის ნახვა და, ვგონებთ, ყიდვაც შეიძლება არწუნისეულ ქარვასლაში, „წერა-კითხვის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში“, – აუწყებდა მკითხველებს გაზეთი „ივერია“.

საგულისხმოა, რომ ტატიშვილი მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართულ პროექტზე, „სურათებიან ვეფხისტყაოსანზე“. საუბარია მიხაი ზიჩის ნახატებით გაფორმებულ წიგნზე, რომელიც წარმატებული ქართველი მეწარმის და მეცენატის, გიორგი ქართველიშვილის თაოსნობით 1888 წელს გამოიცა.

სწორედ ტატიშვილის სასახელოდ იყო ნათქვამი:

„ჩვენ ვნახეთ ეს მდიდრულად დაბეჭდილი სურათებიანი „ვეფხის-ტყაოსანი“ და უნდა ვსთქვათ, რომ ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი… ასო-მთავრულები მეტად ლამაზები და ხელოვნებით ნაკეთებია, არშიები ქართულის ჩუქურთმის გემოვნებაზეა შეფარდებული…“.

კიდევ ერთი გამორჩეული ხელობა კანკელის კეთების საქმე იყო [კანკელი– ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოჰყოფს ეკლესიის ძირითადი ნაწილისაგან]. ტფილისელები წუხდნენ იმის გამო, რომ ქართველთა შორის ერთობ დავარდა ჩუქურთმისა და კანკელის ხელობა და ხელოვნური მხატვრობა ხატებისა, „ხელობანი, რომელიც ძველად საქართველოში ბრწყინავდა“ – „ჩუქურთმის მჭრელები შემოგვჩივიან, რომ მათი ხელობა ამ უკანასკნელს ხანებში თან-და-თან ვარდება, ასე რომ ეხლა უცოლ-შვილო მეჩუქურთმესაც უჭირს თავის რჩენაო“.

1885 წელს, ვინმე „ხელობის გაუმჯობესების მოსურნე“, გაზეთ „დროებაში“ წერდა:

„ამ უკანასკნელ დროს ჩვენს საქართველოში კანკელის მკეთებელნი მეტად გამრავლდნენ. ვინც არ გინდა, კანკელის კეთებას ჩემულობს. ამათში, მართალია, ზოგი ისეთებიც არიან, რომელთაც, ცოტაც არის, გაეგებათ რამე ამ საქმისა, როგორც მაგალითად დავით გიგაუროვს, რომელმაც ეს ხელობა კარგად იცის, მაგრამ რიგიანად და ენერგიით არ ეკიდება საქმეს“.

„ხელობის გაუმჯობესების მოსურნე“ აღნიშნავდა, რომ ამ საქმის ხეირიანად შესწავლისთვის საკმარისი არ იყო რამდენიმეთვიანი ან თუნდაც ერთწლიანი პრაქტიკა, რადგან კანკელის მკეთებელს საფუძვლიანად უნდა სცოდნოდა „დურგლის და კალატოზის ხელობა, ოქროს ვარაყის გადაკვრა და ხატების ხატვაც“.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმის უცოდინარი და ხელობის დამჩემებელი ხალხი – ოსტატობას „ჩემულობდნენ“ და საკუთარ სერვისს საკმაოდ იაფად სთავაზობდნენ მსურველებს:  „თუ მოახერხეს როგორმე გაკეთება და ჩააბარეს, ხო კარგი, და თუ არა, გაიპარებიან. თუ ვინმემ მაგრად მოჰკიდა მათ ხელი, მაშინ იძულებულნი შეიქმნებიან ხოლმე თავის ხარჯით დაიქირაონ მათზე უფრო საქმის მცოდნე პირნი და თავიანთი აღებული საქმე შეასრულებინონ. ბოლოს საქმის მიმცემთაგან იღებენ მოწმობას, რომელშიაც იწერება, რომ ამა და ამ პირმა რიგიანად შეასრულა მისდამი მიცემული საქმე. ამისთანა მოწმობები ძალიან შველიან ესრეთს გაიძვერა პირებს და ამისთანა დოკუმენტებით სხვასაც აბრიყვებენ“.

დასასრულ, აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ პროფესიას, რომელიც უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული და ხელობის ცოდნასთან ერთად, მაღალ მხატვრულ ოსტატობასაც მოითხოვდა.

დასახელებები: ოქრომჭედელთა ბაზარი, ვერცხლის ქუჩა, თავისთავად მიუთითებდა, რომ ამ ადგილებში ძირითადად ხსენებულ ძვირფას ლითონზე მომუშავე ხელოსნები იდგნენ, რომლებიც ოქროსა და ვერცხლს სხვადასხვა დახვეწილ ფორმას სძენდნენ და ძვირფასი თვლებითაც ამკობდნენ.

„აი, ფარდულები, სადაც ვერცხლს ფილიგრამებად გარდაქმნიან, რომელიც ჩვენს თვალწინ ნაზი მაქმანივით იშლება… წარმოგიდგენთ ლეკებს, რომლებიც გამოირჩევიან მომინანქრების ხელოვნებითა და ხანჯლების ოქროთი დაფერვით“, – აღნიშნავდა თბილისში მყოფი ფრანგი მოგზაური ბარონი დე ბაი.

ცნობილი ფოტოგრაფის – დიმიტრი ერმაკოვის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ვერცხლის ქუჩაზეა გადაღებული, ასახულია ოქრომჭედელთა სახელოსნო, რომლის ვიტრინაში გარკვევით მოჩანს სხვადასხვა ფორმის ვერცხლის ქამრები, ხანჯლები, რელიგიური თუ მოსართავი სამკაულები, აზარფეშები თუ ძვირფასი ჭურჭელი და ყანწები, რომელთაც თბილისელი ოსტატები ხშირად ოქროთი და ვერცხლით ამკობდნენ.

ზოგჯერ ხელოვნებამდე აყვანილ ხელობასთან ერთად, თბილისელი ოქრომჭედლების ამბავი ისიც იყო, რომ ქალაქელი ჯიბგირებისა და ქურდების ნაალაფარი ხშირადსწორედ მათთან იყრიდა თავს და თუკი კვალის წაშლას და ნაპარავის გადადნობას მოასწრებდნენ, თავი უკვე ქუდში ჰქონდათ.

დიდ სიმდიდრესთან და დიდ ქონებასთან ასეთი ახლო ურთიერთობა თბილისელ ოქრომჭედლებს ზოგჯერ პროფესიიდან გადაახვევინებდა და იოლად გამდიდრების ცდუნების გზაზე დააყენებდა.

ყოველ შემთხვევაში, ასე დაემართა ერთ-ერთ თბილისელ ოქრომჭედელს, რომლის სკანდალური „თავგადასავალი“ საქვეყნოდ გახმაურდა:

„ყველას ეხსომებათ ოქრო-მჭედლის ფრიდმანის საქმე. აი ეს საქმე რაში მდგომარეობდა: ტფილისის ვაჭარი, ოქრო-მჭედელი, ბატონი ფრიდმანი ყოველთვის მიემგზავრებოდა ხოლმე რუსეთში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში სხვა-და-სხვა ძვირფასის თვლების საყიდელად. ერთს მაღაზიაში იმის გამოსვლის შემდეგ, თურმე ერთი დიდი ძვირფასი ბრილიანტი დაეკარგათ, ეჭვი, რასაკვირველია, იმაზედ მიიტანეს, გასინჯეს, მაგრამ ვერა უპოვნეს-რა. მაგრამ ბოლოს სულ ყველაფერი გამოაშკარავდა. ბატონი ფრიდმანი თურმე ჰყლაპავდა თვლებს და ისე ჩამოჰქონდა ტფილისში…“

თუმცა ნათქვამია, არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს – ტფილისელ ოქრომჭედელს ეშმაკობა გაუგეს, „საგულდაგულოდ გადამალული“ ძვირფასი თვალი წაართვეს, მისი საქმე კი სასამართლოს გადასცეს…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.