ტფილურ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებზე

ტფილურ სტარტაპებსა და ანტრეპრენერებზე

XIX საუკუნის მიწურულის ტფილისში სიტყვა სტარტაპი, ანტრეპრენერი და მათი დღევანდელი მნიშვნელობები არ ეცოდინებოდათ, არც „ენჯელ ივენსტორების“ და ვენჩურული ფონდების კაპიტალი იქნებოდა ხელმისაწვდომი და არც სტარტაპ ეკოსისტემა განვითარებული, თუმცა ტფილისელები ახალ წამოწყებებს არ ერიდებოდნენ და აქტიურად ცდილობდნენ, რომ მათი მოფიქრებული თუ შექმნილი პროდუქტი ან/და სერვისი შემოსავლის წყაროდ ექციათ.

დაზუსტებით არ ვიცით, მათი წამოწყებები წარმატებული იყო, თუ არა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მათი იდეების შესახებ მხოლოდ ძველი ქართული პრესა კი არ წერდა – ასზე მეტი წლის შემდეგ, ამ სტატიაშიც ვაპირებთ რომ ვისაუბროთ.

ლოტოთი დავიწყოთ, იმ დროის საქართველოსა და 90-იანი წლების უშუქობით გატანჯული თბილისელების ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევით. ეს სამაგიდო თამაში ტფილისელ და არა მხოლოდ ტფილისელ ქალებში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა.

მაგალითად, 1887 წელს, თელაველ ქალებს იქაური კლუბისათვის მიუმართავთ – კაცებს ათასნაირი გასართობი გაქვთ, ჩვენ კი, ქალებმა, „არ ვიცი სად და როგორ მოვიხმაროთ ამოდენა თავისუფალი დროვო“. გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტის ცნობით, „კლუბიც მაშინადვე მიჰშველებია გაჭირვებულთ და კვირაში ერთი საღამო დაუნიშნავს ქალებისათვის, რომ ლოტოს თამაშობა შეეძლოთ. ქალები კმაყოფილნი დარჩენილან“.

ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ, ლოტოს თამაშის გამო, იმავე „ივერიის“ ფურცლებზე სიღნაღელ ქალებს კიცხავდნენ – „აქაური ქალები იმის მეტს არას აკეთებენ, რომ ლოტოსა თამაშობენ და ჭორიკანაობენ. დღეს ერთთან შეიყრებიან ხოლმე სალოტოოდ და საჭორიკანოდ, ხვალ – მეორესთან და ასე მიდის იმათი სიცოცხლე…“.

მეტად თუ არა, ლოტოს „თამაშობა“ ნაკლებ პოპულარული ტფილისშიც არ უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, იმდროინდელი პრესა არც ტფილელ მანდილოსნებს ინდობდა.

მიუხედავად ამისა, ლოტოს პოპულარობას ერთი თბილისელი კაცისთვის კარგი აზრი ჩაუგონებია. მისი იდეის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1886 წელს წერდა:

„მოგეხსენებათ, ქართველებში, როგორც სხვა ხალხშიაც, გავრცელებულია ლოტოს თამაშობა. მეტადრე ქართველს მანდილოსნებს უყვართ და მოსწონთ ეს შესაქცევარი. უფრო მოსწონთ იმ მანდილოსნებს, რომელნიც რუსულზედ ცოტა უკაცრავად ბრძანდებიან და უაზრო ჩვეულების ძალით ციფრების რაოდენობას ლოტოში ქართულად კი არ ამოიკითხავენ ხოლმე, რუსულად ამბობენ. ლოტოს თამაშობის დროს ამ გვარ მანდილოსანთ შორის წამ-და-უწუმ ისმის: პეტ, ჩეტირ, დესიტ, პეტ-დესეტ-პეტ, ტუდი-სუდი, დესეტნიკი ბერუა, დალაბანდი პალკა და სხვ. ამისთანები.

აი ამ ჩვეულების მოსაშლელად ერთს ყმაწვილს ქართველს შეუდგენია ლოტო ახალი წესით, ლოტო ანდაზებით. ამ ლოტოში ციფრის მაგიერ ამოიკითხება პირველი ნახევარი ანდაზისა, ხოლო მეორე ნახევარი თვით ქაღალდზეა დაწერილი, იმ ქაღალდზე, რომელიც ურიგდება მოთამაშეებს. ვსთქვათ პარკიდამ ამოაქვს ვისმე ლოტოს ნომრები და ზედ სწერია: „სხვა სხვის ომში“… მოთამაშეთ ქაღალდზე უნდა იპოვნონ ამ ანდაზის ბოლო: „ბრძენიაო“ და იქ დასვან ლობიო. ასე, ამ ნაირად არის შედგენილი ლოტო და ზოგან ანდაზების მაგიერ სწერია შესანიშნავი მოლექსეების ნათქვამი, ანდაზად გადაქცეული და საყოველთაოდ ცნობილი ადგილები, რასაკვირველია, ისევ ნახევრობით. რომ იტყვიან, სასარგებლოც არის და სასიამოვნოცაო, ამ გვარს ლოტოზე ითქმის. ამ გვარად შედგენილი ლოტოები ბევრია სხვა ქვეყნებში: არის ლოტო გეოგრაფიული, ისტორიული და სხვ.

ანდაზების ლოტო უკვე სრულიად მზადა აქვს შემდგენელს და მხოლოდ დაბეჭდვა და სქელ-ქაღალდზე დაკვრა უნდა. ლოტო პატარა ყუთებში იქნება ჩაწყობილიო და ყუთის თავზე დაბეჭდილი იქნება ყოველ-შემთხვევისათვის სრული ანდაზები, რომ, ვინიცობაა, ვერ მიხვდნენ პირველ-ხანობაზე მოთამაშენი, ამ ფურცელში ჩაიხედონ ხოლმეო. ლოტო ეღირება ყუთითა და ლოტოს ნომრების ერთი პარკით 1 მანათიო“.

საბოლოო ჯამში, უცნობია შეიქმნა თუ არა ამ ლოტოს პროტოტიპი, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ „კონფექტებისა და ხმელის ხილის მაღაზიის პატრონს“ ბატონ იუზბაშევს სისრულეში მოუყვანია ახალი წამოწყება, თანაც ზუსტადაც რომ შესაბამის დროს.

იუზბაშევს აზრად მოსვლია, რომ ახალი წარმოების, „კარგად შემზადებული“, კარგი ღირსების კანფეტები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებით გაფორმებულ ქაღალდებში გაეხვია. ამის შესახებ ინფორმაცია საგაზეთო რეკლამის მეშვეობითაც გაუვრცელებია, რომელშიც დასძენდა, რომ „თითოეული კონფექტი შეხვეულია ქაღალდში, რომელზედაც დაბეჭდილია საუკეთესო და ანდაზად გადაქცეული ლექსები „ვეფხვის ტყაოსნიდგან“ და წვეულებებში შეადგენენ საუცხოვო შესაქცევარსა“.

თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოება თურმე „ძალიან ჰყიდულობს ამ კონფექტებს და დიდის სიამოვნებით კითხულობს კონფექტის ქაღალდებზედ დაბეჭდილს რუსთაველის სხვადასხვა საანდაზო ლექსებსა“, მითუმეტეს, როგორც ამბობდნენ, ახალი პროდუქტი არცთუ ძვირი ღირდა.

ყველაფერთან ერთად, საგულისხმოა, რომ ეს ამბავი შემთხვევით, ან/და შეგნებულად ემთხვევა დროში ერთ საინტერესო მოვლენას იმდროინდელი ტფილისის და ზოგადად, საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

როგორც 1887 წლის პრესის ფურცლებიდან ვიგებთ, იმჟამად, როდესაც იუზბაშევს ეს იდეა მოსვლია, „ვეფხისტყაოსანი“ თითქმის აღარსად იშოვებოდა. გამომცემლები მთავარი ქართული წიგნის დაბეჭდვისგან თავს იკავებდნენ, რადგან „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“, ანუ „მდიდარ ნახატებიანი პოემის“ გამოცემას ელოდებოდნენ და „ამიტომ უბრალოდ ბეჭდვას ამ ძვირფასის წიგნისას აღარავინ შეუდგა“.

„სურათებიან ვეფხისტყაოსანში“ წარმატებული ქართველი მეწარმის და მეცენატის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ჩაფიქრებული გამოცემა იგულისხმება, ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – მიხაი ზიჩის ნახატებით გაფორმებული წიგნი, რომლმაც დღის სინათლე ერთი წლის შემდეგ, 1888 წელს იხილა. ამ ყველაფრის ფონზე, იუზბაშევის წამოწყება სწორედაც დროული და რელევანტური უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურასთან პირდაპირ კავშირში ყოფილა კიდევ ერთი წამოწყება, რომელიც, რიგი გარემოებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ფინანსურად არცთუ მომგებიანი საქმე იქნებოდა. 1890 წელს ტფილისში შემდგარა ქართველების წრე, რომელთაც აზრად ჰქონიათ ეწერათ „მდაბიურისა და გასაგების ენით პატარ-პატარა წიგნები სამეცნიერო შინაარსისა“.

ამავე პერიოდში, ერთ-ერთ ტფილისელ მეჭურჭლეს საზღვარგარეთ სპეციალური, ქაშინაურის [თიხის ჭურჭელი, გაელვარებული, იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“] საფერფლეები დაუმზადებინებია, რომლებზეც ქართულად გაზეთ „ივერიის“ სათაური ყოფილა გამოსახული. როგორც ხსენებული გაზეთი იუწყებოდა, „უეჭველია ეს საფერფლე მოდად შემოვა ეხლა და თითქმის ყველა ქართველი ოჯახი იყიდის სასიამოვნოდ და სახმარებლად“, ასე რომ „სასახლის ქუჩაზე, ბანკის ქარვასლაში“ მდებარე მაღაზიის პატრონის ახალ პროდუქციას იმდროინდელი პრესა დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.

აქვე ვახსენოთ თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, წმინდა ნინოს და სხვა „კომერციულ“ პირთა გამოსახულებიანი თითბირის „ბრელოკების“ სერია, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას 1895 წელს მიუღია. თითბირის გარდა, „ბრელოკები“ ვერცხლის მასალითაც ყოფილა დამზადებული და გაცილებით ძვირიც ღირებულა.

უცნობია ვინ იყო ამ წამოწყების ავტორი, თუმცა ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე, პირველ ქართველ გრავიორ-ქსილოგრაფს – გრიგოლ ტატიშვილს „დაუმზადებია ძვირფას ფერადებით სახე შოთა რუსთაველისა და ჩაუსხავს ოქროსა და ვერცხლის ასახდელ ბუდეებში, რომელიც ოქრო-მჭედლისათვის გაუკეთებინებია – ასეთი სურათები ბრელოკებათ და ბროშკებად არის სახმარი. შოთა რუსთაველის სახის გარდა, გაუკეთებია აგრეთვე ბრელოკ-ბროშკებად და გულის ქინძისთავებისათვის სახე თამარ-მეფისაცა“. თითბირისა და ვერცხლისა არ იყოს, ტატიშვილის ხსენებული ბრელოკების ყიდვაც წერა-კითხვის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში ყოფილა შესაძლებელი.

როგორც ჩანს, თითბირისა და ვერცხლის „ბრელოკები“ საკმაოდ პოპულარული ყოფილა, რითაც ტფილისელ „წურბელა ვაჭრებსაც“ უსარგებლიათ, თითბირის – ოქროდ გასაღება დაუწყიათ და უბრალო „ბრელოკები“ ხალხისთვის ოქროს ფასად მიუყიდიათ.

ორი სიტყვა ვთქვათ გამოგონებებზეც. მაგალითად, 1886 წელს, გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთი ნომრის შინაურ ქრონიკაში მოტანილი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ ვიღაც „აფთეკარს ახალი საშუალება მოუგონია ნავთის გასაქრობად, თუ ვინიცობაა ნავთს ცეცხლი მოეკიდა. როგორც გამოცდილია, ნავთს წყალი ვერ აქრობს. ამ დროს უფრო კარგია, თუ ქვიშა დააყარეს ნავთს. აფთეკარს უცდია და დარწმუნებულა, რომ ძალიან ადვილად აქრობს ნავთს ბანგი. ბანგი [ქლოროფორმი] თუმცა ძვირია, მაგრამ შეიძლება ამ საგნისათვის იხმარებოდესო. თუ დროზე მიასწრო კაცმა ბანგი, შეიძლება დიდ-ძალი ნავთი, ან ნავთის აუზები და ბენზინი გადაარჩინონ ხოლმე ცეცხლისაგანაო“.

ნავთთან იყო დაკავშირებული ახალგაზრდა ქართველის, ვინმე ალექსანდრე აბაშიძის გამოგონებაც. „ბევრის მეცადინეობისა და გამოცდის შემდეგ“ აბაშიძეს ნავთის ტალახისა და ქონისაგან სარეცხი საპონი დაუმზადებია.

„ჩვენ ვნახეთ ეს საპონი“, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1894 წელს, „იგი მოყვითალო ფერისაა და ნავთის სუნი სულ არ ეტყობა. ამ საპნისათვის გასაკეთებელ ქარხნის გამართვა სულ მცირე რამ დასჯდებაო“.

ამ ცნობის ავტორი იმასაც ამატებდა, ნავთის ტალახისაგან საპნის გაკეთების ცდას „ბევრნი ადგნენ“, მაგრამ ვერაფერი გააწყეს, მათი ცდა და შრომა ფუჭი აღმოჩნდა და სამუდამოდ დაემშვიდობნენ საპნის გაკეთების სურვილსო.

„ბატონმა აბაშიძემ კი შეიძლო და მოახერხა რიგიანის საპნის გაკეთება. დღეს აბაშიძე ტფილისში სცხოვრობს და ეძებს ისეთ კაცს, რომელიც იკისრებს საპნის ქარხნის გაკეთებას და მუშაობის დაწყებას. მთლად ამ საქმის მოწყობას რამდენიმე ასი მანეთი ეყოფაო“.

ზუსტად არ ვიცით რა ბედი ეწია ალექსანდრე აბაშიძის გამოგონებას და შეძლო თუ არა ინვესტორის პოვნა, ვინც ქარხნის მოწყობაში დაეხმარებოდა, თუმცა ბედს შეიძლება სწვეოდა საწვავის ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელი გამოგონების ავტორის ქვრივი:

„ერთს ტელეგრაფისტად ნამყოფს მოუგონია ისეთი შეზავებული წამალი, რომ შიგ გავლებულ ტილოს არ ჰჟონავს თურმე ნავთი. ამ ტელეგრაფისტს შეუკერია ტილოს პარკები და ტომრები, გაუვლია იმ წამალში, ჩაუსხამს შიგ ნავთი და შეუნახია რამდენიმე კვირა ისე, რომ ერთი წვეთიც არ დაჰკლებია“.

მიუხედავად ამისა, საწვავით მოვაჭრეთ ამ გამოგონებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ტელეგრაფისტი გარდაცვლილა, თუმცა მოუსწრია და მეუღლისათვის საიდუმლოდ უსწავლებია ამ წამლის დამზადება – „ახლა ტელეგრაფისტის ქვრივი დეპეშით დაუბარებია ტფილისიდგან ბათუმს საზღვარ გარეთის ნავთით მოვაჭრე ფირმის წარმომადგენლს, რომელსაც ჰსურს ისწავლოს ამ წამლის გაკეთება და ქვრივს სამაგიეროდ რამდენსამე ას თუმანს ჰპირდება. ქვრივი ამ დღეებში გაემგზავრა ბათუმს…“.

ძველი ქართული პრესა სხვა საინტერესო გამოგონებების შესახებაც აუწყებდა მკითხველს. მაგალითად, ვინმე მღვდელ ორბელიანცს „წყალში ჩავარდნილ კაცის დასახსნელი მაქანა“ გამოუგონია. გამართლების შემთხვევაში, ამ გამოგონების მნიშვნელობა განუზომლად დიდი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ ძველ თბილისში, კერძოდ კი მტკვარში არაერთი ადამიანი ასრულებდა სიცოცხლეს…

მღვდლის მიერ გამოგონილი აპარატი ტფილისში, წყალში ჩავარდნილთა გადამრჩენი საზოგადოების მმართველობის წევრს, იაგორ დოლანოვს გამოუცდია და „იმ აზრს დასდგომია, რომ ეს მანქანა გამოსადეგია ამ საქმისათვისაო“.

საინტერესო ფიგურა იყო თავად იაგორ დოლანოვიც. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მიზეზით, თბილისის მცხოვრებნი საკმაოდ ხშირად ცდილობდნენ მტკვარში თვითმკვლელობას, ამასთანავე, არცთუ იშვიათად, მდინარეში მოცურავეებსაც უჭირდათ ნაპირზე გამოსვლა, თბილისში არსებობდა წყლის განსაცდელისაგან დამხსნელი სადგური, რომელსაც ჩვენ მიერ ხსენებული იაგორ დოლანოვი ხელმძღვანელობდა, უფრო ზუსტად კი  – საკუთარი ნავით შველოდა მტკვარში ჩავარდნილებს.

წლების შემდეგ, დოლანოვს მისი მოვალეობისთვის ბიზნესის კუთხით შეუხედავს:

„წყალში დარჩობისაგან გადამრჩენელ კერძო სადგურის პატრონმა დოლანოვმა ამ ბოლოს დროს ტფილისში ცურვის შესასწავლად კურსები გახსნა, რისთვისაც მან საკმაოდ დიდი აუზიც გააკეთა. ცურვის შესწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა“.

საკუთარი სახლის დარბაზში, დაახლოებით 20 მ2 ფართობის აუზში, იაგორ დოლანოვი გარკვეულ ფასად, 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ასწავლიდა ცურვას – „ქვეშ დაგებულია ცემენტი და გამოყვანილია შიგ აუზში ორი მილი ცივისა და ცხელის წყლისათვის. თუ წყალი ისე გაცივდა, რომ საშიშია ბავშვებისათვის, მაშინ ადუღებულს წყალს მიუგდებენ და გაათბობენ. ერთის სიტყვით, ყველაფრით ისეთ ნაირად არის მოწყობილი, რომ არაფერი შიში არ უნდა ჰქონდეთ მშობლებს ბავშვის დარჩობისა. აქვე აკეთებს მეორე აუზს შუშაბანდისას, რომელშიაც უჩვენებს ბავშვებს, თუ რა მდგომარეობაშია კაცი, როდესაც ირჩობა, როგორ უნდა გადაარჩინოს და მოუაროს წყლიდგან გამოყვანის შემდეგ, რომ მოასულიეროს და გონებაზედ მოიყვანოს. უჩვენებს, როგორ უნდა იცურავოს კაცმა წყალში ღია თვალებით და დასამტკიცებლად თითონვე წყალში ყოფნის დროს 2 ვერცხლის წვრილ ფულს დასთვლის და დაახურდავებს“.

წვრილი არა, მაგრამ დიდი ფული კი ნამდვილად უნდა მოეტანა ერთ დროს თბილისში პოპულარულ დაწესებულებას. როგორც გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა 1886 წელს, ერთი სალხინო და დროს გასატარებელი კიდევ მიმატებიათ ტფილისელებს – „ლორთქიფანიძეს დიდუბესთან აუშენებია დიდი ფიცრული, გძელი და მაღალი ჩარდახი. აქ „ლუდსა“ ჰყიდის და კვირაში თითო ორ-ორჯელ ხალხის გასართობსაც ჰმართავს. ამისთვის სამხედრო მუსიკა უკრავს და სხვა-და-სხვა გვარი ჯამბაზები თვალთ-მაქცობენ და თამაშობენ“.

თქვენ წარმოიდგინეთ და, ლორთქიფანიძეს ისიც კი მოუხერხებია, რომ სხვადასხვა საღამოებზე მისი დაწესებულების მიმართულებით ცხენის რკინიგზის, ე.წ. კონკის სპეც-რეისებიც კი ინიშნებოდა.

არსებული ცნობების მიხედვით, გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ლორთქიფანიძის „ტრამვაის“ უამრავი ადამიანი სტუმრობდა – „თითქმის ყოველ სტოლზე ნახავდით ქართველ მანდილოსნებს, კოპ ჩიხტიანებს, რომელნიც არხეინად გაპტყელებულიყვნენ და ლუდს შეექცეოდნენ. ფაეტონის შოვნა არ იყო. ცხენის რკინის მატარებელზე ხოჭვა-გლეჯვა იყო ალაგისათვის. ეს კი ვერაფერი ამბავია, რომ ჩვენს მანდილოსნებს ძუძუ-მწოვარა ყმაწვილებიც თან დაჰყავთ და ღამის 11-12 საათამდე „შავ პივას“ შეექცევიან“.

თუმცა, ამგვარი პოპულარობის მიუხედავად, საქმის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ,  „ტრამვაის“ პატრონი ბატონი ლორთქიფანიძე სასამართლოს „ვალების გადახდისთვის შეუძლებლად უცვნია და მისთვის დაპატიმრება გადაუწყვეტია“…