რიჩარდ ბრენსონის სატელიტების კომპანია „Virgin Orbit“ IPO-სთვის ემზადება

რიჩარდ ბრენსონის სატელიტების კომპანია „Virgin Orbit“ IPO-სთვის ემზადება

ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის Virgin Orbit, რომელიც კოსმოსში ხელოვნურ თანამგზავრებს უშვებს, ერთ-ერთი SPAC-კომპანიის დახმარებით NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება, – ეს ინფორმაცია კომპანიამ ბლოგის სახით გამოაქვეყნა.

Virgin Orbit-ის გაერთიანება NextGen Acquisition Corp. II-თან 2021 წლის ბოლოს იგეგმება და ამ ფინანსური გარიგების შედეგად ბრენსონის კომპანია $3.2 მილიარდად შეფასდება. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ NextGen $383 მილიონს დააბანდებს, ხოლო დამატებით $100 მილიონს დანარჩენი ინვესტორები, მათ შორის ამერიკული ავიაგიგანტი Boeing. ფინანსური გარიგების შედეგად, Virgin Orbit-ის ამჟამინდელი მეწილეები (Virgin Group, Mubadala Investment Company და ცალკეული მაღალი წრის მენეჯერები) ერთობლივი საწარმოს 85%-იანი წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო NextGen-ის საჯარო მეწილეები კომპანიის 10%-იან პორტფელს გაიყოფენ. დარჩენილ წილებს PIPE ინვესტორები და SPAC-სპონსორი გადაინაწილებენ.

2017 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი გამორჩეულია ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გამშვებ კომპანიებს შორის, რადგან კომპანიის მიერ განვითარებული ტექნოლოგიის გამოყენებით (ასაფრენ მოწყობილობად ისინი გადაკეთებულ Boeing 747-ს იყენებენ), „სატელიტების გაშვება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი ორბიტის მიმართულებით“. კომპანიის მიერ კოსმოსურ თანამგზავრთა უახლესი პარტია 30 ივნისს გაიგზავნა. ამავე წელს, კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე  NASA-ს სატელიტებიც მოახვედრა.

Virgin Orbit-ის გადაწყვეტილება კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრების გამშვები კომპანიების NASDAQ-ური მისწრაფებების კიდევ ერთი მაგალითია: მცირე კომპანია Astra ჯერ კიდევ ივნისში განთავსდა, ხოლო სხვა მცირე კომპანია Rocket Lab ამას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ისე კი, ეს რბოლა მას მერე დაიწყო, რაც NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე რიჩარდ ბრენსონის კიდევ ერთი კომპანია Virgin Galactic დაილისტა, 2019 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დასაწყისში რიჩარდ ბრენსონის კიდევ ერთი კომპანიის გასაჯაროებაზე დაიწერა – ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გამოსატანად Virgin Atlantic Airways ემზადება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *