ნოემბრის არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური სახსრების მოზიდვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ივნისის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰარისმა და ჯო ბაიდენმა, სანამ ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშებოდა, უფრო მეტი თანხის მოზიდვა შეძლეს, მაგრამ ტრამპი მათთან შედარებით მეტ ნაღდ ფულს ფლობდა.
არჩევნების ფედერალური კომისიის (FEC) ანგარიშებით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ბაიდენის, შემდგომ კი ჰარისის კამპანიამ $284.1 მილიონი მოიზიდა, ხოლო ტრამპის კამპანიამ $217.2 მილიონი.
მიუხედავად ამისა, ტრამპმა ივნისი მეტი ნაღდი ფულით დაასრულა და $128.1 მილიონს ფლობდა, დემოკრატები კი – $96 მილიონს.
ბაიდენმა კამპანიის კომიტეტი ჰარისს მას შემდეგ გადააბარა, რაც კანდიდატურა მოხსნა. ტრამპმა ამაში ხელის შეშლა FEC-სთან ჩივილით სცადა და ამტკიცებდა, რომ ჰარისის კამპანიისთვის ფინანსების ტრანსფერი წესების დარღვევა იყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ამან არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.
გაურკვეველია, როგორი იყო შედეგი ივლისისთვის. კანდიდატურის დაყენებიდან პირველ დღეებში ჰარისმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კვირაში $200 მილიონის მოზიდვა მოახერხა, ტრამპის კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით კი ივლისში ბევრი არაფერია ცნობილი.
ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დონორი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის კომიტეტებს (PAC) აფინანსებს, რადგან მათზე არ ვრცელდება FEC-ის შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, ერთ ადამიანზე დაფინანსების ლიმიტი $6,600-ია. ჰარისის კანდიდატად დაყენების შემდეგ სურათი აქაც ბუნდოვანია.
OpenSecrets-ის თანახმად, ტრამპის მხარდამჭერმა 10-მა საუკეთესო პოლიტიკური საქმიანობის კომიტეტმა 30 ივნისისთვის $255.9 მილიონის მოგროვება შეძლეს. მათ დიდ ნაწილს შეუძლია თანხა კანდიდატს დაახარჯოს, მაგრამ არა პირდაპირ კამპანიას.
რაც შეეხება კამალა ჰარისის მხარდამჭერ PAC-ებს, 30 ივნისისთვის მათ $164.4 მილიონის მოზიდვა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატები რესპუბლიკელებზე მეტ თანხას აგროვებენ პარტიულ დონეზე. ივნისისთვის ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის მაჩვენებელი $285.9 მილიონი, ხოლო ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის – $259.7 მილიონი იყო.
ამავდროულად, დემოკრატები უფრო მეტსაც ხარჯავენ. ივნისის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა $189.7 მილიონი დახარჯა, ხოლო ტრამპმა – $92.1 მილიონი.
ტრამპის ყველაზე მსხვილი დონორი მილიარდერი ტიმოთი მელონია, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, $75 მილიონი გაიღო ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. მის მხარეს არიან ლინდა მაკმაჰონი, კელსი უორენი, დაიან ჰენდრიკსი და ილონ მასკი.
ბაიდენმა მილიარდერების, მაიკლ ბლუმბერგისა და რიდ ჰოფმანის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, ხოლო ჰარისს დამატებით ზურგს უმაგრებენ რიდ ჰესტინგსი, მელინდა ფრენჩ გეიტსი და სხვები.