ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, Fed-მა საპროცენტო განაკვეთი არ შეამცირა

ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, Fed-მა საპროცენტო განაკვეთი არ შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთს არ შეცვლის, რაც ცენტრალური ბანკის მიმართ ეკონომისტებისა და ინვესტორების მოლოდინებს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ განაკვეთის შემცირება არაერთხელ, მკაცრად მოითხოვა.

ფედერალური რეზერვის საფინანსო პოლიტიკის კომიტეტმა, მონეტარული პოლიტიკის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, განაკვეთი კვლავ 4.25%-4.50%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

„უმუშევრობისა და ინფლაციის მაჩვენებლების მატების რისკები გაიზარდა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ გაურკვევლობა კიდევ უფრო გამძაფრდა“, რადგან ტარიფები ეკონომიკას არყევს.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს 4.25%-4.50%-იან ნიშნულზე 2024 წლის დეკემბრის შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებს.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა. მისი თქმით, ფედერალური სარეზერვო სისტემა „კარგ მდგომარეობაშია“ და ტარიფებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს ელიან. „არ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიჩქაროთ. ვფიქრობთ, შეგვიძლია მომთმენები ვიყოთ“, – აღნიშნა პაუელმა.

აპრილში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს დაუპირისპირდა და უმოქმედობის გამო მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, ტრამპი ფედერალურ რეზერვს საპროცენტო განაკვეთის დაუყოვნებლივ შემცირებისკენ მოუწოდებდა, რათა ქვეყანას ეკონომიკის დაღმასვლა თავიდან აერიდებინა. თავად ჯერომ პაუელმა კი მაშინ განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთი მანამდე არ უნდა შემცირდეს, სანამ ტარიფების დაწესებით მიღებული შედეგები ინფლაციასთან მიმართებით აშკარა და მკაფიო არ გახდება.