ტრამპის ტარიფები ჩინეთისთვის ახლა უკვე მინიმუმ 145%-ს აღწევს

ტრამპის ტარიფები ჩინეთისთვის ახლა უკვე მინიმუმ 145%-ს აღწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინური საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფები კიდევ უფრო გაზარდა. ამჟამად ის უკვე 145%-ს შეადგენს – უფრო მეტს, ვიდრე მან თავდაპირველად დააანონსა. აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩინურ იმპორტზე 125%-იან ტარიფს დააწესებდა, მანამდე განსაზღვრული 104%-იანი გადასახადის სანაცვლოდ. თუმცა, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ აღმასრულებელ ბრძანებაში, რომლითაც ეს ცვლილება სამართლებრივად დადასტურდა, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ეს 125% ახალი ტალღის ტარიფებს გულისხმობს და მანამდე დაწესებულ გადასახადებს არ მოიცავს.

კერძოდ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ამ 125%-იან ტარიფში არ შედის, მაგალითად, 20%-იანი დამატებითი ტარიფი, რომელიც მან ჩინეთის მიმართ ფენტანილის კრიზისთან კავშირის გამო დააწესა. შედეგად, ჩინური იმპორტის დიდი ნაწილისთვის ჯამური ტარიფი ახლა უკვე მინიმუმ 145%-ს აღწევს.

თუმცა, ტარიფების ზოგიერთი კატეგორია გამონაკლისად რჩება. მაგალითად, ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმპორტირებულ სპილენძზე, ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ნახევარგამტარებზე, ხის ნაწარმზე, გარკვეულ კრიტიკულ მინერალებზე, ასევე ენერგოპროდუქტებზე.

გარდა ამისა, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის მიერ პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაწესებული ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ელექტრონიკა, ავეჯი, მანქანები და პლასტმასის ნაწარმი – მათზე მოქმედი ტარიფები 7.5%-დან 25%-მდე მერყეობს, რაც ზოგ შემთხვევაში საერთო ტარიფს 145%-ზე მაღლა წევს.

ოთხშაბათს ჩინეთმა აშშ-ის საქონლის იმპორტზე 84%-იანი საპასუხო ტარიფები დააწესა, მას შემდეგ რაც ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე 104%-იანი გადასახადი აამოქმედა. ჩინეთის საპასუხო ნაბიჯის შემდეგ, ტრამპმა ტარიფი 125%-მდე გაზარდა, რასაც უკვე დაწესებული გადასახადებიც ემატება.