აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ავტომობილებისა და მათი ნაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა. ექსპერტების შეფასებით, ეს გლობალურ “სავაჭრო ომს” კიდევ უფრო გაამძაფრებს.
ტრამპის განცხადებით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შევა, ხოლო ავტომობილების იმპორტიორი ბიზნესებისთვის გადასახადები მეორე დღიდან ამოქმედდება. რაც შეეხება ავტონაწილების იმპორტის გადასახადს, ის მაისში ან უფრო გვიან შევა ძალაში.
პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი შეერთებულ შტატებში ავტომობილების ინდუსტრიის მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, შედეგად ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტარიფები, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში მანქანების წარმოების დროებით შეჩერებას გამოიწვევს, გარდა ამისა ავტომობილების ფასებს გაზრდის და ქვეყნის მოკავშირეებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში დაახლოებით რვა მილიონი ავტომობილი შეიტანა, რაც 240 მილიარდი დოლარის იმპორტს გულისხმობს და მთლიანი გაყიდვების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მექსიკა აშშ-ისთვის ავტომობილების წამყვანი მიმწოდებელია, ამის შემდეგ მოდის სამხრეთი კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია. ექსპერტები შიშობენ, რომ ტრამპის ბოლო ნაბიჯი ავტომობილების ვაჭრობისა და მიწოდების გლობალურ ქსელებს საფრთხეს შეუქმნის.
აქვე უნდა ითქვას, რომ მექსიკასა და კანადაში ბევრ ამერიკულ საავტომობილო კომპანიას აქვს ქარხნები, რომლებიც სამ ქვეყანას შორის გრძელვადიანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში აშენდა.