აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მექსიკიდან და კანადიდან საქონლის დიდი ნაწილის იმპორტზე დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერებას ითვალისწინებს. ტარიფებზე პაუზა 2 აპრილს მოიხსნება, როდესაც, ტრამპის თქმით, სხვა ქვეყნებისთვის დაანონსებული საპასუხო გადასახადები უნდა ამოქმედდეს.
დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა CNBC-ის განუცხადა, რომ ტრამპი აშშ-მექსიკა-კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით (USMCA) გათვალისწინებული პროდუქციისთვის დროებით ტარიფების შეჩერებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ცნობისთვის, ეს სავაჭრო საქონლის 90%-ს მოიცავს, დანარჩენ 10%-ზე კი 10%-იანი ტარიფები გავრცელდება.
CNBC-ზე ლუტნიკის თავდაპირველი კომენტარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი USMCA-ში შემავალი პროდუქტებისთვის ტარიფების აპრილამდე შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, მე დავთანხმდი, რომ მექსიკას არ მოეთხოვოს ტარიფების გადახდა ყველაფერზე, რაც USMCA-ის შეთანხმებას ექვემდებარება. ეს ხელშეკრულება 2 აპრილამდე მოქმედებს,“ – დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები სამშაბათს აამოქმედა, რადგან, მისი თქმით, ქვეყნებმა ვერ შეძლეს აშშ-ში ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შედინების აღკვეთა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეღავათები გამოაცხადა ავტომობილების შემთხვევაში და მათზე ტარიფები ერთი თვით შეაჩერა.
„იმედია, მექსიკა და კანადა ფენტანილის საკითხზე საკმარისად კარგად იმუშავებენ, რომ ეს განხილვის საგანი აღარ იყოს და მსჯელობა მხოლოდ საპასუხო ტარიფებზე გადავიდეს,“ – განაცხადა ლუტნიკმა.