ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა

ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, „გამონაკლისების“ გარეშე. ამ ნაბიჯით ტრამპი შეერთებული შტატების სხვადასხვა ინდუსტრიის დახმარებას ცდილობს, თუმცა მრავალ ფრონტზე გახსნილ „სავაჭრო ომში“ ქვეყანას რისკების წინაშე აყენებს.

ტრამპმა, ორშაბათს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ალუმინის იმპორტის სატარიფო განაკვეთი, მანამდე განსაზღვრული 10%-დან, 25%-მდე გაზარდა. 25%-იანი ტარიფი დაწესდა ასევე ფოლადის იმპორტზე. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში 4 მარტიდან შევა.

ტარიფები გავრცელდება მილიონობით ტონა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რომელიც აშშ-ში უბაჟო ვაჭრობის პირობებში კანადიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შედიოდა.

მართალია, პირვანდელ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გამონაკლისი არ დაიშვებოდა, თუმცა მოგვიანებით ავსტრალიის ფოლადის იმპორტზე ტარიფისგან გათავისუფლების მოთხოვნის გადახედვას დაეთანხმა. მისივე თქმით, გამონაკლისი შეიძლება ავსტრალიასთან სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდოს გამო დაიშვას.

„[ტარიფების დაწესება] გაზრდის შიდა წარმოებას და დაიცავს ფოლადისა და ალუმინის მრეწველობას, როგორც ამერიკის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების ხერხემალსა და საყრდენ ინდუსტრიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაჭრობის საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ.

თეთრ სახლში ბრძანებისთვის ხელის მოწერის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკულ საქონელზე გადასახადებს აწესებენ, საპასუხო ტარიფებს მომდევნო ორი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. მისივე თქმით, განიხილავს ტარიფების ავტომობილებზე, ნახევარგამტარებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებას.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ტარიფების დაწესების შემდეგ ქვეყნებისგან მოსალოდნელი საპასუხო ნაბიჯების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა კი განაცხადა, რომ ეს „არ ადარდებს“.