„წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“- მანანა მჭედლიშვილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი

„წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“- მანანა მჭედლიშვილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი

საქართველოს ბანკი მეწარმეების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.  „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ ამ პროექტის მონაწილეა, მანანა მჭედლიშვილი, რომელიც  ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული.  პროექტის ხელშეწყობით  კომპანია „ნაჭრელა“ უკვე გაფართოებასაც  გეგმავს.

„დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა აქსესუარებს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ვაკეთებდი. სოციალურ ქსელში მხოლოდ ფოტოებს ვათავსებდი და ვწერდი მიზანზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ხევსურული ნაქარგის ავთენტური სახით  შენარჩუნება და დაცვა. ბევრს მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და მთხოვდნენ გამეყიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, რადგან ერთ ნაკეთობაზე შეიძლება დღეები, კვირები და თვეებიც კი ვიმუშაო. სათანადო ფასის განსაზღვრა კი, ქართულ რეალობაში საკმაოდ რთულია. თუმცა საბოლოოდ გაყიდვა გადავწყვიტე და ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მისვლიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა“, – გვიყვება მანანა.

დიდი მოთხოვნიდან და შრომატევადი საქმიანობიდან გამომდინარე მეწარმემ გაფართოება გადაწყვიტა  და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.

„საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. შესაბამისად, იდეალისტიც უნდა იყო, რომ ამ საქმეს შეეჭიდო. ჯერჯერობით მარტო ვმუშაობ, თუმცა მაქვს რამდენიმე იდეა და ფინანსების მოპოვების შემთხვევაში რამდენიმე ისეთი ადამიანის დასაქმებასაც ვგეგმავ, ვინც ჩემი კომერციული იდეის სისრულეში მოსაყვანად დამეხმარება“, – ამბობს მეწარმე.

„ნაჭრელას“, როგორც მეწარმე გვიყვება, ხევსურები ნაქარგობას და ნაქარგებში გამოყენებულ ორნამენტს უწოდებენ.

„ნაჭრელა“ – ეს სახელი ხევსურეთში თავად ნაქარგობას ჰქვია. ნაქარგობა არის სრულიად უნიკალური, განუმეორებელი ხელოვნება თავისი შესრულების ტექნიკით, ფერებითა და ფერთა შეხამებით. აღნიშნული ხელოვნება, ფაქტობრივად გადაგვარების და საბოლოო გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი გახდა უძველესი სახის შენარჩუნებით, თანამედროვე ტანსაცმელსა და აქსესუარებში გამეცოცხლებინა და დამეცვა უნიკალური ხელოვნება“, – ამბობს მანანა.

მანანა გამორჩეულ ნაქარგობებს ყოველდღიური მოხმარების ისეთ ნივთებზე აკეთებს, როგორიცაა: აქსესუარები, ტანსაცმელი.

„ნაქარგობებს ვიყენებ, როგორც მაისურზე, კაბაზე და თმის აქსესუარებზე, ასევე პატარა ჩანთებზე, სამაჯურებსა და ქამრებზე. გარდა ქარგვისა, ჩემს ნაკეთობებს სრულად ხელით ვასრულებ – ანუ ვკერავ, რადგან საკერავმა მანქანამ შეიძლება ნაქარგი დააზიანოს და ის არ გამოვიდეს, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.  ამ ყველაფერს ძველი ხევსურული წესების დაცვით ვასრულებ“, – აღნიშნავს მანანა ჩვენთან საუბრისას.

ამჟამად, „ნაჭრელას“ მთელი კოლექცია თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლას“ სივრცეშია განთავსებული.

რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას“, როგორც მანანა ამბობს, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რადგან საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა შეძლო.

„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო. იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს. ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს კომპანია „ნაჭრელას“ დამფუძნებელი, მანანა მჭედლიშვილი. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *