წარმატების მექანიზმი

წარმატების მექანიზმი

რთული, ძირითადად მთაგორიანი რელიეფის ქვეყანაში ხიდების, მაგისტრალების, მილსადენების, ჰესებისა და სხვა სირთულის ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების გამოცდილება ძმების ზურა და კოკა ჯიქიების კომპანია INFRA CONSTRUCTION-ს სამოქალაქო მშენებლობის ბიზნესაქტორებისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

2011 წლის შემოდგომაზე კოკა და ზურა ჯიქიები ამბიციური გეგმებით და მთავარი კაპიტალით – საფინანსო და სამშენებლო სფეროში პირადი გამოცდილებით – კომპანია INFRA CONSTRUCTION-ს 50/50-პროცენტიანი წილით აფუძნებენ. ამ დროისთვის ორივეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ზურა ფინანსისტია. კოკა კი ორი წლის განმავლობაში ჯერ ლონდონში ისწავლის, შემდეგ ირლანდიაში დაეუფლება ბიზნესის მართვას და დუბლინის ცენტრალური პორტის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღებს იმ კვალიფიკაციას, რომელიც საკუთარი კომპანიის მართვის ძალებში დაარწმუნებს. „დასაწყისში ჩვენი კაპიტალი იყო ჩვენი გამოცდილება და ჩვენი სახელი, რაზეც ავაგეთ კომპანია“, – მეუბნება კოკა ჯიქია, რომლის სამუშაო კაბინეტთან მისვლამდე თვალში ფოტოები მხვდება – ბულდოზერები, ექსკავატორები და სხვა მექანიზმები სამშენებლო ველზე ქანებს ამუშავებენ, ბეტონს ასხამენ. მასშტაბურობა, რომელიც ამ ფოტოებიდან ჩანს, მალევე ხსნის, რა დონის სამუშაოების წარმოება უწევთ.

ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად 12 წლის თავზე სამშენებლო ტექნიკის საკმაოდ დიდი პარკი, როგორც ზურა ამბობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა და ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საშუალებაც დაუგროვდათ. მძიმე ტექნიკა Infra Construction-ის სამშენებლო პროექტების ერთ- -ერთი ინსტრუმენტია, კომპანიის სამშენებლო-სარემონტო ჯგუფი ამ მხრივ „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობს როგორც ახალი ტექნიკის შესყიდვის, ისე მარაგ-ნაწილების შევსების, საგარანტიო სერვისების მიღების, ასევე ახალი ტექნიკის გაცნობის მიმართულებით. „მათთან თანამშრომლობით კარგი შედეგები გვაქვს, „თეგეტამ“ სამშენებლო მძიმე ტექნიკის დიდი მარაგი შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – კოკას ნათქვამს ზურა ამატებს: „სამი და ხუთი წლით დაგეგმილი მომავალი არ გვაქვს, შეიძლება გამოჩნდეს პროექტი, რომლისთვისაც ადგილზე გჭირდება ტექნიკა“. ამგვარი შემთხვევებისთვის „თეგეტა მოტორსი“ Infra Construction-ის საუკეთესო პარტნიორია რამდენიმე მიზეზით – ტექნიკის და მარაგ-ნაწილების საწყობიც აქვთ და მომსახურების სერვისცენტრებიც: „ყველა ცენტრალურ ქალაქში, სადაც ოპერირება და ჩვენი პროექტების მართვა გვიწევს, „თეგეტას“ გახსნილი აქვს ინფრასტრუქტურის წარმომადგენლობები, სასაწყობე მეურნეობა, სერვისცენტრები, რაც მუშაობას გვიადვილებს“, – ამბობს კოკა.

კოკა ჯიქია

Infra Construction-ს ვადაგადაცილებული პროექტები არა აქვს. „ბაზარზე გვიცნობენ, როგორც შემსრულებელს, რომელიც არასოდეს ქმნის პრობლემას“, – ასე ახასიათებს ზურა კომპანიას, რომლის პირველი დიდი პროექტი ქუთაისი-ზესტაფონისა და ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზების მშენებლობა იყო ავტობანის მშენებლობის პროექტში. „გავაკეთეთ მდინარე რიონზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი ნაპირსამაგრი, ასევე გავიყვანეთ მაგისტრალური გაზსადენი და წყალსადენი. დაახლოებით სამი წელი ვიმუშავეთ ამ ობიექტზე“, – ამბობს კოკა. „როცა ადამიანმა იცის, რით რა აკეთოს, არაფერი რომ არ გქონდეს, როცა პროფესიონალი ხარ და გყავს პროფესიონალთა გუნდი, ყველაფერი გამოვა“, – ზურას თქმით, ამ პერიოდისთვის კომპანიის მართვის ჯგუფში გამოცდილი ადამიანები იყვნენ.

დღეს კომპანიის დამკვეთების უმეტესობა კერძო სექტორიდან მოდის, კერძო და სახელმწიფო შეკვეთების წილობრივი შედარება დაახლოებით 80/20 პროცენტთანაა/

Infra Construction-ის ანგარიშზეა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 -2022 წლებში აშენებული ორი 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2. შარშან სამშენებლო კომპანია „ანაგთან“ ერთად ბაკურიანში იმუშავეს წყლის რეზერვუარების მშენებლობაზე, ზამთრის კურორტის სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო 200 000 მ³და 105 000-მ-იანი ორი რეზერვუარი დიდველსა და კოხტა-მიტარბის მთაზე მოეწყო. „მთელი ინფრასტრუქტურა გავმართეთ“, – ამბობს კოკა. პროექტის ფარგლებში აშენდა სატუმბი სადგურები, წყლის მიმღები, წყალშემკრები, ჭარბი წყლის გადინებისა და წყალგამშვები ნაგებობები, საკონტროლო ოთახები და სხვა. Ifra Construction-ი მონაწილეობდა თბილისში მარშალ გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაში. ეს გზაც ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

ამჟამად კომპანიას სულ ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს სხვადასხვა რეგიონში. მათი უმეტესობა უცხოური დაფინანსებით ხორციელდება. კიდევ ერთი კონტრაქტორი კი ხელმოწერას ელოდება.

კომპანიის პორტფელი ასევე მოიცავს ბეტონის, ინერტული მასალებისა და რკინის წარმოებებს. ჯამური საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.

ზურა ჯიქია

აუცილებელი არ არის, ინფრასტრუქტურულ კომპანიას საწარმოო მიმართულებაც ჰქონდეს, თავად აწარმოებდეს ბეტონს, ინერტულ მასალებს და სხვას, მაგრამ ვინაიდან კომპანიას თავის სლოგანად აქვს ქცეული „ხარისხი და დრო“ და სპეციფიკურ პროექტებს ახორციელებს, ამის აუცილებლობაც დაინახეს: „საწარმოების შექმნა ბაზარზე არსებულმა არასტაბილურობამ განაპირობა, გვქონდა შემთხვევები, როცა ვერ მოგვაწოდეს ბეტონის ის ხარისხი და კონკრეტული რაოდენობა კონკრეტულ დროს, რაც ქმნის ვადაგადაცილების რისკს, დასაქმებულები გიცდება“, – ამბობს კოკა და ვინაიდან ხარისხის კონტროლიც დასჭირდათ, ლაბორატორიაც შექმნეს ბეტონის ხარისხის შესამოწმებლად. „თბილისში ბეტონისა და სხვა მასალების მომწოდებლების არჩევანიც გვაქვს და ცვლილების საშუალებაც, მაგრამ ეს ფუფუნება არ არის რეგიონებში“, – ამბობს ზურა იმის ასახსნელად, თუ რა საჭიროებამ მიიყვანა კომპანია საკუთარი წარმოებისა და ბეტონისა და ინერტული მასალების ხარისხის საკონტროლებლად ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობამდე.

დარგის სირთულეებზე საუბრისას კოკა გამოწვევად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „რეგიონში პოლიტიკურ-კონომიკური პულსის ცვლილება ჩვენზე სარკისებურად აისახება“. „ომი უკრაინაში, იყო შოკი“, – ამატებს ზურა. – გაიზარდა მასალების ფასი, არმატურის ფასი ლამის გაორმაგდა. „წინასწარ რეზერვად რომ არ გვქონოდა ნაყიდი, ალბათ ძალიან დიდ ზარალს ვნახავდით, უკრაინული და თურქული არმატურის ფასის ზრდასთან ერთად შიდა მწარმოებლების ფასიც გაიზარდა“, – ამატებს კოკა.

არასტაბილურ გარემოში სამუშაოებისთვის წარმატებულად თავის გართმევამ, Infra Construction-ი უცხოური კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების ფოკუსშიც მოახვედრა. მათთან თანამშრომლობის გამოცდილებამ ქართულ კომპანიას ფინანსური რისკის დაზღვევის პირობებში განვითარების შესაძლებლობასთან ერთად კვალიფიკაციაც აუმაღლა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მუშაობაც ასწავლა. „სტანდარტზე შეღავათს არ ვაკეთებთ, დღეს თუ ხვალ მაღალ სტანდარტებს მივებმებით, ევროპულს ან ამერიკულს და თუ ამისთვის მზად არ ხარ, ძალიან მალე დაიჩაგრები“, – ამბობს კოკა.

სამშენებლო სტანდარტებზე საუბრისას კოკა ორ სამაგალითო ქვეყანას ასახლებს: შვეიცარიას და გერმანიას. ამ ქვეყნებში დამკვიდრებული სტანდარტებია მისთვის სამიზნე. ამ კონტექსტში კი დარგისთვის კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემას ეხება – ეს გახლავთ პერსონალი. „ჩათვალეთ, არ არის. ვცდილობთ, ჩვენი ტექნიკური და სამშენებლო ჯგუფი მაქსიმალურად ახალგაზრდებით იყოს დაკომპლექტებული, ვეძებთ, ვცდილობთ, ობიექტის მართვა ვასწავლოთ, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან“, – ამბობს კოკა, ზურა კი აგრძელებს დეფიციტური კადრების ჩამოთვლას: ოპერატორები, რკინაბეტონის სამუშაოების სპეციალისტები, გეოდეზისტები, ინჟინრები – ყველა დონის, ზეინკალიც, პრობლემაა მუშახელიც.

ახალქალაქი 2 ჰესი

საკადრო დეფიციტი გაფართოებასა და დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებას ზღუდავს. „იმავე ამოცანის წინაშე დგას სამშენებლო პროექტების მქონე სხვა ბევრი კომპანია, ყველანი ერთ მდგომარეობაში ვართ – სამოქალაქო მშენებლობის ნებისმიერი კომპანია“. კოკას თქმით, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ოთხი ახალი კადრის დამატება შეძლეს: „ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, სარისკო სამუშაოებთან გვაქვს საქმე და გამვლელს ვერ ვანდობთ“, – ესაა კომპანიის კოკასეული სტანდარტი.

Infra Construction-ი სამუშაოების 60 პროცენტზე მეტს მთაში ახორციელებს, 800 მეტრსა და მეტ სიმაღლეებზე მძიმე ტექნიკით მუშაობა მაქსიმალურ კონტროლს მოითხოვს შრომის უსაფრთხოების დასაცავად. „შესვენებების მიუხედავად, ასეთ რეჟიმში მუშაობისას ადამიანი იღლება, ამიტომ ველზე ყოველთვის იმყოფება უსაფრთხოების ოფიცერი და მისი დამხმარეები მიმდინარე სამუშოების საზედამხედველოდ“, – ამბობს კოკა, რომელიც ზურასთან ერთად სამუშაო დროის დიდ ნაწილს თავადაც კაბინეტის ნაცვლად ველზე ატარებს. „როცა მდინარესთან, ხევთან, სტიქიასთან გაქვს საქმე, სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების დროული მიღება გესაჭიროება. როცა ადგილზე ხარ, ველზე მომუშავე გუნდს უმარტივებ საქმეს“, – კოკას ეს თეზისი კომპანიის მართვის მისეული სტილის განმარტებაცაა. ზოგადად კომპანია ხარვეზების ორმაგი ფილტრის მექანიზმს იყენებს ყველაფერში, მათ შორის Infra Construction-ის საპროექტო სამსახურის ფილტრს გადის საპროექტო კომპანიების მიერ შესრულებული ყველა პროექტი „სხვას თუ გამორჩა, შენ არ უნდა გაატარო“ , – ამბობს კოკა.

მაკონტროლებელი მეორე წყვილი თვალი ინფრასტრუქტურული კომპანიის მრავალშრიანი საქმიანობისთვის გარდაუვალი საჭიროებაა. შრომის უსაფრთხოება ველზე, დილის ინსტრუქტაჟი, მუშახელის განთავსების ადგილები, კვებისა და ჯანდაცვის ობიექტების ორგანიზება – საპროექტო სამუშაოების არეალი პრაქტიკულად ქალაქის მინი-მოდელს ემსგავსება. ამგვარ რეჟიმში მართვის გამოცდილებასთან ერთად, კოკას თქმით, ყოველთვის საჭიროა „იფიქრო მეტი, იმსჯელო მეტი“.

კომპანიის მმართველობის ჰორიზონტალური მოდელის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ზურა და კოკა იღებენ. მაგრამ მართვის ჯგუფი ყოველ საღამოს კამათის, ყოველმხრივი განხილვის, ჯგუფის თითოეული წევრის მიერ დანახული სირთულის განხილვის და პრობლემის ურთიერთშეჯერებული გადაწყვეტის გზის მოძებნის შემდეგ იშლება. „ობიექტის ხელმძღვანელს უნდა მოუსმინო, ყველამ ყველას უნდა მოუსმინოს, თითოეულმა ერთმანეთის მოსაზრება თუ არ გაითავისა და არ მიხვდა, ერთობლიობაში რა არის საჭირო, საქმე ვერ გამოვა, მეტი შრომა, მეტი გუნდური აზროვნება და ფიქრი“, – ამაშია პროექტის სწორად წარმართვისა და მომავლის ხედვის გასაღებიც კოკასთვის.

სადაც ახლა ხართ, ეს არის ის სამიზნე ნიშნული, რომელიც კომპანიის დაარსების დღეს წარმოგედგინათ? – ვეკითხები კოკას და ზურას და ორივეს აქვს ერთი პასუხი – არა. „საოცნებო არ არის ბევრი ობიექტი და დიდი ბრუნვა, საოცნებოა სრულად გამართული სამშენებლო ობიექტი, შრომის იდეალურად გამართული ორგანიზება, როცა შრომის ორგანიზება იქნება ისეთ დონეზე, როგორიც არის ჩვენს მეგობარ ქვეყნებში – შვეიცარიასა და გერმანიაში, სხვას არ დავასახელებთ – კმაყოფილები მაშინ ვიქნებით“.

ბაკურიანი. ხელოვნური ტბა, მიწის სამუშაოები.

მუდმივად განახლებადი და ცვალებადი ტექნოლოგიების ხანაში, ინფრასტრუქტურის სამშენებლო ტექნოლოგიებიც დღითიდღე იცვლება. „სწავლა სულ გჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იძენ გამოცდილებას, სირთულეების გადალახვის გზებს უფრო მარტივად პოულობ“, – ამბობს კოკა. ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელი კი არა, სავალდებულოცაა უცხოურ კომპანიებთან და მწარმოებლებთან მუდმივი მუშაობა, ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, „სამშენებლო მიმართულების კონტაქტების მართვაც ძალიან რთულია – ეს არ არის მხოლოდ იურისტის საქმე, ამის ცოდნა ყველას სჭირდება, ვინც სამშენებლო ბიზნესშია“. ამიტომ კვალიფიკაციას კოკა და ზურა მუდმივად იმაღლებენ ტრენინგებით, კურსებით, ეძებენ ანალიტიკური აზროვნების მქონე კადრებს, კვლევითი სამუშოების სპეციალისტებს. ზურას თქმით, ბაზარზე კვალიფიციური კონკურენცია სფეროს მნიშვნელოვნად წასწევდა წინ.

გამოცდილებისა და პრობლემების გაზიარება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დეფიციტური კადრების პრობლემის გადაჭრასაც მოემსახურებოდა. მძიმე სამშენებლო ტექნიკის სიახლეების მიმართულებით ურთიერთგაცვლის სასარგებლო გამოცდილება Infra Construction-ს „თეგეტა მოტორსთან“ დაუგროვდა. „თეგეტასგან“ ჩვენ ვიღებთ ხარისხს, შეგიძლია, დაეყრდნო კომპანიას სერვისსა და შემდგომ მომსახურებაში. საქართველოს მასშტაბით არსებული სერვისცენტრები კომფორტია, ჩვენგან იღებენ რჩევებს, ტექნიკის ჩამოყვანისას ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით“, – ამბობს კოკა.

მისი კომპანია ახლა ახალი კონტრაქტების ხელმოსაწერად ემზადება. ყოველი დასრულებული პროექტის „საზეიმო გახსნისას გაჭრილი ლენტი“ კი კოკა და ზურა ჯიქიებისთვის ის ადრენალინია, ახლის დაწყების სტიმულს რომ ბადებს.

 

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia