ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩიპების ტაივანური მწარმოებელი, TSMC, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის წმინდა მოგების 27%-ით შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადებს. აღნიშნული ვარდნა გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე ნახევარგამტარებზე მოთხოვნის კლებითაა განპირობებული, თუმცა, როგორც სპეციალისტების პროგნოზით, მესამე კვარტალში TSMC-ის შედეგები შედარებით გაუმჯობესდება.
TSMC, რომელიც Apple-ისა და Nvidia-ს მთავარი მიმწოდებელია, აპრილ-ივნისის პერიოდისთვის, სავარაუდოდ, 172.53 მილიარდი ტაივანური დოლარის, ანუ 5.58 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წმინდა მოგების მიღების შესახებ განაცხადებს. შედარებისთვის, გასული წლის მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ 237 მილიარდი ტაივანური დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს მოგების ნავარაუდევი კლება ნაწილობრივ შესაძლოა დაკავშირებული იყოს წინა წლის მიწოდების მაღალ მაჩვენებელთან, რაც, თავის მხრივ, პანდემიის შემდეგ მიწოდების ჯაჭვის აღდგენასთან ერთად მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მეორე კვარტალი ტრადიციულად ტექინდუსტრიისთვის გაყიდვების კუთხით სუსტი პერიოდია. მათი დაკვირვებით, მოთხოვნა, როგორც წესი, მესამე კვარტალში და წლის ბოლოსკენ იზრდება.
ანალიტიკოსების ვარაუდით, TSMC-ის შედეგები მიმდინარე კვარტალში შედარებით გაუმჯობესდება, რისი თქმის საფუძველსაც მათ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდა და ახალი iPhone-ების მოლოდინიც აძლევთ.
ცნობისთვის, TSMC მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ფინანსურ შედეგებს ხუთშაბათს გაასაჯაროებს.