ცირკის მეთაური

ცირკის მეთაური

ცირკითა და სხვა ცოცხალი გასართობი შოუებით ჟონგლიორობამ კენეთ ფელდს Ringling Bros.-ის შენარჩუნებისა და გარდაქმნის საშუალება მისცა, თანაც ისე, რომ ბოლო სამი ათწლეულია, არაერთი სასიკვდილო ნომრის წინაშე აღმოჩენილა.

აგვისტოს სამშაბათი ღამეა. ოკლენდის Oracle Arena-ს შუაგულში ხუთი მოტოციკლისტი 16-ფუტიან ფოლადის ბურთში ვიწრო, თავბრუდამხვევ წრეებზე დაქრის. ნელ-ნელა ტემპს უკლებენ და ისედაც გადატვირთულ რგოლში კიდევ ორი მოტოციკლი შემოდის. განათება დრამატულად მკრთალდება, მოტოციკლები ბრდღვინვა-გრიალს იწყებენ და კვლავ აგრძელებენ წრეზე სიარულს, მათ ბორბლებზე კი ახლა ნეონები ანათებს. სავსე დარბაზს ჯერ სუნთქვა ეკვრება და მერე სიხარულის ტაშით ხვდება მოტოციკლისტებს, როცა ეს უკანასკნელნი წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ მორიგ სასიკვდილო მისიას – იმგვარ თავზეხელაღებულ და გაბედულ ნაბიჯს, რაც მუდამ იყო დიდი საცირკო ნომრების განუყოფელი ნაწილი. ბოლო სამი წელია, Ringling Bros.-იცა და Barnum & Bailey-ც სასიკვდილო ნომრებს ასრულებენ როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული მნიშვნელობით. ოღონდ, ამ საქმესთან შედარებით, სახიფათო საცირკო ნომრები ადვილი გასაკეთებელი მოგეჩვენებათ.

მე-19 საუკუნის ბოლოს, პოპულარობის პიკში, როცა მისი სიმბოლო თავად დიდი შოუმენი პ.ტ. ბარნუმი გახლდათ, – ცირკი ამერიკული შოუბიზნესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. იმ დროისთვის, როცა 1950-იანების დასაწყისში, სესილ ბ. დე მილმა ფილმი “დედამიწის ყველაზე დიდი შოუ” გადაიღო, ტიპური საცირკო ნომრები უკვე მოსაწყენი ხდებოდა. ჰოდა, დიდი კარვები აკეცეს და შენობებში გადაინაცვლეს. ოცდაათი წლის შემდეგ ცირკი კვლავ რჩებოდა ბავშვების გასართობ “სავალდებულო” რიტუალად, თუმცა სასოწარკვეთილად ითხოვდა განახლებას. ზედიზედ სამი საცირკო არენა აილაგმა. ბოლოს სპილოებიც გაქრნენ.

“არა მგონია, ხალხი [დღეს] ცირკს იმავენაირად აღიქვამდეს, იმიტომ რომ ყველაფერი პროგრესს განიცდის, – ამბობს კენეთ ფელდი, რომელიც ბოლო 32 წელია, Ringling Bros.-ის აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელია. – ცირკი იმ დროს განვითარდა, როცა ტელევიზორი არ იყო და არც მაინცდამაინც გართობის სხვა საშუალებები”.

ბოლო ოცი წლის მანძილზე აშშ-ში ცირკში დამსწრეთა რიცხვი 30%-იდან 50%-მდე დაეცა, როგორც ამას “დიდი კარვის ჩამოშლა: გადაშენების პირას მისული ამერიკული ცირკის” ავტორი, ლუიზ ჰემარსტრომი ამბობს. ხოლო National Endowment for Arts-ის თანახმად, აშშ-ში ცირკის მთლიანი შემოსავლები 2007-და 2012 წლამდე თითქმის 9%-ით შემცირდა.

ფელდი არ ამხელს Ringling-ის მაჩვენებლებს და უკვე წლებია, დაჟინებით ამტკიცებს, რომ დამსწრეთა წლიური რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უტოლდება. მაგრამ სააშკარაოზე გამოსული მცირედი მონაცემები სულ სხვა რამეს გვეუბნება. სავაჭრო გამოცემა Venues Today-ს მიხედვით, ლოს-ანჯელესის Staple Center-ში Ringling Bros.-ის შოუს, “არაამქვეყნიურის” 12 საპრემიერო წარმოდგენას 56,000 ადამიანი დაესწრო, რაც 35%-იანი კლებაა 2011 წლის ივლისის მსგავს შაბათ-კვირასთან შედარებით. FORBES-ის შეფასებით, დღეს Ringling Bros.-ის შოუებზე დასწრების წლიური მაჩვენებელი 5 მილიონს უახლოვდება.

მიუხედავად ამისა, Ringling Bros.-ის მშობელი კომპანიის, Feld Entertainment-ის შემოსავალი 2012 წლიდან 30%-ით გაიზარდა და, გათვლების თანახმად, 2015 წელს $1.3 მილიარდი შეადგინა. 68 წლის ფელდმა, რომლის ქონებასაც FORBES-ი $2.7 მილიარდად აფასებს, ამ შედეგს თანამედროვე შოუების შეძენითა და ლიცენზირებით მიაღწია. ამავდროულად, ახალ-ახალი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით, ცირკის საკვანძო კომპონენტებს ის მუდმივად უცვლის სახეს. თუმცა, თავიდან ეს სტრატეგია პოპულარული სულაც არ ყოფილა. “ჩემი მიზანი ზრდა იყო და ეს ყოველთვის არ მოდიოდა თანხვდენაში იმასთან, რაც კომპანიის ყველა დანარჩენ წარმომადგენელს უნდოდა”, – ამბობს ფელდი თავისი ადრეული პერიოდის შესახებ აღმასრულებული დირექტორის რანგში – თანამდებობისა, რომელიც 1984 წელს მამის, ირვინის, უეცარი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობად მიიღო. 1967 წელს სწორედ მამამისმა შეისყიდა ცირკი რინგლინგების ოჯახისგან $8 მილიონად (ან დღევანდელ $60 მილიონად დაახლოებით).

განსაკუთრებულად წარმატებული გაფართოებისკენ მიმართული ორი ნაბიჯი გამოდგა: 1980 წელს ფელდი Disney-ს სარფიანი სალიცენზიო კონტრაქტის შესახებ მოელაპარაკა, რომელიც მამამისის მიერ ნაყიდი ორი წარუმატებელი შოუს ერთ შოუდ, “დისნეი ყინულზე”, გადაქცევაში მდგომარეობდა (“გაყინულის” თემაზე შექმნილი შოუ 2014-ში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, როცა პრემიერის დღეს 250,000 ბილეთის გაყიდვით “დისნეი ყინულზე”-მ ახალი რეკორდი დაამყარა). 2008 წელს ფელდმა $205 მილიონად Live Nation-ის სარფიანი მოტოსპორტის განყოფილება შეიძინა, რომელიც Monster Truck-სა და მოტოშოუებს აერთიანებს; შეძენის შემდეგ ის 60%-იანი ზრდის მოწმე შეიქნა. ფელდის თქმით, მისი კომპანია ყოველ კვირაში საშუალოდ 100 შოუს წარმოადგენს მსოფლიოს 23 ქალაქში და წელიწადში 5,000 წარმოდგენას დგამს 75 ქვეყნის 30 მილიონი მაყურებლის წინაშე. “კენიმ ეს ბიზნესი ისე და იმგვარად გააფართოვა, მამამისი რომ ვერასდროს წარმოიდგენდა”, – ამბობს კენეთ ფელდის შესახებ პოლ ბაინდერი, რომელმაც 1977 წელს ფელდის არაკომერციული მეტოქე, Big Apple Circus-ი დააფუძნა, რომელმაც, თავის მხრივ, დაფინანსების სიმწირის გამო, 2016 წლის ივლისში საზოგადოებრივი წარმოდგენები შეწყვიტა. “რაიმე ეჭვი თუ მაქვს მისი ბიზნესის გენიალურობასთან დაკავშირებით? არა, არანაირი”.

გამოწვევების მიუხედავად, Ringling Bros.-ს მაინც ცენტრალური ადგილი უკავია Feld Entertainment-ში… თუ Feld Entertainment-ში არა, ფელდისა და მისი სამი ქალიშვილის გულებში – ნამდვილად. სამივე მათგანი – 38 წლის ნიკოლი, 36-ის ალანა და 33-ის ჯულიეტი – კომპანიაში მუშაობს. იმ ბრენდის ირგვლივ აგებულ საოჯახო ბიზნესს, რომლის მთავარი მიმზიდველობა ნოსტალგიაა, წარსულში გაჭედვის რისკები ახლავს. მართალია, ფელდი თავის ბრენდსა და ოჯახის იმიჯს დიდად უფრთხილდება (როგორც ცნობილია, ერთმა ჟურნალისტმა არცთუ სასიამოვნო ისტორია დაწერა მისი ოჯახის შესახებ აწ უკვე დახურულ ჟურნალში, Regardie’s-ში, რასაც, სასამართლო დოკუმენტების თანახმად, CIA-ს ყოფილი ჩინოვნიკის გააქტიურება მოჰყვა), მაგრამ სჯერა, რომ მისი ცირკის განმსაზღვრელი ნიშანი – და, შესაძლოა, გადარჩენის ერთადერთი გზაც – განახლებაა, თუნდაც ცნობადობის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკის ფასად.

“შოუ სულ ვითარდებოდა და იცვლებოდა, – ამბობს ფელდი. – მან ყველანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური ციკლი გაიარა”. წელს პროდიუსერის, ანუ მისი ქალიშვილის, ალანა ფელდის დახმარებით, Ringling Bros.-მა კიდევ ერთხელ უცვალა ცირკს სახე. ივლისში გამოსულ “არაამქვეყნიურში” ფელდის სხვა ბრენდების ელემენტებია გაერთიანებული, შოუ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება და მოქმედება ყინულზე მიმდინარეობს, სადაც კლოუნები და სხვა შემსრულებლები თავიანთ საცირკო ნომრებს ციგურებით ასრულებენ.

ამ ცვლილებების გამოა, რომ მაყურებლისთვის დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, იდგება სცენაზე სპილო თუ არა. ცხოველთა დაცვის აქტივისტთა შეუპოვარი პროტესტის წყალობით, Ringling Bros.-ის საკულტო სქელკანიანი ცხოველები შოუებში ვეღარ ხვდებიან. 2015 წელს ფელდის ოჯახმა განაცხადა, რომ 2018 წლისთვის სპილოებიან ნომრებს აღარ დადგამდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დავაში $25 მილიონი მოეპოვებინა ცხოველების დამცველთა ჯგუფებისგან, რომლებიც ცირკს მხეცებისადმი ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. ეს უფრო ფორმალური გამარჯვება იყო: ლეგალური ბრძოლა 14 დამაზიანებელი წლის მანძილზე გრძელდებოდა, Ringling-ი კი ხმაურიანად დამარცხდა საჯარო იმიჯის წინააღმდეგ გამართულ სპილოს ზომის ომში. “ჩვენთან ხალხი იმის გამო უნდა მოვიდეს, რომ მოსწონს ამ ყველაფრის ყურება, – ამბობს ფელდი. – რატომ უნდა ვიყოთ სკანდალებში გახვეული?” Ringling-ის სპილოები დაგეგმილზე ადრე, მაისში გავიდნენ პენსიაზე და ორლანდოსთან ახლო, ფელდის მფლობელობაში არსებულ ნაკრძალში გადასახლდნენ, თუმცა ცირკს ტურნეებში კვლავ დაჰყავს 80 ცხოველი, მათ შორის, ლომები და ვეფხვები.

ყველა როდი იზიარებს მოსაზრებას, რომ ცირკს შეუძლია, მუდმივად იცვალოს სახე ისე, რომ საკუთარი იდენტობა და მომხიბლაობა არ დაკარგოს. Big Apple Circus-ის ყოფილი უმცროსი სამხატვრო ხელმძღვანელი, დომინიკ ჯანდო, Ringling Bros.-ს “ამერიკული გართობის კომფორტულ საკვებს” უწოდებს და თვლის, რომ კომპანიამ უკვე დაკარგა თავისი ფესვების შეგრძნება. “სპილოების გაშვებასთან ერთად, Ringling-იც გაუშვეს ხელიდან”, – ამბობს ის.

საბოლოო ჯამში, ფელდმა ყველაზე დიდ წარმატებას ცირკის მიღმა მიაღწია. დღეს ის მასიურ გლობალურ საწარმოს ხელმძღვანელობს, რომლის ფონზეც Ringling Bros.-ი კლოუნის პატარა ვაგონში მოთავსებულ ჩიჰუაჰუას ჰგავს (Feld Entertainment-ის შემოსავლების მხოლოდ 15%-მდე მოდის ცირკზე). 2013 წელს Feld Entertainment-ი ახალ, 580,000-კვადრატულფუტიან სათავო ოფისში გადავიდა, რომელიც GE-ს ძველ ქარხანაში, პალმეტოში (ფლორიდა) მდებარეობს და შტატის მესამე ყველაზე დიდი შენობაა. სწორედ ამ შენობაში იქმნება ფელდის ყველა შოუ – კონცეფციითა და კოსტიუმების დიზაინით დაწყებული, პირველი რეპეტიციებით დასრულებული. “ჩვენ ლოგისტიკური და გაყიდვების კომპანია ვართ, – ამბობს ფელდი. – ჩვენი ინვენტარი შოუა”.

ფელდის დანარჩენი შოუები ცირკის ბრენდის ისტორიული ტვირთისაგან თავისუფალნი არიან, თუმცა ცირკის საუკეთესო ელემენტებს მაინც იყენებენ; მაგალითად, წარმოდგენაში “დისნეი ყინულზე”, რაპუნცელის თმების წარმოსაჩენად, ცირკის საჰაერო ხრიკებია გამოყენებული. და მართალია, “ფოლადის გლობუსი” და მისი მოტოციკლისტი არტისტები Feld Motor Sports-ის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენენ, ამგვარ ნომრებს ცირკები საუკუნეებია, იცნობენ. “ცირკი ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტია, – ამბობს ფელდი. – ის ჩვენი აზროვნების მანერის ფუნდამენტია”.

ფელდი საკუთარ თავს სასცენო შემსრულებლად არ აღიქვამს, მაგრამ მისი გრძელვადიანი წარმატება ახალსა და ძველს, ტრადიციასა და განახლებას, სპილოებსა და ყინულს შორის ბეწვის ხიდზე სიარულზე არის დამოკიდებული. “ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, – ამბობს ის. – ესაა მომავალი”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *