TSMC-მ 2024 წელს რეკორდული შემოსავალი მიიღო

TSMC-მ 2024 წელს რეკორდული შემოსავალი მიიღო

Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-მ (TSMC) გასული კვარტალის შემოსავლები გაასაჯაროვა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ჩანს, კომპანია ხელოვნური ინტელექტის ბუმით სარგებლობას აგრძელებს.

მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ კომპანიის მეოთხე კვარტალის შემოსავალმა 868.5 მილიარდი ტაივანური ახალი დოლარი შეადგინა, რაც 26.3 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ეს წინა წელთან შედარებით 38.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები გასულ კვარტალში TSMC-ის მიერ შემოსავლის სახით 850.1 მილიარდი ტაივანური ახალი დოლარის მიღებას პროგნოზირებდნენ.

საერთო ჯამში, 2024 წლისთვის TSMC-ის შემოსავალმა 2.9 ტრილიონი ტაივანური ახალი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 87 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტია. ეს, 1994 წელს კომპანიის საჯაროდ დალისტვის შემდეგ, მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

აქვე აღსანიშნავია, რომ გაყიდვებისა და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდის პარალელურად, TSMC-ის აქციების ღირებულება გასული 12 თვის განმავლობაში 88%-ით გაიზარდა.

TSMC-ის გაყიდვების უახლესმა მაჩვენებლებმა შესაძლოა ინვესტორები დააიმედოს, რომ AI-ჩიპებსა და ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე მაღალი მოთხოვნა 2025 წელსაც შენარჩუნდება.

ცნობისთვის, TSMC ნახევარგამტარებს მსოფლიოს ისეთი მსხვილი კომპანიისთვის აწარმოებს, როგორიცაა Apple-ი და Nvidia.