ძველი თბილისი, აღმოსავლური ხალიჩასავით ჭრელი ქალაქი, არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ მათი პროფესიების მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა. ერთხელ უკვე ვთქვით, რომ ტფილისურ პროფესიათა კრიალოსნის გაგრძელება ლამის უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე თავისებურ და სპეციფიკურ პროფესიას შევეხებით.
ამბობენ, თუკი ქალაქში ვინმეს ახალი ამბის ან ჭორის გაგება უნდოდა, სალაყბოზე უნდა მისულიყო, სადაც ჯერ კიდევ გაუხმაურებელი ამბები ხშირად წინასწარაც კი იცოდნენო. ასეთივე, „ზეპირი გაზეთის“ ფუნქციის შემთავსებელი დაწესებულებები უნდა ყოფილიყო ტფილისური სადალაქოები, სადაც ძველი ყაიდისა და ადათის მიმდევარი მამაკაცები თმა-წვერსაც იწესრიგებდნენ და დალაქის მიერ შეთავაზებული სხვა სერვისებითაც სარგებლობდნენ.
გადმოცემების თანახმად, ძველ თბილისში შეგეძლოთ გენახათ, თუ როგორ იდგა პირდაპირ ქუჩაში ბასრ სამართებელმომართჯვებული დალაქი მუშტრის მოლოდინში – „დალაქები დროს არ კარგავდნენ – თან მუშაობდნენ და თან ბაზარში გაგონილ ახალ-ახალ ჭორსა თუ მართალს ჰყვებოდნენ“.
ქალაქში ხშირად ვრცელდებოდა ტფილისელი დალაქების ნაამბობი, ნამდვილი თუ მოგონილი ამბებიც:
„პარიკმახერი თმას ჰკრეჭს და მაკრატელს ძალიან აჩხარუნებს.
– სწორეთ შენ მაკრატელზე ითქმის რომ, როგორცა ქუხს ისე არა წვიმსო.
– რა ვქნათ, ბატონო, მაშ როგორ გაჩვენოთ, აბაზს რაში ვიღებთ? აი ამ დღეებში ერთი აფიცერი მოვიდა, ისეთი თავმოსვლეპილი, რომ კინკრიხოსთან თუ ორიოდ თმა აქვს, თორემ სულ ხელისგულსავით ტიტველა აქვს. მოიხადა ქუდი და მეუბნება: აბა გასაკრეჭს რას აიღებ ამ თავშიო?
– ერთ აბაზსა მეთქი.
– ქოჩრიანსაც აბაზათა ჰკრეჭავ და მოსვლეპილსაცაო? რა სამართალიაო?
– თქვენზე უფრო ბევრი ჯაფა და დრო მოგვინდება მეთქი.
– როგორ თუ ბევრიო?
– შე დალოცვილო, თითო თმა თითო-თითო უნდა მოვძებნო მეთქი.
– მალადეცო! ორი აბაზი მომცა“.
ენამოსწრებულობასთან ერთად, თბილისელი დალაქები პრესის ფურცლებზე საგაზეთო სარეკლამო ტექსტებითაც იწონებდნენ თავს:
„ილია დემეტრაშვილის საპარიკმახერო სასახლის ქუჩა, თავად-აზნაურთა ქარვასლა – გავმართე ახალი საპარიკმახერო, სადაც ყოველ დღე მსურველთ შეუძლიანთ გაიკრიჭონ და გაიპარსონ. სისუფთავე და სიწმინდე საგანგებოა. ხელოსნები დახელოვნებულნი არიან პარსვა-კრეჭაში. თავის დაბანვა სურნელოვანის წყლით. იქვე რეცხენ ხელთათმანებს. ფასი ყველაფერზე იაფია! საზოგადოების პატივისმცემელი ილია დემეტრაშვილი“.
„გოლოვინის პროსპექტზედ, სამგზავრო ფოსტის პირდაპირ, თავად ართუთინსკი-დოლგორუკის სახლში ახლად გავმართე ევროპიულ გემოვნებაზედ მოწყობილი საპარიკ-მახერო „არსენი“.
ერთია, თუ რას ჰპირდებოდნენ პოტენციურ კლიენტს რეკლამაში, თუმცა ჩანს, რომ თბილისის სადალაქოებში ჰიგიენური თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო სიტუაცია სუფევდა.
1886 წელს ერთ თბილისელ ექიმს საექიმო საზოგადოების კრებაზე პატარა მოხსენება წაუკითხავს იმის თაობაზე, თუ როგორ შეხვდა შავი ჭირი მის ერთ-ერთ პაციენტს დალაქხანაში წვერის მოპარსვის გამო:
„ეს გარემოებაა მიზეზი, რომ ამ დღეებში საექიმო გამგეობის მინდობილობით სანიტარების დასმა დაათვალიერა ტფილისის სადალაქხანოები და დაავალა მათ პატრონთ, რომ სუფთადა გქონდეთ შენახული სახელოსნოებიო“, – წერდა გაზეთი „ივერია“.
უსუფთაობის მიზეზით, 1899 წელს, ტფილისის პირველი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს „პარიკმახერი“ გიორგი აბზიანიძე 30 მანეთით დაუჯარიმებია, იმის გამო, რომ მისი სადალაქო შემოწმების შემდეგ „არა სანიტარულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“.
ტფილისში ყოფნისას, ქალაქელი დალაქების მომსახურებით უსარგებლია ალექსანდრე დიუმასაც – „სარკეში ჩავიხედე, რომ დამენახა რა დღეში შეიძლება ჩააგდონ ჩემი თავი სამ მანეთად. შეშინებულმა შევყვირე. ჩემი მოკლედ შეკრეჭილი თმა წააგავდა ჯაგრისს, მაგრამ არა ტანისამოსისას, არამედ იატაკისას“.
თმა-წვერის მოწესრიგებასთან ერთად, ქალაქში დალაქები ერთგვარ სამედიცინო სერვისსაც კი სთავაზობდნენ მოქალაქეებს. როგორც 1889 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა, მატყუარა დალაქ-ექიმები თამამად დანავარდობდნენ, ატყუებდნენ და ძარცვავდნენ ხალხს:
„ამ დღეებში ჩვენ შეგვხვდა ერთი წინანდალელი გლეხი, რომელიც ბუასილისაგან იყო გალეული და მიღნავებული. საბრალო გლეხი ათის დღის განმავლობაში მიხეილის საავადმყოფოში წოლილა. ამ დროს საიდამაც ყოფილა იმასთან გაჩენილა ერთი ქლესა, მატყუარა დალაქი, რომელსაც სადალაქო მიხეილის ქუჩაზედა აქვს გამართული. ხსენებული დალაქი გადაჰკიდებია გლეხს: გინდა თუ არა გამოდი საავადმყოფოდამ, იმიტო რომ ექიმები ვერ მოგარჩენენ და უბრალოდ გატყუებენო; მე-კი, როგორც გამოცდილი ექიმ-დალაქი, სულ მოკლე ხანში განგათავისუფლებ ავადმყოფობისაგანაო. ამ სიტყვებით თავს ბრუ-დასხმული გლეხი მოტყუებულა და გამოსულა სამკურნალოდგან. დალაქი გარიგებია იმ გლეხს ხუთ თუმნად და წინდაწინ-კი წამლის საფასედ ოცი მანეთი გამოურთმევია. ამ ნაირად დაუწყია დალაქს ექიმობა, მაგრამ მორჩენის მაგიერ უფრო ავად გაუხდია ის გლეხი. ამ ჟამად ეს საწყალი გლეხი მშიერ-მწყურვალი დაიარება და სამადლოდ მათხოვრობს დღიურს საზრდოს“.
დღევანდელისა არ იყოს, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა ძველ თბილისშიც „ძვირი სიამოვნება“ იყო და მოსახლეობის უმეტესობას მასზე ხელი არ მიუწვდებოდა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნაცვლად, ტფილისელები არა მხოლოდ დალაქ-ექიმების და ექიმბაშების, არამედ მკითხავების „სამედიცინო მომსახურებითაც“ სარგებლობდნენ.
ცრუ-ექიმებსა და მკითხავებს ტფილისში ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1990-იანი წლების თბილისის მსგავსად, ქალაქი მკითხავების ბუნაგად იყო ქცეული. მოსახლეობის გულუბრყვილობისა და ცრუმორწმუნეობის გათვალისწინებით კი, ეს უკანასკნელნი, ადამიანების ჯანმრთელობის ფასადაც კი, „ჩეჩქვით ხვეტავდნენ“ ფულს.
მათი „კომპეტენცია“ ლამის უსაზღვრო იყო; ბედისა თუ უბედობის დადგენასთან ერთად, მკითხავები წვრილად უამბობდნენ კლიენტებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, პოულობდნენ დაკარგულ ნივთებს, ადგენდნენ ქურდების ვინაობას და თქვენ წარმოიდგინეთ, ცოფის მკურნალობასაც კი იჩემებდნენ.
მაგალითად, 1880 წელს, ტფილისის ერთ-ერთ უბანში ცოფიან ძაღლს პატარა ბიჭი დაუკბენია. მშობლებს ვიღაც მკითხავისთვის მიუმართავთ, მას კი ბავშვისთვის წამალი მიუცია და უთქვამს, „ორმოცი დღე რომ შეუსრულდეს დაკბენილს, ორის დღის განმავლობაში ნუ დააძინებთო. მართლაც, არ დაუძინებიათ, მაგრამ სწორეთ ორმოცზე ყმაწვილი გაცოფიანებულა; მშობლებს ლოგინზედ დაუკრავთ ის, მაგრამ აუხსნია თოკი და თავის პატარა დისათვის მხარზე უკბენია; მეორე თუ მესამე დღეს ეს ყმაწვილი მომკვდარა“.
რამდენიმე წლის შემდეგ, ტფილისში „სპარსეთიდამ“ კიდევ ერთი მკითხავი ჩამოსულა, რომელთანაც თურმე „დიდ-ძალი ხალხი დაიარება, არამც თუ უმეცარი, თვით გონება-გახსნილი საზოგადოებიდამაც“, აქაოდა, „ყოველგვარ ავადმყოფობას არჩენსო“.
„ამ დღეებში მისულა მასთან ერთი მასწავლებელი ქალი თავის მეგობარ ქალთან ერთად მომავალის ბედის შესატყობად. მკითხავს ესენი ბნელ ოთახში შეუყვანია, ჩაუკეტია კარები, ხელი წაუვლია მასწავლებელი ქალისათვის და გაუნამუსოება მოუწადნია“.
ერთი სიტყვით, ქალაქში დაბუდებული მკითხავები ხალხს ატყუებდნენ და მაქსიმალურად ყვლეფდნენ, პარალელურად კი, ავადმყოფთა მოსარჩენად იმისთანა „საშუალებებს“ იყენებდნენ, რომ მათი ქმედებებით, მინიმუმ, იმ დროის სამართალდამცავები უნდა დაინტერესებულიყვნენ და „წამლობის“ ნება აღარ მიეცათ.
ამგვარი ცრუ-ექიმების კვალდაკვალ, ტფილისში მოიძებნებოდნენ მკითხავები, რომლებიც ექიმობის შემთავსებელი კოლეგებისგან განსხვავებით, ადამიანის ჯანმრთელობით არ თამაშობდნენ, თუმცა არანაკლები ენთუზიაზმით ყვლეფდნენ ტყუილებით გასულელებულ ცრუ-მორწმუნეებს:
„ერთი ვიღაც ავლაბარში მცხოვრები ნახარაზალი, რომელიც უწინ პატიოსანის შრომით გამოდიოდა, დღეს თურმე მკითხაობას დასდგომია. ისეთი მჭრელი სიტყვა აქვს თურმე, რომ სახელ-უთქმელი და ხელ-დაუდებელი არაფერი გადურჩება. ამიტომ ბევრჯელ ციხეშიაც მჯდარა, მაგრამ მკითხაობას მაინც არ იშლის.
დგას თვითონ სარდაფში, ტახტზე ფეხ-მოკეცილი ზის, წინ სიპი ქვა და პურის ყუა უძევს და ხელთ ანთებული წმინდა სანთელი უჭირავს. ჯერ პირჯვარს დაიწერს და პურს დახედავს, სიპ ქვას დააცქერდება. ამ ნაირად შეუდგება ხოლმე თავისს წინასწარმეტყველობას.
აუარებელი მუშტარი გარს ახვევია. ხანდახან ხალხსაც დაითხოვს ხოლმე, შეკრული ვარო, და ხშირის ზმორებითა და მანჭვა-გრეხით თვითონაც შესწუხდება. ამით ზეგარდმო შთაგონების ჟამი მოუვლის ხოლმე“.
ასევე, 1882 წელს, ქალაქში გამოჩენილა ვინმე – მილანა, ცრუ წინასწარმეტყველი, რომელსაც კლიენტების გაყვლეფის საქმეში მთელ ქალაქში სახელგანთქმული ნინო კოდელისთვისაც კი გადაუჭარბებია:
„ბევრმა თურმე დიდი და დაბალ კაცის ცოლებმა, ქალებმა, ღენერლებმა, პოლკოვნიკებმა, მაიორებმა, ყმაწვილ-ქალობამ და კაცობამ თაყვანი სცეს მილანას ცრუ ტაძარს, მოჭედილს შავი მაუდით და ბუზმენტით, სადაც ერთ კუნჭულში სტოლზედ გამოიჭყიტება გამხმარი ადამიანის თავი, – შეიტანეს ამ ტაძარში რამდენიმე მანეთი თავისი მსხვერპლი.
ამ ტაძარში გროვდება უფრო მრავალი მრევლი, ვიდრე ჩვენ ეკლესიებში სალოცავად! რამდენიმე დიდი-კაცის ქალები ორი დღე ზედაზედ, დილას და საღამოს, დადიოდნენ მილანასთან საკითხავად. ამ ვითარებით მილანას ყუთში გროვდება თურმე დღეში ექვს თუმნამდინ!
რამ შეაცდინა ჩვენი დიდ-კაცობის ცოლები და სხვა პირები, კაცს ვერ გაუგია. კაცი რომ შიმშილით იხრჩობოდეს, ეს ხალხი ძლივ გამოიმეტებს მისცეს იმას შემწეობა, ხელი გაუმართოს, მილანას კი გულ-უხვად ფულებს აყრიან.
რომ ვიანგარიშოთ ფაიტონის და სხვა ხარჯი, მილანას ცრუ ტაძარში შესვლა თითო პირს უჯდებათ არა ნაკლებ ხუთი მანათისა. ნუ თუ აქნობამდენ ესენი ვერ დარწმუნდნენ, რომ მილანამ არც აწმყო იცის კაცისა, და ვერც იმის მომავალს გაიგებს?!“
ექიმბაშ-მკითხავებისგან და დალაქ-ექიმებისგან განსხვავებით, თბილისელთა ჯანმრთელობაზე ნამდვილად ზრუნავდნენ ბაზრის ზედამხედველები, ქალაქის სანიტარული კომისია და სასანიტარო დასები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ უვარგისი, ვადაგასული და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია ქალაქის ბაზარსა და დახლებზე არ მოხვედრილიყო.
1890-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში ქალაქის ლაბორატორიაც გაუხსნიათ, რომლის ოთახები ისე ჩინებულად ყოფილა მოწყობილი, რომ „ყოველივე საქიმიო აპარატები და მაშინები თავ-თავისს რიგზედ სდგას და მუშაობას არ დაუშლის, გინდა სამი-ოთხი ლაბორანტი იჯდეს შიგ. ყურადღებას იქცევს მაშინები, რომელიც ისეა მომართული, რომ ქიმიურად გაისინჯოს საჭმელ-სასმელი სანოვაგე და შემოწმებულ იქმნას მისი ღირსება; მაგალითად, გაისინჯოს რძე, ღვინო, ერბო, ხორცი და სხვანი“.
ამ ფონზე, ძველი ქართული პრესა აჭრელებული იყო ცნობებით იმის შესახებ, რომ:
„სანიტარულმა კომისიამ გასინჯა რამდენიმე გასტრონომიული მაღაზიები და ხორაგეულების დუქნები. უპოვნიათ დამპალი ძეხვი, გაფუჭებული ლორი და გამოუსადეგი ხმელი თევზი. ყველა ეს გაფუჭებული ხორაგი პოლიციამ გადააყრევინა“;
„ქალაქის ექიმთა კომისიას გაუსინჯავს ძეხვ-ლორის დუქანი ჯოვანისა და მეტის-მეტი უსუფთაო აღმოჩენილა. არამც თუ თითონ ოთახია, სადაც ძეხვს ამზადებენ, უსუფთაო და დაძველებული, სტოლები და ყუთებიც-კი ჭუჭყით სავსე ყოფილა. კომისიას ოქმი შეუდგენია და სასამართლოში მიუციათ ჯოვანი“;
„ქალაქის საბჭოს მკურნალმა აღმოაჩინა, რომ ბეჟან ქობულოვისა და კონო ჟუჟიევის კალბასის დუქნები, რომელნიც მადათოვის კუნძულზედ არიან, არა სანიტარულ მდგომარეობაშია, რის გამოც შუამდგომლობაა აღძრული პოლიცმეისტერის წინაშე ამ დუქნების გაუქმების შესახებ“.
ოქმების მიხედვით, არა მხოლოდ ხორცპროდუქტებით მოვაჭრე, თუ მწარმოებელ დუქნებში, ქალაქის ზოგიერთ საყასბოშიც მძიმე ვითარება სუფევდა, როგორც პროდუქციის ვარგისიანობის თვალსაზრისით, ისე სანიტარული კუთხით.
„სასანიტარო ექიმს ჩვენის ქალაქის ბაზარ-მეიდნებში 53 დუქანი და სავაჭრო ადგილი დაუვლია: თათრის მეიდანზე, მეტეხის აღმართში, რიყეზე, შეიტან ბაზარსა, იარმუკაზე, თავ. მუხრანსკის ეზოში და სხვ. […] ბაზრის ქუჩაში ყასაბს იოსებ ბარხუდაროვს 15 გირვანქა გაფუჭებული ხორცი უნახა, რომელიც წაართვა და გადააყრევინა“;
„სასანიტარო მეთერთმეტე დასი ძლიერ გულ-მოდგინედ შეუდგა საქმეს. სხვათა შორის, ამ დასმა დაათვალიერა ქალაქის საყასპოები და გადასწყვიტა, რომ ეს საყასპოები ისე უსუფთაოდ ყოფილა შენახული, რომ იმის დაწმენდა-დასუფთავება შეუძლებელია და ამის გამო ეს საყასპოები სულ უნდა გაუქმდეს და სხვა გაიმართოსო“.
აქტიურად ქვეყნდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ქალაქში გავრცელებული გამაგრილებელი, თუ ალკოჰოლური სასმელების დამზადების ტექნოლოგია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ამავდროულად კი მათში შემავალი ნივთიერებები სახიფათო იყო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„ქალაქის ლაბორატორიამ ყურადღება მიაქცია სანიტარებისა და იმ გარემოებას, რომ ევგენი ზემელის ქარხანაში მომზადებული შუშხუნა წყლები ძალიან უსუფთაოდ კეთდებაო. სიფონში და ზელცერის წყალში ჭიანჭველები ტივტივებდნენ. ბატონმა პოლიცმეისტერმა გაგზავნა ლაბორატორიაში შესამოწმებლად ერთი ბოთლი მსხლის წყალი, რომელიც საშინელი მღვრიე იყო და შიგ მკვდარი კრაზანა ტივტივებდა“;
„ქალაქის სამკურნალო სასანიტარო ინსპექტორმა სთხოვა პოლიცმეისტრის თანამდებობის აღმასრულებელს განკარგულება მოახდინეთ, რომ აიკრძალოს „სპარსული ლიმონათის“ გაყიდვა, რადგან ეს სასმელი წარმოადგენს შაქრით გამტკბარსა და ჯანმრთელობისათვის მავნებელ საღებავებით შეღებილს უბრალო წყალსაო“.
ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები, მათ შორის, „წითელის ფერის მისაცემად – ანილინის საღებავი, რომელიც დიდად მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის“ ხშირად ხვდებოდა იმ ღვინოებშიც, რომლებსაც ქალაქის სარდაფებში ყიდდნენ:
„აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა-და-სხვა საღებავით იყო შეღებილი. ამიტომ გადაწყვიტეს ხშირად გასინჯონ ხოლმე ღვინოები და პასუხის გებაში მისცენ, ვისაც შეღებილი და საერთოდ გაფუჭებული ღვინოები აღმოუჩნდებოდა“.
ამგვარი ღონისძიებების მიუხედავად, რამდენი ვაჭარიც არ უნდა ეიძულებინათ ქალაქის ექიმს, სანიტართა დასებსა თუ პოლიციის მოხელეებს, რომ უვარგისი პროდუქცია გადაეყარათ, რიგი მიზეზების, პირველ რიგში კი, მოსახლეობის სიღარიბის გამო, სასურველი შედეგის მიღწევა თითქმის გადაუჭრელი ამოცანა იყო – ვადაგასული თუ უვარგისი პროდუქცია ბევრად იაფად იყიდებოდა, მტკვარში გადაყრილ მკვახე, შემოუსვლელ ხილს კი ღარიბი მობანავეები იჭერდნენ და სახლში მიჰქონდათ.
P.S. ქალაქის დაქირავებულ მოხელეთა კვალდაკვალ, ტფილისში ზოგჯერ თვითმარქვია სანიტარებიც კი მოქმედებდნენ. მაგალითად, 1895 წელს ქალაქში ერთი ვაჟბატონი გამოჩენილა, რომელიც თურმე ცხენით დაიარებოდა ქუჩებში და „როდესაც-კი შეხვდება რომელსამე მემაწვნეს, დააყენებს ქუჩაში, გაუსინჯავს მაწონს და აბაზსაც ართმევს თურმე; ამასთანავე, ტყუილი სანიტარი, მაწვნის შემოწმების დროს უთუოდ აღმოაჩენს რამდენსამე ქილას უვარგისს მაწონს და განსაცვიფრებლად სწორედ ისეთს, რომლებიც საუკეთესოა, გადაასხამს მაწონს თავის ჭურჭელში, რომელიც მას ხურჯინში უდგას, ვითომდა გასასინჯად და მიაქვს თავისთვის. ხოლო თუ ადგილი აღარ მოეძებნება ჭურჭელში, მაშინ უბრძანებს სახლში მიუტანონ დანიშნული ქილები“…