ცუკერბერგი: Meta-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი AI სუპერკომპიუტერი შექმნა

ცუკერბერგი: Meta-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი AI სუპერკომპიუტერი შექმნა

Meta-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი შექმნა, რომელიც მეტავერსს რეალობად აქცევს, – ამის შესახებ  კომპანიის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ზე დაწერა.

“Meta-მ შექმნა ის, რაც, ჩვენი აზრით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერია. მას AI Research SuperCluster-ს ვუწოდებთ, შემოკლებით კი RSC-ს. ის გამოცდილებები, რომლებსაც მეტავერსისთვის ვქმნით, წარმოუდგენელ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვენ (კვინტილიონი ოპერაციები / წამში!) და RSC-ი ხელოვნური ინტელექტის ისეთ მოდელებს შექმნის, რომლებსაც ტრილიონობით მაგალითის დასწავლა, ასობით ენის გაგება და უამრავი სხვა რამ შეეძლება“, – ვკითხულობთ ცუკერბერგის განცხადებაში.

Meta-ს მიერ ამგვარი განცხადება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სუპერკომპიუტერის შექმნა ასეთი მასშტაბის კომპანიებისთვის აუცილებლობა უფროა, ვიდრე გამონაკლისი – ცნობისთვის, საკუთარი სუპერკომპიუტერები Microsoft-სა და Nvidia-საც აქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, Meta-ს RSC-ი კონკურენტებისგან განსხვავებული იქნება – ალგორითმების დასწავლისთვის Meta მას საკუთარ მრავალპროფილურ ბიზნესებში გამოიყენებს, მათ შორის Facebook-ზე სიძულვილის ენის აღმოსაჩენად და Instagram-ზე გაფართოებული რეალობის კიდევ უფრო ჩასაშენებლად. ამასთანავე, RSC-ი მეტავერსის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენიც იქნება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ RSC-ი ხელოვნური ინტელექტის სრულიად ახალი სისტემების შექმნაში დაგვეხმარება, რომლებიც, მაგალითად, დიდი აუდიტორიისთვის ხმოვანი საუბრის გადათარგმნას რეალურ დროში შეძლებენ, რათა ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, უპრობლემოდ იმუშაონ ან AR-თამაშებით გაერთონ“, – აღნიშნულია Meta-ს ინჟინრების, კევინ ლისა და შაბჰო სენგუპტას ბლოგში.

სუპერკომპიუტერზე მუშაობა Meta-მ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო – იმ დროს Meta-ს (მაშინ კი Facebook-ის) ინჟინრებმა კომპიუტერის შექმნა ნულიდან დაიწყეს და დღეს პირველი ფაზა დაასრულეს. Meta-ს სუპერკომპიუტერი Nvidia GGX A100-ის 760 სისტემისგან შედგება, რომლებშიც, ჯამურად, 6080 ურთიერთდაკავშირებული GPU გვხვდება. მოსალოდნელია, რომ სუპერკომპიუტერის შექმნის მეორე ეტაპი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება – იმ დროისთვის კომპიუტერს 16 ათასი GPU ექნება. შედარებისთვის გეტყვით, რომ Microsoft-ის AI სუპერკომპიუტერი 10 ათასი GPU-სგან შედგება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *