ტურისტების ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოში მე-12, ევროპაში კი მე-4 ადგილზეა

ტურისტების ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოში მე-12, ევროპაში კი მე-4 ადგილზეა

ტურიზმის მსოფლიოს ორგანიზაცია (UNWTO) მსოფლიოში ტურისტების რაოდენობის შესახებ 2018 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გასულ წელს ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპით, საქართველო მსოფლიოში მე–12, ხოლო ევროპის რეგიონში მეოთხე ადგილზე იყო.

კერძოდ, მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს საქართველოს 4.7 მლნ ტურისტი ეწვია, რაც 16.9%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. საქართველოზე მაღალი ზრდა მსოფლიოში მხოლოდ 11 ქვეყანას ჰქონდა, ევროპის რეგიონში კი 4–ს. ევროპის რეგიონი UNWTO-ს კვლევაში 54 ქვეყანას აერთიანებს.

გასულ წელს საქართველოზე მაღალი ზრდა შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა:

· ტაჯიკეთი – 190.1%

· სლოვენია – 23.4 %

· თურქეთი – 21.7%

· ვიეტნამი – 19.9%

· ირანი – 49.9%

· ნეპალი – 24.8%

· ეკვადორი – 51%

· კომოროსი – 28.2%

· უგანდა – 31.9%

· ეგვიპტე – 36.8%

· პალესტინა – 20.5%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 4 756 820 ტურისტი შემოვიდა, რაც 687 466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე. ტურისტებში მოიაზრებიან ის პირები, რომლებიც 24 საათი და მეტი ჩერდებიან ქვეყანაში. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, 7,6 პროცენტი იყო, რაც 2017 წელთან შედარებით 19 პროცენტით მეტია.

2017 წელს ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველო მეოთხე ადგილზე იყო, წლიური 27.9%–იანი ზრდით.

2018 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტი საფრანგეთს ეწვია (89 მლნ), ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია – 214 მლრდ დოლარით.

ტურისტების რაოდენობით, მეორე ადგილს მსოფლიოში ესპანეთი იკავებს (83 მლნ), ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლითაც მეორე ადგილზეა (74 მლრდ დოლარი), მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანა -საფრანგეთი კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა (67 მლრდ დოლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *