CAPA-ს (Centre for Aviation) მიხედვით, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი პანდემიის პერიოდში ევროპის ყველაზე დატვირთული ავიაკომპანია იყო, ხოლო მსოფლიო მასშტაბით დატვირთულობის მიხედვით ტოპ-5 ავიაკომპანიათა რიცხვში შევიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მათი მოქნილი ნაბიჯების შედეგია, რაც კომპანიას ლიკვიდურობისა და ფასების შენარჩუნებაში, ასევე ახალ რეალობასთანაც ადაპტირებაში დაეხმარა.
Turkish Airlines-მა 2020 ფისკალური წელი $6.7-მილიარდიანი შემოსავლით დაასრულა, ეს კი 2019 წლის მაჩვენებლის 50%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ავიაკომპანიამ მიმართულებების ქსელის შენარჩუნებაც შეძლო. Eurocontrol-ის მიხედვით, 2021 წლის აპრილში Turkish Airlines-ი დღეში საშუალოდ 685 ავიარეისს ასრულდებდა, რაც ევროპულ კონკურენტ ავიაკომპანია Lufthansa-სთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
რაც შეეხება 2020 წლის შეჯამებას, Turkish Airlines-ი 28 მლნ მგზავრს მოემსახურა, დატვირთულობა საშუალოდ 71% იყო. ამჟამად ავიაკომპანია 179 საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს ფრენებს, მათ შორის 16 – ქვეყნებს შორის, 58 კი კონტინენტებს შორის რეისებია.
როგორც Turkish Airlines-ში აცხადებენ, კომპანიამ გლობალურ ე.წ cargo-მიმართულებით, ბაზარზე თავისი წილი გაზარდა. შედეგად შემოსავალი ამ მიმართულებიდან 2009 წლის შემდეგ (0.6%) 2020-ში 4.7%-მდე გაზარდა. 2021 წლის თებერვალში 20-დან ერთი cargo-რეისი სწორედ Turkish Cargo-ზე მოდიოდა, რომელიც Turkish Airlines-ის ერთ-ერთი შემადგენელი კომპანიაა. ცნობისთვის, Turkish Cargo-მ 50 000 სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირება მოახერხა, მათ შორის 45 მლნ-ზე მეტი კოვიდ-ვაქცინის დოზის ტრასპორტირება მსოფლიო მასშტაბით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ახალი აეროპორტი, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ტრაფიკი 68%-ით შემცირდა, ევროპის მაინც ყველაზე წარმატებულ აეროპორტად მიიჩნიეს, სადაც, 2021 წლის მარტის მონაცემებით, საშუალოდ 616 რეისი ხორციელდებოდა.